Accessibility links

პარაზიტად მოვლენის უსიამოვნებაზე


ავტორი: ალექსანდრე ხმალაძე

პირველად ოსკარების ისტორიაში საუკეთესო სურათად სამხრეთ კორეელი ბონგ ჯუნ-ჰოს ,,პარაზიტები’’ დასახელდა. ფილმში გადმოცემულია ტრაგიკომედიური ისტორია ორ განსხვავებულ და ამავდროულად სარკულ ოჯახზე. კიმების ოჯახი ნახევარსარდაფში ცხოვრობს, ვიწრო ფანჯრიდან შემოსულ სინათლეზე საშრობზე ჩამოკიდებული წინდები ჩანს, ხოლო ქუჩის მხრიდან ფანჯრის წინ მთვრალი ფსამს.

კიმები უმუშევარი ღარიბები არიან, ისინი თავს პიცის ყუთების ჩაბარებით ირჩენენ. ერთხელაც ბატონი კიმის შვილს სუისეკს (დეკორატიული მინერალური ქვა) ჩუქნიან, რომელიც ტრადიციული და ესთეტიკური ტკბობის საგანია და გარკვეული ცრურწმენებით წარმატება და სიმდიდრე მოაქვს. მართლაც, კევინი (ბატონი კიმის ვაჟი) დის დახმარებით ყალბ საბუთებს აკეთებს და მეგობრის რეკომენდაციით პარკების ოჯახში იწყებს მასწავლებლად მუშაობას.

პარკები ბრიყვი და იდიოტი მდიდრები არიან. ბატონი პარკი დაკავებული ბიზნესმენია, ოჯახის საქმეებს კი მისი ცოლი უძღვება, გამორჩეულად მიამიტი და უაზრო გამომეტყველების ქალი. კიმები მოხერხებული ეშმაკობით ახერხებენ პარკების გაბრიყვებას და სულ მოკლე ხანში მშობლებიც და შვილებიც პარკებთან იწყებენ მუშაობას. მთელი ეს ისტორია სავსეა კომიკური ელემენტებით და მაყურებელს საშუალებას აძლევს მოდუნდეს, გაამხიარულოს და აფიქრებინოს კიმების პარაზიტობაზე.

ბატონი კიმი ამბობს, გეგმის გარეშე არაფერი ცუდად არ იქნებაო, თუმცა რეჟისორის ჩანაფიქრი სულაც არ არის უბოროტო პარაზიტებისა და ბრიყვი მდიდრების კომიკური ყოფის ასახვა. კომედიის თანმდევ მოდუნებას მღელვარე დაძაბულობა ცვლის, როცა პარკების ვილას წვიმაში გალუმპული ყოფილი დიასახლისი მიადგება შეშლილი, ალერგიისგან გასიებული სახით. მაყურებელს უსაიმოვნო და ავი წინათგრძნობა ეუფლება. დაახლოებით ასეთივე განცდას იწვევს ა. ამენაბარის ,,სხვები’’ (2001 წ.) და ჯ. პილის ,,ჩვენ“ (2019 წ.) ეს ფილმები ორი ოჯახის ამბივალენტურ საშინელ ისტორიას მოგვითხრობენ.

წვიმა და წყალდიდობა აპოკალიფსური მოვლენაა კიმებისთვის. მათი საცხოვრებელი სარდაფი დატბორილია და თითოეული ოჯახის წევრი ცდოლობს მისთვის ძვირფასი ნივთები გადაარჩინოს წყალს. კევინი ნაჩუქარ სუისეკს პოულობს და მამასთან და დასთან ერთად დროებით მოწყობილ თავშესაფარში მიდის ღამის გასათევად. ამავდროულად, ირკვევა რომ მდიდრების სარდაფს თავის პარაზიტები ყავს და ყოფილი დიასახლისი წლების განმავლობაში მათ სარდაფში ქმარს მალავს. ამას კი მოყვება პარაზიტთა ორი ოჯახის ბრძოლა მშრალი და თბილი ადგილისთვის მდიდრების იატაკქვეშეთში.

საინტერესო პერსონაჟია ბატონი პარკის უმცროსი ვაჟი, რომელიც სოციალურ ფენათა უფსკრულის მედიუმად გვევლინება. ბიჭი ღამით სამზარეულოში შეიპარა ტორტის ნაჭრისთვის და სარდაფიდან ამომავალი ყოფილი დიასახლისის ქმარი დაინახა. სარდაფიდან ამოყოფილი ღარიბის თავი ბიჭის და პარკების წარმოსახვაში მოჩვენებად ჩამოყალიბდა და საფუძვლად დაედო ოჯახურ ლეგენდას. ზრდასრული პარკების გრძნობათა ორგანოები ატროფირებულია, ვერც კი ხვდებიან როგორ ცხოვრობს მათ სარდაფში წლობით ადამიანი, ისიც არ შეუძლიათ ,,მოჩვენებები’’ დაინახონ, ამასაც ბავშვისგან იგებენ.

ერთადერთი შეგრძნების ორგანო, რომელიც ბატონ და ქალბატონ პარკებს გააჩნიათ არის ცხვირი. ისინი გრძნობენ სარდაფში მაცხოვრებელი ადამიანების სუნს. ბატონი პარკი ამბობს, რომ მეტროშიც იგივე სუნია და ეს სუნი გავს ნახარში ჩვარის სუნს. ბატონი კიმი ხედავს როგორ იშმუშნებიან და ეზიზღებათ პარკებს მისი სუნი. ,,ადამიანმა არ უნდა დასახო გეგმა. გეგმის გარეშე ცუდად არაფერი წავა და თუ რამე კონტროლს არ დაექვემდებარება, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს მოკლავ თუ ქვეყანას უღალატებ, არცერთს არ ექნება მნიშვნელობა’’,- ამბობს ბატონი კიმი და კირტიკულ მომენტში, როცა ბატონი პარკი კვლავ იჭმუხნება სარდაფის სუნზე გულში დანას უყრის მას.

ჩემთვის ბატონი პარკის მკვლელობა პასუხია კითხვაზე - ვინ არიან პარაზიტები. კიმების ოჯახი ფილმშივე ტარაკნებთან ასოცირდება. ტარაკნები სიბნელეში გამოდიან და ნარჩენებით იკვებებიან შუქის და ადამიანის ხმაზე კი გარბიან. ბატონ კიმს ცოლი დაცინის, რომ ტარაკნის თვისებები აქვს, მაგრამ როცა სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება, ის მაინც ახერხებს მოკლას ბაღლინჯო-ბატონი პარკი, ნამდვილი მდიდარი სისხლისმწოველი პარაზიტი. იგივე ქმედება ჩანს ფილმის დასაწყისშივე, როცა კიმი ნამდვილ ბაღლინჯოს ისვრის მაგიდიდან.

ბონგ ჯუნ-ჰო მაყურებელს არ სთავაზობს ფინალს ოპტიმისტური დასასრულით. ცხადია ადრე თუ გვიან ლოკალური აპოკალიფსი მოხდება და წვიმა ჩამორეცხავს საზღვრებს ,,ზედა’’ და ,,ქვედა’’ სამყაროებს შორის, ამის გამო კი ვიღაც აუცილებლად მოკვდება. მაგრამ საბოლოოდ წყალი ჩაივლის და ყველაფერი ძველებურად დარჩება. სახლს ახალი მაცხოვრებლები ეყოლება, სარდაფს ახალი მოჩვენებები და მათი პარალელური არსებობა გამოგონილ უსასრულობაში თუ გადაიკვეთება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG