Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკან დახევა თუ შეღავათი? - პროკურატურა, 4 ოქტომბრის საქმეზე, აღიარების სანაცვლოდ, საპროცესოს აფორმებს

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებს უფორმებს. ახალი პირობა - აღიარების სანაცვლოდ 3-წლიანი პირობითი მსჯავრია, ძველი აღიარება და ერთი წლით პატიმრობა იყო. ახალმა და უკეთესმა პირობამ აღიარებისკენ მათაც უბიძგა, ვინც მანამდე უარზე იყო.

„საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი აღიარებაა“, - ასე დაიწყო თავისი მოკლე გამოსვლა სასამართლო სხდომაზე ოთხი ოქტომბრის აქციის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ და გამოთქვა მზაობა რომ „მოუსმენს ყველას, ვისაც აღიარება სურს“.

ეს სისხლის სამართლის საქმე ხუთ ნაწილადაა გაყოფილი. იმ ჯგუფში, სადაც მოსამართლე გიორგი გელაშვილია 15 ბრალდებულია გაერთიანებული:

  1. დავით ჟღენტი;
  2. ალექსანდრე გოგოლაძე;
  3. კახაბერ მჟავანაძე;
  4. ევა შაშიაშვილი;
  5. დავით სტურუა;
  6. გოჩა ყატაშვილი;
  7. სულხან აბრალავა;
  8. კონსტანტინე კოკაია;
  9. გიორგი ჩახუნაშვილი;
  10. ზაქრო ალბუთაშვილი;
  11. ია დარახველიძე;
  12. დათო ღურწკაია;
  13. გენადი კელიხაშვილი;
  14. რამაზ ჯორბენაძე
  15. ჯანდრი თირქია.

ბრალდებულებიდან რვამ უპასუხა პროკურორის შეთავაზებას თანხმობით, რომ „აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოს ხდიან“. შვიდი უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე.

შეთანხმების პირობა სამწლიანი პირობითი მსჯავრია, ეს ნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე ბრალდებულები სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებიდან.

საპროტესტო შეთანხმებაზე თანახმანი არიან:

1. ალექსანდრე გოგოლაძე;
2. გოჩა ყატაშვილი;
3. სულხან ამბალავა;
4. რამაზ ჯორბენაძე;
5. ჯანრი თირქია;
6. გენადი კეხილაშვილი;
7. და დავით ღურწკაია;
8. ევა შაშიაშვილი.

ბრალს არ აღიარებენ და მოსამართლის განაჩენს დაელოდებიან ბრალდებულები:

1. დავით სტურუა;
2. დავით ჟღენტი;
3. ზაქრო ალბუთაშვილი;
4. კახაბერ მჟავანაძე;
5. გიორგი ჩახუნაშვილი;
6. ია დარახველიძე;
7. ალექსანდრე კოკაია.

მათგან სამმა სასამართლოს სიტყვითაც მიმართა.

ზაქრო ალბუთაშვილის თქმით, ის უდანაშაულოა, არც უძალადია და არც სტრატეგიული ობიექტის ეზოში შეჭრა უცდია.

„მე ვარ უდანაშაულო, მე ვასრულებდი სამშვიდობო მისიას, იქ თუ რამე არ მოხდა, ჩემი დამსახურებაც არის… წამართვეს სამსახური, წამართვეს ხელფასი, წამართვეს ყველაფერი… ნადგურდება ჩემი ოჯახი”, - თქვა მან.

„ტყუილზე ხელის მოწერაა“ კახაბერ მჟავანაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

„რა უნდა ვაღიარო ან რა არის საღიარებელი? ვინმემ ამიხსნას, რა დავაშავე, მე არაფერი გამიფუჭებია, არაფერი დამიშავებია, ტყუილზე ხელს ვერ მოვაწერ, ვერ ვაღიარებ იმას რასაც მედავებიან, მითუმეტეს ჯგუფურად, ჯგუფი არ ვართ მითუმეტეს“, - თქვა მან.

მოკლე და მკაფიო იყო დავით სტურუას სიტყვა: „არ იქნება საპროცესო, არ იქნება ვაჭრობა, არ ვეთანხმები შეურაცხმყოფელ ბრალს, არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ“.

„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს საქმე „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობაა.

ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული, ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.

დაკავებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვთ წაყენებული. მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე, შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

ბრალდებულ ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატის გიორგი ჭოჭუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპროცესო შეთანხმებას პირობის გამო დათანხმდა. მანამდე პროკურატურა აღიარების შემთხვევაში, არა დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, არამედ ერთი წლით დაპატიმრებას სთავაზობდა.

„გარკვეული პერიოდის წინ, ჩვენ გვქონდა საუბარი 1 წელ რეალურ სასჯელზე, ამ პირობას არ დავეთანხმეთ, დღეის მდგომარეობით პირობა ასეთია, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სხდომის დარბაზიდან, შესაბამისად, შემოთავაზება მისაღები იყო და დაეთანხმა“, - ამბობს გიორგი ჭოჭუა.

მას მიაჩნია, რომ ალექსანდრე გოგოლაძემ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის გათვალისწინებით „ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო“, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა „არ ჰქონდათ გარანტია, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო განაჩენს გამოიტანდა“.

უკვე არსებობდა გამოცდილებაც, როცა იგივე საქმეზე, იდენტური მუხლებით, დაკავებული ბრალდებულები, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 5 წლით დააპატიმრა. ორგანიზატორობაში ბრალდებული პოლიტიკოსები კი 7 წლით.

„მიგვაჩნია, რომ რისკზე წასვლა არ ღირდა და ბრალდების მხარის მიერ ის დათმობა, რაზეც წავიდა, ალექსანდრე გოგოლაძისთვის მისაღები იყო, მისთვის თავისუფლებაში, მის ოჯახთან ყოფნა მნიშვნელოვანია“, - თქვა ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ.

63 წლის ალექსანდრე გოგოლაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, მას სპეციფიკური მკურნალობა და გარემო სჭირდება. გულის ინფარქტიც აქვს გადატანილი. მისი ჯანმრთელობის პრობლემები არც ერთ ეტაპზე არ გაიზიარა სასამართლომ და ყველა ჯერზე პატიმრობაში დატოვა. მისთვის პატიმრობის მე-9 თვე დაიწყო.

პირობების შეცვლის შემდეგ დათანხმდა საპროცესოს გაფორმებას კიდევ ერთი ბრალდებული რამაზ ჯორბენაძე. მისი ადვოკატი, მარიამ ძირკვაძე „საპროცესოს გაფორმებას უკანონო პატიმრობისგან თავის დაღწევის სამართლებრივ გზად მოიხსენიებს“.

რატომ შეცვალა საპროცესოს პირობები პროკურატურამ?

„დათმობა და კეთილი ნება იყო“, - ამბობს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.

„შესაძლოა, უკან დახევაც ვუწოდოთ, მათ პირობები შეამსუბუქეს ბრალდებულების სასიკეთოდ“, - ამბობს ადვოკატი, მარიამ ძირკვაძე.

პროკურორი როინ ხინთიბიძე ადვოკატების შეფასებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ახალი და უკეთესი პირობა არა უკან დახევა, არამედ „შეღავათია“.

„არავის მხრიდან არც უკან დახევა ყოფილა და არც სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეწყობა, სწრაფი მართლმსაჯულება ვეღარ მოხდება ამ საქმეზე ვინაიდან, ეს საქმე დასრულებულია, ერთადერთი ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ მათ გავუწიოთ გარკვეული შეღავათი იმის, გამო, რომ მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ინანიებენ მას...“, - თქვა როინ ხინთიბიძემ.

კითხვაზე, რატომ შესთავაზეს უფრო მკაცრი პირობა იმ ბრალდებულებს, რომლებიც თავიდანვე [საქმის განხილვის დასაწყისში] თანახმა იყვნენ შეთანხმებაზე და რა შეიცვალა ახლა, პროკურორს კონკრეტული პასუხი არ ჰქონია.

საპროცესოს მსურველი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის შეთავაზება, საქმის სწრაფად განხილვასაც შეუწყობდა ხელს და დაკავებულები წინასწარ პატიმრობაშიც ნაკლებ დროს დაყოფდნენ.

ამ კითხვას ადვოკატებიც სვამენ, თუმცა ბრალდებულების ინტერესების დაცვის მოტივით, პასუხების ძიებას საჯაროდ აღარ ცდილობენ. „აქედან უკვე პოლიტიკა იწყება“, - ამბობს მარიამ ძირკვაძე.

„პროკურატურამ ერთიანი მიდგომა გამოიყენა...გარდამტეხი მათი აღიარება იყო“, - აცხადებს პროკურორი, როინ ხინთიბიძე.

დანაშაულის აღიარება საპროცესო შეთანხმების საფუძველია. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდადებულს, ისე პროკურორს.

5 ივლისის მონაცემებით, პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას, ჯამში 15 დემონსტრანტს გაუფორმებს.

კიდევ შვიდი ბრალდებულის სახელი და გვარი 2 ივლისს გახდა ცნობილი, 4 ოქტომბრის საქმის სხვა ჯგუფის სასამართლო განხილვაზე.

ესენია:

  1. ალექსანდრე ხაბეიშვილი;
  2. ბექა ქელეხსაშვილი;
  3. გიორგი მულაძემ;
  4. მამუკა ლაბუჩიძე;
  5. გურიელ ქარდავა;
  6. თემურ ქურციკიძე;
  7. და ავთანდილ სურმანიძე.

მართალია საქმე ერთია, მაგრამ ბრალდებულების რაოდენობის გამო, საქმის განხილვა ცალ-ცალკე და პარალელურად მიმდინარეობს. ამის გამო, პროკურატურა ელის, რომ საპროცესოს მსურველთა სია კიდევ შეიცვლება.

ზუსტი სიის შედგენის შემდეგ, იმ პირთა საქმე, რომელთაც პროკურატურა საპროცესოს გაუფორმებს, გამოეყოფა მათ, რომლებიც, როგორც ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს „ბრძოლის გზას ირჩევენ“ ანუ ბრალს არ აღიარებენ.

საპროცესოს გასაფორმებლად ცალკე სხდომა ჩატარდება. მოსამართლის დასტურის შემთხვევაში ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მხარეები ვარაუდობენ, რომ ეს მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება.

მომავალ კვირას ელიან განაჩენს ისინიც, ვინც საპროცესოზე უარს ამბობს.

„ჩვენ, ადვოკატები დასაცავ პირებს ვუხსნიდით პოლიტიკური მდგომარეობის, წინა გადაწყვეტილებას, როცა ორგანიზატორებად მოხსენიებულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არც ერთ ჩვენგანს, ადვოკატებს კი არა, ბრალდებულებსაც კი არ აქვთ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი. ამის მიუხედავად მათ კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება“, - ამბობს დავით ჟღენტის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.

პროკურატურა კი განაჩენის გამოცხადებამდე აძლევს დროს ფიქრისთვის მათ, ვინც დღეს უარზეა.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG