Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი ჩინეთში შეხვდა კომპარტიის „მთავარ იდეოლოგსა“ და პარლამენტის თავმჯდომარეს

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ჩინეთში პირველი ოფიციალური ვიზიტისას შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ვან ჰუნინგს - როგორც დასავლურ მედიაში უწოდებენ, პარტიის „მთავარ იდეოლოგს“.

ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი, კომიტეტის სტრუქტურაში არსებული „ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის“ (CPPCC) თავმჯდომარე. ის მეოთხე ნომერია პარტიულ იერარქიაში.

პაპუაშვილი ასევე შეხვდა ჭაო ლეძის, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც პარტიულ იერარქიაში კიდევ უფრო მაღალ, მესამე ადგილს იკავებს - პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრემიერ-მინისტრ ლი ციანის შემდეგ).

ვან ჰუნინგი - „ჩინეთის კისინჯერი“

71 წლის ვან ჰუნინგი მიიჩნევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლანდელი სისტემის უკან არსებული არაერთი თეორიის, სლოგანისა თუ პოლიტიკური კონცეფციის ავტორად.

არის ერთ-ერთი იმ იშვიათ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინის ნდობით არიან აღჭურვილები.

„ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენცია“ (CPPCC), რომელსაც ის თავმჯდომარეობს, არის ერთ-ერთი უმაღლესი საკონსულტაციო ორგანო. პარტიის პოლიტბიუროშია 2002 წლიდან.

ვან ჰუნინგი (მარცხნიდან მეორე) და პრეზიდენტი სი ძინპინი (შუაში) პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, 2017 წლის 25 ოქტომბერი.
ვან ჰუნინგი (მარცხნიდან მეორე) და პრეზიდენტი სი ძინპინი (შუაში) პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, 2017 წლის 25 ოქტომბერი.

გარდა პრეზიდენტ სი ძინპინისა, იგი იყო ჩინეთის წინა ორი პრეზიდენტის, ჰუ ძინტაოსა (2003-2013) და ძიანგ წემინის (1993-2003) მრჩეველი.

ესპანური გამოცემა El Pais წერს, რომ 2017 წელს პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტში მაღალ თანამდებობაზე განმწესებისას, ის კურირებდა იდეოლოგიისა და პროპაგანდის საკითხებს.

ამჟამად ის ასევე კურირებს ტაივანისა და რელიგიის საკითხებს, - რაც ჩინეთის ორი უმთავრესი პრიორიტეტია.

მაგალითად, ვან ჰუნინგი 2026 წლის 11 მაისს შეხვდა ტაივანის ოპოზიციური პარტიის, გომინდანის (KMT) თავმჯდომარის მოადგილე ჩან ჯუნ-კუნს. შეხვედრა გაიმართა ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც „გომინდანის“ თავმჯდომარე ჩენგ ლი-ვუნი პეკინში შეხვდა პრეზიდენტ სის.

სხვადასხვა მედია თუ აკადემიური წყარო სხვადასხვა ეპითეტს იყენებს ვან ჰუნინგის დასახასიათებლად: „ნეოავტორიტარიზმის“ (რეფორმისტული პოლიტიკური აზრის) მიმდევარი, „ჩინური ოცნების არქიტექტორი“.

ზოგიერთი მას ასევე უწოდებს „ჩინეთის კისინჯერს“.

ჰენრი კისინჯერი - მედიის მიერ „დიპლომატიის გროსმაისტერად“ წოდებული პოლიტიკოსი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მანამდე კი რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ჰონგ-კონგური გამოცემის, South China Morning Post-ის თანახმად, სწორედ ვან ჰუნინგის იდეებმა მოახდინა ფორმირება ისეთი ინიციატივებისა, როგორიცაა:

  • „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ - ჩინეთის გლობალური ინიციატივა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი;
  • „სი ძინპინის ნააზრევი სოციალიზმზე ჩინური ხასიათით, ახალი ეპოქისთვის“, - პრეზიდენტ სის ოფიციალური იდეოლოგია, რომელიც 2017 წელს ჩინეთის კონსტიტუციაში ჩაწერეს.

აქვს მდიდარი აკადემიური წარსული. მათ შორის, ავტორია 1991 წელს გამოცემული წიგნისა, „ამერიკა ამერიკის წინააღმდეგ“, რომელიც აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ დაწერა და რომელიც, ანალიტიკოსების თანახმად, კარგი გასაღებია აშშ-სადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხედვის გასააზრებლად. არის პოლიტიკის მეცნიერი.

რაზე ისაუბრა მან პაპუაშვილთან

პეკინში გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, „აღინიშნა უკანასკნელ წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი“.

„ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2023 წელს განხორციელებულ ვიზიტს ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“, - წერია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინპინი
ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინპინი

ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი - 2026 წლის 12 იანვრიდან დაპატიმრებულია. ის ხუთ წელიწადს გაატარებს ციხეში კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით (საპროცესო შეთანხმებით).

სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.

„ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი:

  • „იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას,
  • მტკიცედ უჭერენ მხარს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას,
  • საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვას“.

„ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა“, - წერს პარლამენტის პრესცენტრი.

„ურთიერთობების გაღრმავება“

პარლამენტის პრესცენტრის თანახმადვე, მხარეებმა „გამოხატეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზაობა“ და „აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს“. ასევე ისაუბრეს:

  • საპარლამენტო კავშირების განვითარებაზე;
  • ვაჭრობისა და ეკონომიკის,
  • ტურიზმის,
  • განათლების,
  • ინოვაციების,
  • კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე.

ხაზი გაუსვეს „დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობას“.

ახსენეს საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“ და „შუა დერეფნის პოტენციალის უკეთ ათვისების საჭიროება“.

შეხვედრა ჭაო ლეძისთან

ამ შეხვედრაზეც ისაუბრეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, პარლამენტის პრესცენტრის თანახმად:

  • „ხაზი გაესვა ჩინეთის ინვესტიციებს საქართველოში;
  • პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში“;
  • განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობა;
  • თქვეს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები „ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას“.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია“, - წერს პარლამენტის პრესცენტრი.

შალვა პაპუაშვილმა ჭაო ლეძი საქართველოში მოიწვია
შალვა პაპუაშვილმა ჭაო ლეძი საქართველოში მოიწვია

ვინ არიან დელეგაციაში

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან:

  • სპიკერის პირველი მოადგილე გიორგი (გია) ვოლსკი, - რომელიც ასევე არის საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • სპიკერის მოადგილეები, ნინო წილოსანი და სოზარ სუბარი („ხალხის ძალიდან“);
  • პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე;
  • სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

--

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონს, მათ შორის საქართველოს, ბოლო წლებია აქტიურად უყურებს, განსაკუთრებით 2022 წლის (რუსეთის უკრაინაში შეჭრის) შემდეგ; დაინტერესებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი, სტრატეგიული პორტით.

2026 წლის აპრილში საქართველოსა და აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორმა ჭუანგ ჟუნგვენმა, რომელიც ხელმძღვანელობს სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით ინტერნეტზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოვლისმომცველი კონტროლის აღსრულებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG