Accessibility links

პანგოლინი, ღამურა და დონალდ ტრამპი


„ერთი რამ, რაც გვაცალკევებს ჩვენი წინაპრებისგან და მნიშვნელოვნად განასხვავებს ჩვენს გამოცდილებას სხვა ეპოქების გამოცდილებისგან - ეს არის ეპიდემიური დაავადების, როგორც ადამიანის ყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორის, გაქრობა“ - დაწერს 1983 წელს ბრიტანელი ისტორიკოსი უილიამ მაკნილი, ავტორი კლასიკური - დღემდე! - წიგნისა „შავი ჭირი და ხალხი“.

ამ წიგნის დაწერიდან ზუსტად სამ წელიწადში შიდსის ეპიდემიას სულ ცოტა 100 000 ადამიანი შეეწირება. ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი უკვე 40 მილიონს აჭარბებს. რაც შეეხება COVID-19-ის პანდემიას, ის ისეთი სისწრაფით ასალმებს ხალხს სიცოცხლეს და ისე რადიკალურად ცვლის ჩვენს ყოფას, რომ შესაძლებელია, პანდემიების ისტორიის ყველა ტრაგიკული რეკორდი მოხსნას...

„რეალობა ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა, ვინაიდან მხატვრული ლიტერატურა ვალდებულია დარჩეს შესაძლებლობების ჩარჩოებში, რეალობა კი არა“ - აფრთხილებდა ისტორიკოსებს მარკ ტვენი. იღეს კი ყურად ისტორიკოსებმა ეს გაფრთხილება? მარკ ტვენმა და შიდსის ეპიდემიამ თუ არა, COVID-19-მა მაინც დაანახვა ისტორიკოსებს, რომ ისტორიას უყვარს ღალატი და რომ ისტორია განსაკუთრებით იმ ფატალისტ-ოპტიმისტ ისტორიკოსებს ღალატობს, რომლებსაც ისტორიის დეტერმინიზმისა და პროგრესის სჯერათ.

თუმცა „შიდსმოხდილმა“ ისტორიკოსმა თავისუფლად შეუძლია ამტკიცოს, რომ 40 მილიონიანი მსხვერპლის მიუხედავად ამ ეპიდემიას არანაირი გეოპოლიტიკური მიწისძვრა არ გამოუწვევია და სავარაუდოდ მას ვერ გამოიწვევს ვერც კოვიდის პანდემია, რომელსაც ბევრად უფრო მოკლე დღე უწერია.

და მაინც, დიდია შანსი, რომ პანგოლინის და ღამურას შემთხვევითმა შეხვედრამ უკვე გამოიწვია ტექტონური ძვრები პლანეტის ყველა კონტინენტზე. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, არც ბერლინის კედელი დანგრეულა, არც საბჭოთა კავშირი გაუჩინარებულა და არც ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენები ჩამონგრეულა... არა, არაფერი ამის მსგავსი არ მოხდარა... მაგრამ ისტორიამ ხომ გვასწავლა, თუ რა დიდ ზეგავლენას ახდენს ისტორიულ პროცესზე მისი უდიდებულესობა შემთხვევა?! ხომ გახსოვთ, რომ თვით კარლ მარქსი, მსოფლიოს ყველაზე დეტერმინისტი ისტორიკოსიც კი აღიარებდა, რომ „ისტორია ძალიან მისტიკური იქნებოდა შემთხვევითობას რომ მასში არანაირი როლი არ ეთამაშა“ და რომ "ისტორიული პროცესის აჩქარება ან შენელება შემთხვევითობებზეა დამოკიდებული“...

შეიძლება კი აქედან დავასკვნათ, რომ უჰანის ბაზარზე პანგოლინის და ღამურას მოულოდნელმა შეხვედრამ ააჩქარა ტრამპის დაცემა, ამერიკის ნორმალიზაცია და მისი უკან კალაპოტში ჩადგომა? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უჰანის შემთხვევითმა პაემანმა შეანელა პოპულისტური ტალღა ამერიკაში? თუ პოპულიზმი საზოგადოების ღრმა სტრუქტურული ცვლილებებითაა განპირობებული და მას ტრამპის წასვლა-არწასვლა ვერაფერს დააკლებს? ეჰ, მოკლედ ისტორიკოსი ამ ფატალიზმს ვერსად ვერ გაექცევა...

და რაც შეეხება ევროპას - იქნებ უჰანში პანგოლინისა და ღამურას უცაბედმა შეხვედრამ ევროკავშირის ფედერალიზაციას მისცა არნახული ბიძგი?

რა თქმა უნდა, დროის გაგებას დრო, ბევრი დრო სჭირდება. ასე რომ, ჯერ ემოციები უნდა დაილექოს, ნისლიანი აზრები გაიფანტოს და მხოლოდ მერე შევძლებთ დაბეჯითებით ვთქვათ, თუ რა ტექტონური ძვრები გამოიწვია ან არ გამოიწვია COVID-19-ის პანდემიამ. თუმცა დღეს უკვე ერთი რამის მტკიცება შესაძლებელია: მომავალში, ოცდამეერთე საუკუნის 20-იანი წლების ეპოქაზე მსჯელობისას, ვერანაირად ვერ უგულებელვყოფთ ვერც უჰანის იმპროვიზებულ ბაზრობას და ვერც ამ ბაზრობის ერთ-ერთ დახლზე პანგოლინისა და ღამურას მოულოდნელ შეხვედრას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG