Accessibility links

მუზეუმი ონში - აშენდება ის, რაც არსებობს და რაც 3 წლის წინაც შენდებოდა


23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება. ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არსებობს და ფუნქციონირებს, საუბარია ახალ შენობაზე.

“რეგიონული განვითარება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა საქართველოში ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინკლუზიური ზრდისთვის საუკეთესო სექტორი ტურიზმია. მაღალმთიან რეგიონებში ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ონში აშენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრამდე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამცნო წლის დასაწყისში საზოგადოებას, რომ ონს ახალი მუზეუმი ექნებოდა.

ონის მუზეუმის აშენების პირობა 2016 წელსაც დადო ქართულმა ოცნებამ.

“სულ მალე ონში იქნება ახალი, ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდენეობის მუზეუმი. ეს დიდი განძია სრულიად საქართველოსთვის“, - თქვა საპრეზიდენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატმა და ახლა უკვე პარლამენტარმა, გოჩა ენუქიძემ. 2016 წელს ონის მუნიციპალიტეტმა ტენდერიც გამოაცხადა მუზეუმის პროექტირებაზე, რაშიც 50 000 ლარამდე თანხას იხდიდა.

2016 წელს ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის აშენებაში მონაწილეობის პირობა დადო ბიძინა ივანიშვილმაც. მისი თქმით ამ პროექტის განხორციელებას “თიბისი ბანკი” აპირებდა, თვითონ კი მზად იყო 4,5 მილიონიანი პროექტისთვის ფულადი დახმარება გაეწია. მაშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ ამ პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფდა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მამუკა ხაზარაძე უარს იტყოდა მასში მონაწილეობაზე.

ონის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ პროექტს, რომლის ღირებულებაც ახლა უკვე დაახლოებით 8 მილიონი ლარია, ამჯერად მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაფინანსება კი საპარტნიორო ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ პროექტში ჩართული არ არის, თუმცა 2016 წელს უკვე მომზადებული იყო მუზეუმის ახალი შენობის გეგმა და ეს გეგმა შეუძლიათ გამოიყენონ, ვინაიდან ის მან წლების წინ სახელმწიფოს გადასცა.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1948 წელს დაარსდა და 1952 წელს გაიხსნა.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნა, 1952 წელი
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნა, 1952 წელი

1991 წელს რაჭაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმის შენობა ნაწილობრივ დაანგრია და მნიშვნელოვნად დააზიანა. გადაწყდა ახალი მუზეუმის აგება რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა თანამედროვე სამუზეუმო პირობებს. მშენებლობა მართლაც დაიწყო, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ახალი შენობა არ აშენებულა. 1998 წელს ძველ შენობას რეკონსტრუქცია და რესტავრაცია ჩაუტარდა. 2009 წლის მიწისძვრამ ხელმეორედ მნიშვნელოვნად დააზიანა მუზეუმის შენობა. მუზეუმში დაცულია 14 000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა.

მუზეუმი ავარიული შენობის მიუხედავად ფუნქციონირებს და დამთვალიერებლებს ჩვეულებრივ მასპინძლობს.

ახალი მუზეუმის შენობის აშენება არსებულისგან მოშორებით იგეგმება და მასში როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ თქვა განთავსდება ბიბლიოთეკა და საბავშვო სივრცეც. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიის მიხედვით მუზეუმის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG