Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩაწერა „სი ძინპინის ნააზრევი“


ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა

ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ სი ძინპინის პოლიტიკური ნააზრევი სამშაბათს კონსტიტუციაში ჩაწერა, რაც სი ძინპინს ათავსებს იმავე რანგში, რომელშიც თანამედროვე ჩინეთის დამფუძნებელი მაო ძედუნი გადის. სააგენტო “როიტერსის” ანალიტიკოსის შეფასებით, სი ძინპინმა კიდევ უფრო მეტად განამტკიცა თავისი ძალაუფლება პარტიაში.

პარტიამ ერთხმად მიიღო შესწორება, სახელად „სი ძინპინის ნააზრევი სოციალიზმზე ჩინური ხასიათით, ახალი ეპოქისთვის“ და ის გამოაცხადა თავის ერთ-ერთ წარმმართველ პრინციპად.

შესწორებულ კონსტიტუციაში შევიდა ასევე დებულება პარტიის „აბსოლუტურ“ ლიდერობაზე არმიასთან მიმართებით, ითქვა, რომ გაგრძელდება ბრძოლა კორუფციასთან. ამავე დროს, ტექსტში ნახსენებია სი ძინპინის ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და საბაზრო ძალების მნიშვნელოვანი როლი რესურსების განაწილებაში.

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩაწერა „სი ძინპინის ნააზრევი“

  • ჩინეთის ლიდერმა განიმტკიცა ძალაუფლება კომუნისტური პარტიის ყრილობაზე
  • მისი კონცეფცია „სოციალიზმი ჩინური ხასიათით“ ქარტიაში მოხვდა
  • სი ძინპინი გაუტოლდა მაოს, თანამედროვე ჩინეთის დამფუძნებელს

„ყრილობამ დაადგინა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა წარმოადგენს საბაზისო ფაქტორს სოციალიზმისთვის ჩინური ხასიათით და, ამავე დროს, ამ სისტემის უდიდეს ძალას“, - ამბობს პარტია გავრცელებულ განცხადებაში.

ის, თუ რამდენად შეძლებდა სი ძინპინი საკუთარი სახელის „გვირგვინით“ შემკობას პარტიის კონსტიტუციაში, განიხილებოდა მისი ძალაუფლების მასშტაბის მთავარ ინდიკატორად. ამით მას მიენიჭა ისეთივე რანგი, როგორიც წინა ლიდერებს - მაგალითად, მაო ძედუნსა და დენ სიაოპინს.

თუმცა მაო ძედუნის შემდეგ არც ერთი ლიდერის სახელით ცნობილი იდეოლოგია არ შესულა კონსტიტუციაში ლიდერის სიცოცხლეში. დენ სიაოპინის სახელი მისი სიკვდილის შემდეგ დაამატეს დოკუმენტს.

სი ძინპინის შედარებით ახლო წინამორბედებმა, ძიან ძემინმა და ჰუ ძინტაომ, ასევე შეიტანეს თავიანთი კონცეფციები პარტიის კონსტიტუციაში, თუმცა ისე, რომ მათი სახელები იქ ნახსენები არ იყო.

სი ძინპინმა სწრაფად შეძლო საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია მას შემდეგ, რაც 2012 წელს პარტიის ლიდერი გახდა, მომდევნო წელს კი უკვე პრეზიდენტი.

პარტიამ მას ერთი წლის წინ მიანიჭა „ძირითადი“ ლიდერის სტატუსი, რაც მისი პოზიციის განმტკიცებას მოასწავებდა ყრილობის წინ. ყრილობა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG