Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქსფამი: უმდიდრესი 26 ადამიანი იმავე ქონებას ფლობს, რასაც მოსახლეობის ღარიბი 50 პროცენტი


მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 26 ადამიანი იმავე ქონებას ფლობს, რასაც მოსახლეობის ღარიბი ნახევარი - 3,8 მილიარდი ადამიანი. სიღარიბის დაძლევაზე მომუშავე ორგანიზაციის, Oxfam-ის მიერ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წარდგენილი ანგარიშის თანახმად, გლობალური უთანასწორობა გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მილიარდერების ქონება, წინა წელთან შედარებით, 900 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამასთან, მსოფლიოს უღარიბესი 3,8 ადამიანის საერთო ქონება 11%-ით შემცირდა. ასევე:

10 წლის წინ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მილიარდერების რიცხვი თითქმის გაორმაგდა;

  • 2017 და 2018 წლებში, ყოველ ორ დღეში ერთი ადამიანი მილიარდერი ხდებოდა;
  • მილიარდერების ქონება ყოველდღიურად 2,5 მილიარდით იზრდებოდა;
  • ჯეფ ბეზოსი Amazon-ის დამფუძნებელი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი, რომელიც 112 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა 2018 წელს. მისი სიმდიდრის მხოლოდ 1 პროცენტი ეთიოპიის, სადაც 105 მილიონია მოსახლეობა, ჯანდაცვის თითქმის მთლიანი ბიუჯეტის ტოლია.

ოქსფამის ცნობით, უმდიდრესი ადამიანების გადასახადების 0,5%-ით გაზრდა საკმარისი იქნებოდა სკოლის გარეთ დარჩენილი 262 მილიონი ბავშვისთვის განათლების მისაწოდებლად. ასევე, 3,3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაც ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არ აქვთ.

ოქსფამის ინფორმაციით, მილიარდერების რიცხვი, რომელიც იმავე ქონებას ფლობენ, რასაც კაცობრიობის ნახევარი, 2018 წელს 26-მდე შემცირდა. 2017 წელს ეს რიცხვი 43 იყო, 2016 წელს კი - 61.

ანგარიშის მიხედვით, უმდიდრესები 7,6 ტრილიონ დოლარს მალავენ გადასახადებისგან. კორპორაციები ასევე მალავენ ფულს ოფშორში. საერთო ჯამში ეს განვითარებად ქვეყნებს ყოველწლიურად 170 მილიარდ დოლარს ართმევს.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG