მოლდოვა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით ჩამოაშორა ხელისუფლებას პრეზიდენტი იგორ დოდონი და მისი უფლებამოსილება გადასცა პაველ ფილიპს, დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილესა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.
პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს პაველ ფილიპმა მიმართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკში აღმოჩნდა, უარი თქვა პარლამენტის დათხოვნაზე და ახალი კოალიციის მხარე დაიჭირა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მოჰყვა თებერვლის საპარლამენტო არჩევნებს, ახალმა კოალიციამ პარლამენტის სპიკერად აირჩია მოლდოვის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, დოდონთან დაახლოებული ზინაიდა გრეჩანი, ხოლო კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად - პარტია PAS-ის („მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“) ლიდერი მაია სანდუ, რომელსაც ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა.
მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტი აღიარებს სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას ყოფილი ანტისახალხო მთავრობის მიერ, რომელმაც დაკარგა მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა.
ამგვარად, მოლდოვაში ორხელისუფლებიანობა შეიქმნა - ორი პრეზიდენტითა და ორი მთავრობით.
ერთ მხარეს აღმოჩნდა პაველ ფილიპი და მთავრობის ძველი შემადგენლობა, მისი პოლიტიკური საყრდენით, დემოკრატიული პარტიით, რომლის ლიდერი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკია.
მეორე მხარესაა ბლოკი „აკუმი“ („ახლავე“) და მოლდოვის სოციალისტური პარტიის ლიდერი, ამჟამად უკვე ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან უფრო მჭიდრო სიახლოვეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნის პარლამენტმა, „სოციალისტებისა“ და ბლოკ „აკუმის“ („ახლავე“) უმრავლესობის სახით, სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა ყოფილ მმართველი დემოკრატიული პარტიის მთავრობა და უკანონოდ გამოაცხადა წინა მინისტრთა კაბინეტი და მისი თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი.
შესაბამისი განცხადება საზოგადოებას გააცნო პარტია PAS-ის („მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“) ლიდერმა მაია სანდუმ, რომელიც 8 ივნისს გამართულ საპარლამენტო კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნა არჩეული.
„მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტი აღიარებს სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას ყოფილი ანტისახალხო მთავრობის მიერ, რომელმაც დაკარგა მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა და ნაცვლად იმისა, რომ მშვიდობიანი გზით გადაებარებინა ხელისუფლება, გადაწყვიტა წასულიყო დესტაბილიზაციის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს და ძალისმიერ სტრუქტურებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები“, - ნათქვამია მოლდოვის პარლამენტის 8 ივნისის განცხადებაში.
მოლდოვური გორდიას კვანძი
ოლიგარქიული რეჟიმი შლის საზღვრებს ხელისუფლების შტოებს შორის. ანუ მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს პოლიტიკური მოსაზრებებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სინამდვილეში დიდი ხნის წინ შეწყდა.რადუ ბენია
წინა დღით მოლდოვაში საკმაოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა. ქვეყნის მრავალი სახელმწიფო დაწესებულება ბლოკირებული აღმოჩნდა უცნობი პირების მიერ, რომლებმაც კარვები გაშალეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს წინ.
კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე კი საპროტესტო აქციებს განაგრძობს დემოკრატიული პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პაველ ფილიპია.
სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება მოლდოვაში დიდად არავის გაჰკვირვებია, რადგან ითვლება, რომ ხელისუფლების ყველა შტოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აკონტროლებდა დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უჭირავს, მიჩნეულია, რომ სწორედ მოლდოველი ოლიგარქი აკონტროლებს მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ხელისუფლების ყველა შტოს.
"ოლიგარქიული რეჟიმი შლის საზღვრებს ხელისუფლების შტოებს შორის. ანუ მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს პოლიტიკური მოსაზრებებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სინამდვილეში დიდი ხნის წინ შეწყდა, რეფორმები მოჩვენებით ხასიათს ატარებს, დეკლარაციულად და ფორმალურად ტარდება, ხოლო ის დიდი იმედები, რასაც დემოკრატებზე ვამყარებდით 2009 წლის შემდეგ, მოლდავეთის ევროპული გზის სულ მთლად დასაწყისში, დიდი იმედგაცრუებით დამთავრდა", - ამბობს რადუ ბენია, რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის თანამშრომელი.
როცა დიქტატორი მიდის, ჩნდება შესაძლებლობა და ჩვენ ვალდებული ვართ ეს შანსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გავათავისუფლოთ ისინი ოლიგარქიული გავლენისაგან.მაია სანდუ
მაგრამ მას შემდეგ, რაც სოციალისტურმა პარტიამ და ბლოკმა „აკუმმა“ კოალიციური ფორმირების შესახებ განაცხადეს, დემოკრატიულ პარტიას ხელიდან გამოეცალა საკანონმდებლო ხელისუფლება, რასაც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქის შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ პლაჰოტნიუკმა პარლამენტის 8 ივნისის გადაწყვეტილება შეაფასა როგორც ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
დემოკრატთა ლიდერის განცხადების თანახმად, მას მოეპოვება მტკიცებულება, რომ სოციალისტური პარტია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ამ პარტიის ყოფილ ლიდერთან, 8 ივნისამდე ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონთან, საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
ამასობაში მოლდოვის შიგნით არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ლიბერალურ-დემოკრატიულმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „აკუმმა“, კოალიციის შექმნა სოციალისტურ პარტიასთან, რომლის ფორმალური ლიდერი, იგორ დოდონი, გამოკვეთილად პრორუსული ძალაა მოლდოვაში, ხშირად მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ფორუმებში და ვლადიმირ პუტინის ერთგულ მოკავშირედაა მიჩნეული.
სოციალისტებთან კოალიციაში გაერთიანებას ტაქტიკური მოსაზრებით ხსნის პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ, რომელიც მიიჩნევს, რომ პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს ბრძოლა იმ ძალის წინააღმდეგ, ვისაც სახელმწიფო ფაქტობრივად დაპყრობილი ჰყავს.
„როცა დიქტატორი მიდის, ჩნდება შესაძლებლობა და ჩვენ ვალდებული ვართ ეს შანსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გავათავისუფლოთ ისინი ოლიგარქიული გავლენისაგან და გავაკეთოთ ისე, რომ ვერავინ, მათ შორის ვერც დოდონმა, ვერ გაიმეოროს ეს სამწუხარო გამოცდილება. მაგრაь ახლა დიქტატორი პლაჰოტნიუკია და ბრძოლა საჭიროა მის წინააღმდეგ“, - განაცხადა მაია სანდუმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში.
საერთაშორისო რეაქცია მოლდოვის კრიზისზე
მოლდოვის ხალხი იმსახურებს ფუნქციონირებად მთავრობას, რომელიც შეძლებს მუშაობის განახლებას მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.აშშ-ის საელჩო
მაია სანდუმ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულმა პარლამენტმა 8 ივნისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია, 11 ივნისს მთავრობის სხდომა მოიწვია პარლამენტის შენობაში, დემოკრატიული პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულმა პაველ ფილიპმა კი მთავრობის შენობაში გამართა თავისი კაბინეტის პარალელური სხმოდა.
მთავრობები ერთმანეთის ლეგიტიმურობას არ ცნობენ, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ჯერჯერობით ექვემდებარებიან ფილიპის მთავრობას და ახალი კაბინეტის წევრებს თავიანთ კაბინეტებში არ უშვებენ, რის გამოც მათ სხდომა პარლამენტის შენობაში გამართეს.
ვაშინგტონმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას „მიაღწიონ შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად“. აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მიიჩნევენ, რომ არჩეულ თანამდებობის პირებს უნდა მიეცეთ მაქსიმალური დრო შეთანხმების მისაღწევად. „მოლდოვის ხალხი იმსახურებს ფუნქციონირებად მთავრობას, რომელიც შეძლებს მუშაობის განახლებას მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად“, - ნათქვამია მოლდოვაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამ განცხადების ანალოგიურია მოლდოვაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, პეტერ მიხალკოს, რეაქცია.
მოლდოვაში შექმილ პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა მეზობელი რუმინეთის პრეზიდენტიც. კლაუს იოხანისმა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა პატივი სცენ „დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“ და დაიწყონ დიალოგი კრიზისის გადასაჭრელად.
მოლდოვის პოლიტიკური კრიზისის ფონზე საყურადღებოა რუსეთის დამოკიდებულება. მოსკოვიც ემხრობა კრიზისის გადაჭრას დიალოგის გზით, თუმცა, ერთი დათქმით: „მოსკოვი მიესალმება მოლდოვის რესპუბლიკაში მმართველი კოალიციისა და მთავრობის ფორმირებას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფეისბუკში გავრცელებულ განცხადებაში.
კრიზისის განმუხტვის მიზნით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პაველ ფილიპმა 6 სექტემბრისათვის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
(მომზადებულია რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის მასალების მიხედვით)
დაწერეთ კომენტარი