Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანამის დოკუმენტები, ოფშორები და ფულის სამრეცხაოები


ლიონელ მესი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია, რომლის სახელსაც პანამის დოკუმენტებში ვხვდებით. ბევრი სხვა ვარსკვლავიც, სპორტსმენი თუ ხელოვანი სარგებლობდა "მოსაკ-ფონსეკას" მომსახურებით. პანამის დოკუმენტებში ნახსენებია აგრეთვე ასობით ბიზნესმენი და პოლიტიკოსი - მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი 12 პოლიტიკური ლიდერი: ბიძინა ივანიშვილი, პეტრო პოროშენკო, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ზიგმუნდურ დავიო გუნლაუგსონი.

პანამის დოკუმენტები, ოფშორები და ფულის სამრეცხაოები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00

„გასაიდუმლოებული ოფშორები და გასაიდუმლოებული საბანკო ანგარიშები ისეთივე გავრცელებული პრაქტიკაა, როგორც მექრთამეობა, ფარულ ინტერესთა კონფლიქტი, ფულის გათეთრება თუ გადასახადებისათვის თავის არიდება. ეს ყველაფერი ქვეყანას არა მხოლოდ შემოსავლებს აკარგვინებს, არამედ ძირს უთხრის ინსტიტუტებისა და ხელისუფლებისადმი მოქალაქეების ნდობას“, - აღნიშნავს ლორ ბრიუ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელი.

პანამის დოკუმენტებში არ არის ლაპარაკი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტზე, მაგრამ ნახსენებია მასთან დაახლოებული რამდენიმე პირი, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის ნათლიის, ჩელისტ სერგეი როლდუგინის ჩათვლით. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, როლდუგინს ეკუთვნის, სულ ცოტა, ასი მილიონი დოლარი ოფშორულ კომპანიებში.

"მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ იმავე სერგეი როლდუგინს, რომელზეც არის საუბარი, მოაფიქრდებოდა იქ ნაშოვნი მთელი ფულის დახარჯვა მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად", - ასე გაამართლა მეგობარი ვლადიმირ პუტინმა.

მასალები, რომელიც 2016 წლის აპრილში „პანამის დოკუმენტების“ სახელწოდებით გასაჯაროვდა, ასახავს ჩრდილოვან ფინანსურ ოპერაციებს ფართოდ გავრცელებული სქემით.

  • როდესაც პირს სურდა დაემალა ფული და მისი წარმომავლობა საგადასახადო ორგანოებისათვის, იგი შუამავლის საშუალებით ან პირადად უკავშირდებოდა პანამაში დარეგისტრირებულ კომპანია "მოსაკ-ფონსეკას".
  • იურიდიული ფირმა უზრუნველყოფდა კლიენტისათვის ფიქტიური კომპანიის დაარსებას, ანგარიშის გახსნას და, საჭიროების შემთხვევაში, ფიქტიური დირექტორის შერჩევას, რომელიც ახორციელებდა ყველა ტრანსაქციას.
  • ფიქტიური დირექტორი ყველა ქაღალდს ისე აწერდა ხელს, რომ ამისათვის არ იყო საჭირო არც რეალური მფლობელის და არც საკუთარი თავის გამჟღავნება.
  • შედეგად, ნამდვილ მფლობელს ისე შეეძლო შეეძინა უძრავი ქონება, აქციები და სხვა აქტივები, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში არ გაემხილა საკუთარი ვინაობა.

ოფშორული კომპანიების გზით ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების გამოძიება მხოლოდ „პანამის დოკუმენტებით" არ დასრულებულა.

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის (OCCRP) ბოლო ანგარიშმა ფარდა ახადა 9 მილიარდამდე დოლარის გათეთრების გლობალურ სქემას, რომლის უკანაც რუსეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ბანკი დგას.

"და მაინც, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“, - ამბობს პოლ რადუ, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის (OCCRP) კოორდინატორი. - „რეალობა კი ისაა, რომ არსებობს ფულის მრავალი სამრეცხაო და არა მხოლოდ ისეთები, რომლებიც ეხმარებიან აზერბაიჯანისა და რუსეთის, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ელიტებს. არსებობს ფულის ისეთი სამრეცხაოები, რომლებიც მსხვილ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, მათ შორის მექსიკელ ნარკომოვაჭრეებს ემსახურებიან".

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG