Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი - ქუთაისელთა არჩევანის ერთ-ერთი მიზეზი


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისში ხმების საერთო რაოდენობის 47 % მიიღო, რაც თითქმის 19 %-ითაა მეტი „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაზე. ქალაქის 59-ე საარჩევნო ოლქის 123 უბანზე დათვლილი ხმებით, ვაშაძეს მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა, სალომე ზურაბიშვილს კი - 18 059-მა. ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 156 051 ამომრჩეველი.

გადმოწერა

ქუთაისში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა 41, 5 %-მა. საოლქო კომისიის ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი აქტივობაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება წინა, 2013 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებს, მაშინ ქუთაისელთა აქტივობა 40% იყო. 28 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობას არასახარბიელოდ მიიჩნევს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, წარმომადგენელი, ნუგზარ კოხრეიძე. მისი შეფასებით, პირდაპირი წესით პრეზიდენტის ასარჩევად, თან როცა ეს ბოლოჯერ ხდება, 41.5 % დაბალია, რადგან ამომრჩეველთა თითქმის 59 % კენჭისყრაში არ მონაწილეობს:

არჩევნები ქუთაისში
არჩევნები ქუთაისში

„პრაქტიკულად საზოგადოების უმეტესობა არავის უჭერს მხარს და ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, აქვს დაბალი ლეგიტიმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი საერთოდ არავის ემხრობა, არავინ მოსწონს და ვერავისში ხედავს თავის მომავალს. ეს არის პოლიტიკური კრიზისის მომასწავებელი“.

ნუგზარ კოხრეიძისავე აზრით, შედეგი, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში ამომრჩეველთა თითქმის 47 %-მა მხარი დაუჭირა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის „ ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებებით პარლამენტის თბილისში დაბრუნების შესახებ. არჩევნების შედეგსა და გრიგოლ ვაშაძის დიდ უპირატესობას ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხს უკავშირებს ჟურნალისტი ეკა ფხაკაძეც, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიისა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავიწყეთ ვიდეორგოლების გადაღება, რითაც შევეცადეთ დაგვემსხვრია მითები და პასუხი გაგვეცა კითხვისთვის, თუ რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს. მიმაჩნია, რომ პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილებამ ქუთაისის პასუხზე გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ქუთაისელების არჩევანი“, - აცხადებს ეკა ფხაკაძე.

ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის 123 უბანზე დათვლილი ხმებით, ვაშაძეს მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა, სალომე ზურაბიშვილს კი - 18 059-მა. ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 156 051 ამომრჩეველი.

რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული რესპონდენტები კი ამბობენ, რომ ამომრჩეველთა არცთუ მაღალი აქტივობა მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობის მანიშნებელია. გამოკითხულმა მოქალაქეებმა ისიც გვითხრეს, რომ მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში და ამას მეორე ტურშიც აპირებენ:

„მეორედ კი არა, თუ საჭირო იქნება, მეასედ მივალ და გავაკეთებ არჩევანს“;

„თუ შედგება მეორე ტური, აუცილებლად წავალ, აბა! ათასჯერ წავალ იმისთვის, რომ მომავალი ექნეს საქართველოს“;

„უკმაყოფილო ვარ, ძალიან ცოტა ხალხი მივიდა არჩევნებზე, რაც დაბალი საზოგადო ინტერესის მაჩვენებელია. სახელმწიფომ პროპაგანდა უნდა გასწიოს, რომ ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“;

„მივიღებ მონაწილეობას და ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ“, - აცხადებენ რესპონდენტები.

არჩევნები ქუთაისში
არჩევნები ქუთაისში

გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო, თუმცა მეორე ტურში პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა და ქუთაისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG