Accessibility links

ორი 17 მაისი


ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში. 2012 წელი

ორ დღეში, 17 მაისს, საქართველოში ორი 17 მაისი აღინიშნება. ერთი 17 მაისი - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მსოფლიოს 130 ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს, და მეორე 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება.

წელს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღის აღნიშვნას მართლმადიდებლური ეკლესია და მრევლი ვარდების მოედანზე დაიწყებს და მსვლელობით გაემართება სამების საკათედრო ტაძრისკენ. როგორც საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საყოველთაო ჯვრისწერა. საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. საპატრიარქოს განმარტებით, ეს ის დაქორწინებული წყვილები არიან, რომლებსაც ჯვარი არ აქვთ დაწერილი. საპატრიარქოს განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში ერთდროულად 40-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. გარდა ამისა, საპატრიარქოსავე განცხადებით, 17 მაისს დაილოცება 300-მდე მრავალშვილიანი ოჯახი, უფრო ზუსტად კი, ექვსშვილიანი. 17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე, საქართველოში 2014 წლიდან პატრიარქის ინიციატივით აღინიშნება.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი - 2013 წლის - 17 მაისიდან ზუსტად ერთი წლის თავზე გამოცხადდა. 2013 წლის 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოს 130 ქვეყანაში 2004 წლიდან აღინიშნება, თბილისში ლგბტქი აქტივისტებისა და უფლებადამცველებისთვის დრამატულად დასრულდა. ამ დღეს დედაქალაქის ცენტრში აიდაჰო შეკრება რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა დაარბიეს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით ადამიანი რამდენიმე აქტივისტს დაუპირისპირდა. აქტივისტებმა ტერიტორია სამართალდამცავების დახმარებით დატოვეს.

ლგბტქი აქტივისტები და უფლებადამცველები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას წელსაც აპირებენ. ისინი, გასული წლის მსგავსად, მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან, მათი წლევანდელი გზავნილი კი იქნება „ერთად თანასწორობისათვის“. აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„2018 წლის 17 მაისს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ: 90-იანი წლებიდან დღემდე სიძულვილსა და უთანასწორობას ვუყურებთ უკლებლივ ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე მის მომაკვდინებელ შედეგებსაც უკლებლივ ყველა ჩვენგანი ვიმკით. სიძულვილით უკვე არაერთხელ ვცადეთ და, ბუნებრივია, არაფერი გამოგვივიდა, ნგრევის გარდა. ღრმად გვწამს, რომ ახლა დროა, სოლიდარობით, ერთობლივი შრომითა და ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ საზოგადოებრივი თანაცხოვრება. გავიხსენოთ და ამით დავივიწყოთ ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა!“

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისა და, ამასთანავე, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღის „აღნიშვნას“ აპირებს რადიკალურად განწყობილი ჯგუფი, „საქართველოს ეროვნული ერთობა“, რომლის წარმომადგენლებიც საკუთარ თავს „ფაშისტებად და ნაციონალ-სოციალისტებად“ მოიხსენიებენ. როგორც მათ ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, 17 მაისთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ინფორმაციას ისინი უახლოეს დროში გაავრცელებენ.

როგორც 15 მაისს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მართლმადიდებლური ეკლესია ემიჯნება აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას:

„გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ ჩვენი მსვლელობა არანაირად არ უკავშირდება რაიმე ტიპის აგრესიას. ჩვენ გვინდა, რომ ეს დღე იქცეს ნამდვილ დღესასწაულად. ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამდაგვარი განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან. გარდა ამისა, გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიის გამოვლინება ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იქნეს აღკვეთილი“.

რაც შეეხება მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციას, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, საპატრიარქოში განმარტავენ:

„ნებისმიერი შეცდომილი ადამიანი ეკლესიისთვის არის ისეთივე შვილი, რომელსაც სჭირდება სიყვარული და მზრუნველობა. ჰომოფობია და ტრანსფობია ხელოვნური ტერმინებია. ყველანაირი აგრესიის წინააღმდეგნი ვართ. რაც შეეხება ამ დღის აღნიშვნას, გააჩნია, რას აღნიშნავენ ისინი და რისკენ მოუწოდებენ ადამიანებს, თორემ ეკლესია ემიჯნება ყველანაირ აგრესიას. გიყვარდეთ ცოდვილნი, მაგრამ გძულდეთ მათი საქმენი“.

2018 წელს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილია „გაერთიანებები სოლიდარობისათვის“. 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის, ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ბრძოლას ვერ მოიგებ მარტო. ჩვენ ყველას გვჭირდება მტკიცე გაერთიანებები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოების ცნობიერების, გულების შეცვლა“.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG