4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე 7 დემონსტრანტს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
როგორც დღეს, 2 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, ბრალდებულებმა ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მულაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, თემურ ქურციკიძემ და ავთანდილ სურმანიძემ აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ ინანიებენ ჩადენილს, რაც გახდა კიდეც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა.
დანაშაულის აღიარება საპროცესო შეთანხმების საფუძველია.
საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდადებულს, ისე პროკურორს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ, დასრულდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე.
"საქმეზე, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა 5-მა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ამ განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზე. უშუალოდ სხდომის დაწყების წინ დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმებაზე", - თქვა პროკურორმა.
შესაბამისად, ლაშა ცქვიტარიას თქმით, შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება 3 წლის ვადით პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში გათავისუფლდებიან.
პროკურორის თანახმად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა გააჩინა აღიარებამ, რომ "მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში, რაც განხორციელდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე".
როგორც ლაშა ცქვიტარია განმარტავს, სასამართლოში საქმე იხილება ხუთ ეპიზოდად. ამ საქმეების ფარგლებში რამდენიმე ბრალდებულს უკვე მიმართული აქვს სახელმწიფო ბრალდებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. "მათი ნაწილი დაკმაყოფილებულია და ადვოკატებს მომდევნო სხდომებზე ეტაპობრივად ეცნობებათ", - თქვა პროკურორმა.
ვის არ მიუმართავს საპროცესოს მოთხოვნით
იმ 12 ბრალდებულიდან, რომელთა საქმეც დღეს განიხილებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურისთვის არ მიუმართავთ აბო ნავერიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, ნანა სანდერს, მარიამ მეყანწიშვილსა და ანტონ უპერს.
როგორც ნანა მეყანწიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ, ის არც აპირებს პროკურატურისთვის მიმართვას.
"რა შედეგიც არ უნდა დადგეს, არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ საპროცესოზე მიმართვას, რადგან ის წუთ-ნახევრიანი ვიდეო, რასაც მედავებიან, არის სრული აბსურდი. შესაბამისად, ისეთი განცდა მაქვს, რომ უნდა ვაღიარო ის, რაც არ გამიკეთებია და ის, რაც რეალურად დანაშაული არ არის, თუ ამ საკითხს სამართლებრივად შევხედავთ. მაქვს იმის განცდა, რომ მოსამართლე ქალბატონი, თამარ მჭედლიშვილი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩემთვის ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არის გამამართლებელი განაჩენი", - თქვა ნანა მეყანწიშვილმა.
ვახტანგ ფიცხელაურის ადვოკატის, ლექსო მერებაშვილის თქმით კი, პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობაზე ის გაესაუბრება თავისი დაცვის ქვეშ მყოფს.
"შეუძლებელია დღევანდელ პირობებში სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი განაჩენის მოლოდინი გქონდეს. აქედან გამომდინარე და პროკურატურის შემოთავაზებული პირობების მიხედვით, ვაპირებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ვახტანგ ფიცხელაურთან, გავიარო ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოზიცია იყო, რომ არ მიმართავს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მისი და უკანონოდ დაკავებული სხვა ადამიანების თავისუფლება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის მოცემულობა, რაც შეიქმნება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ", - თქვა ლექსო მერებაშვილმა.
საქმეზე ბრალდებული კიდეც ერთი დემონსტრანტის, კონსტანტინე კოკაიას ადვოკატის, ანა ბერიას თქმით, პროკურატურა ბრალდებულს მანამდე საპროცესო შეთანხმების სხვა პირობას სთავაზობდა - "1 წელი რეალური ანუ ციხეში მოხდით", რაზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უარი განაცხადა.
64 წლის კონსტანტინე კოკაიას ბრალად ედება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"დღეს შეიცვალა ბრალდების მხარის პოზიცია. მათ შეამცირეს პირობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ - პირობა არის 3 წელი სრულად პირობითი. მე ვალდებული ვარ, ვნახო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დაველაპარაკო. ამ ეტაპზე კონსტანტინე კოკაიას პოზიცია ჩემთვის უცნობია. მოლოდინი მაქვს, რომ უარს განაცხადებს", - თქვა ანა ბარიამ.
„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს საქმე „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობაა.
ამ საქმეზე 65 ადამიანი იყო ბრალდებული, პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.
საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2026 წლის 7 მაისს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
4 ოქტომბრის საქმე
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე, შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.
ფორუმი