Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ ახალი წელი ახალგორელებისთვის


„რამდენიმე ადამიანმა გზის დაკეტვის გამო უკან ვეღარ მოახერხა დაბრუნება და, უკვე მეოთხე თვეა, სახლებიდან და ოჯახებიდან შორს უწევთ ცხოვრება. მათგან გამოვყოფ ერთ ახალგაზრდა დედას, რომელიც თბილისში მეოთხე შვილის გასაჩენად წავიდა. ქმარი აქეთ მოჰყვა და ცოლს ვერაფრით ეხმარება. 4- შვილიანი დევნილის დახმარებით ცხოვრება რთულია. საახალწლოდ ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას, მასზე გაჭირვებულებიც, მაგრამ რისი საშუალებაც გექნებათ, იქნებ გავახაროთ? ვკონტაქტობ მასთან და არც ერთხელ დაუჩივლია თუნდა პამპერსი, ჩასაცმელი ან საკვები... სახლში დაბრუნება უნდა მხოლოდ“. - ეს პოსტი ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა.

ოთხი შვილის დედა, ქმრის უსაფრთხოებისთვის, ჟურნალისტებთან არ ურთიერთობს, ოთხი შვილის მამას კი, 4 თვეა, ახალდაბადებული შვილი არ უნახავს. ამ პოსტის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. კომენტატორები მრავალშვილიანი დედის დახმარების სურვილს გამოთქვამენ. ახალგორში, ამ მრავალშვილიანი ოჯახის მსგავსად, სხვა არაერთი ოჯახია ორ ნაწილად გაყოფილი, ოკუპაციის ხაზს იქით და ხაზს აქეთ დარჩენილები. ერთმანეთის ნახვის სურვილი აქვთ, მაგრამ ახალგორის ე.წ. გამშვებ პუნქტზე უკვე ოთხი თვეა, გადაადგილება

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ დაბაში ხმაც გავრცელდა, რომ 25 დეკემბრიდან 5 დღით გზა გაიხსნებოდა, ახალგორელებიც მოემზადნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მაშინვე არ დაიჯერა ეს ინფორმაცია. თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ხმები პერიოდულად ვრცელდება ხოლმე, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლები ამას მაშინ დაიჯერებენ, როცა გახსნილ გზას საკუთარი თვალით დაინახავენ.

თამარ მეარაყიშვილს, 2 წელი და სამი თვეა, დაბის დატოვება და თბილისისკენ გადაადგილება შეზღუდული აქვს. პასპორტი ჩამორთმეული აქვს და სასამართლოში მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს დიდი დრო შეალია. მართალია, რამდენიმე პროცესი მოიგო, მაგრამ ეს დიდ ენერგიას, ნერვებს და ფინანსებს მოითხოვს. მუდმივი მიმოსვლა ცხინვალსა და ახალგორს შორის, მუდმივი ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და სხვებისთვის მაგალითის მისაცემად, უფლებისა, რომლის დარღვევაც ცხინვალის ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თამარის შვილი თბილისშია, თვითონ, მშობლებთან ერთად, - ახალგორში. წელს სარდაფიდან ნაძვის ხე არც ამოუტანია. გადაწყვიტა, არ დადგას. ამბობს, რომ განწყობას ნაძვის ხე კი არა, ახლობელი ადამიანები და მათთან ყოფნა ქმნის. ახლობელი ადამიანები კი ჩაკეტილი გზის იქით არიან.

ახალგორი
ახალგორი

თამარისთვის განსხვავებული ახალი წელი იქნება - წელი, როცა საკუთარ შვილსა და დას ახალი წლის დადგომას ინტერნეტით მიულოცავს, ვიდეოზარით ერთმანეთს მოიკითხავენ და დალოცავენ, ცრემლსაც დაღვრიან. მერე დიდხანს, გათენებამდე, ილაპარაკებენ და, ბოლოს, შეხვედრისა და გზის გახსნის სურვილით ერთმანეთს დაემშვიდობებიან და ასე... გზის გახსნამდე შემდეგშიც გააგრძელებენ ონლაინმოკითხვებს. მაგრამ ახალგორში ბევრს - განსაკუთრებით მოხუცებს - ამის საშუალებაც არა აქვს და მათთვის ახალი წელი შვილებისა და შვილიშვილების, თუნდაც, ინტერნეტჟრიამულის გარეშე ჩაივლის.

თამარი გვიყვება, რომ დაბის სკვერი გაანათეს, ნაძვის ხეც დადგეს, მაგრამ ადამიანები მაინც დაღვრემილები დადიან, ბავშვები კი ... რაც არ უნდა იყოს, მაინც მხიარულობენ. პროდუქცია კი ახალგორში სულ უფრო მეტად ძვირდება. მაგალითად, მანდარინი იქ სამჯერ ძვირია, ვიდრე თბილისში.

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელების თხოვნით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიმართ მცირე ღია წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გზის ჩაკეტვის გამო არაერთი ადამიანი რაიონის გარეთ რჩება, ისინი სამედიცინო დახმარების მისაღებად გავიდნენ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. ახალგორელები ბიბილოვს სთხოვენ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს მოქალაქეები ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდნენ.

ახალგორი
ახალგორი

ცხინვალში კი ახალგორელების პრობლემები ისევ არ ესმით. მხოლოდ ის გადაწყვიტეს, რომ მძიმე ავადმყოფებს, ადგილობრივი ექიმების რეკომენდაციით, და პენსიონერებს ათასში ერთხელ გაუხსნან გზა. ბიბილოვის ხელისუფლება ახალგორელებისა და უკვე ვაჟა გაფრინდაშვილის პრობლემის მოგვარებასაც ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას უკავშირებს. საქართველოს ხელისუფლება საგუშაგოს დემონტაჟს არ აპირებს, ბიბილოვი კი ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფ ახალგორელებს არც გზას უხსნის და ჯერ არც ექიმის გათავისუფლებაზე ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები ამ პრობლემების მოსაგვარებლად მთელი მსოფლიოდან ისმის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG