Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენცენტრი მწერალთა სახლის საპირწონედ


პენცენტრის ახალი ხედვის წარდგენა
პენცენტრის ახალი ხედვის წარდგენა

მას შემდეგ, რაც მწერალთა სახლს და კულტურის სამინისტროს ბოიკოტი გამოუცხადეს, მწერლებმა პენცენტრის გაძლიერება გადაწყვიტეს.

პენცენტრი საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან მოქმედებს და 70-ზე მეტი წევრი ჰყავს, მწერლები, გამომცემლები, კრიტიკოსები. თუმცა, პენცენტრის პროექტები ღიაა როგორც წევრი, ისე არაწევრი ლიტერატორებისთვის.

პენცენტრის ფუნქცია აქამდეც ლიტერატურის განვითარებაზე ზრუნვა იყო. თუმცა, ამჯერად მწერლები აპირებენ ისე დაგეგმონ ორგანიზაციის საქმიანობა, რომ მან მწერალთა სახლის ფუნქციებიც შეითავსოს.

მას შემდეგ, რაც მწერალთა სახლში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ნატაშა ლომოური ქეთი დუმბაძემ ჩაანაცვლა, მწერლების ნაწილმა მწერალთა სახლსა და მის პროექტებს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი ხელმძღვანელობა მწერლების მოთვინიერების მიზნით დანიშნა.

მწერალთა სახლის ყოფილმა დირექტორმა და ახლა უკვე პენცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა 12 დეკემბერს თავის სტრატეგიაზე ისაუბრა: ჩვენი ორი მთავარი მიმართულება არის გამოხატვის თავისუფლება და ქართული ლიტერატურის პოპულარიზება საზღვარგარეთ. ამ მხრივ უკვე ბევრს მივაღწიეთ და არ გვინდა, დავკარგოთ. ამ ქოლგის ქვეშ ჩატარდება ლიტერატურული ფესტივალები, საგანმანათლებლო პროექტები მწერლების მონაწილეობით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატაშა ლომოურმა.

„იმ რეპრესიული პოლიტიკის ფონზე, რომელსაც კულტურის სამინისტრო ატარებს, ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას ხმაურიანი პლატფორმა, რომელიც ბევრ მწერალს შემოიკრიბავს და ის ხმა, რომელიც მწერალთა სახლისდაკარგვითდაიკარგა - შენარჩუნდეს, ისევ ჰქონდეთ ავტორებს ის შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე ჰქონდათ, - ამბობს პენცენტრის დირექტორი, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე, - ის, რომ კულტურის სამინისტრო ბიუჯეტის ფულს ერთპიროვნულად დაეპატრონა, რომ მხოლოდ თავიანთ მორჩილ ადამიანებს გაუკეთონ რაღაცები, ეს არ არის სწორი. ეს ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ფულია. ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ“.

გამომცემლობა „სულაკაური“ ერთ-ერთია, რომელიც მწერალთა სახლის მიმართ გამოცხადებულ ბოიკოტში მონაწილეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს დახმარება, ლიტერატურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები. ვინაიდან ახლა ისე მოხდა, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა თავის ჩარჩოები დააწესოს, ძალიან მნიშვნელოვანია მწერლების ხელშესაწყობად ალტერნატიური პლატფორმები შეიქმნას, იქნება ეს ჰონორარის დაფინანსება, მთარგმნელობითი გრანტი თუ სხვა რამ. ამ ეტაპზე პროცესი ასე გრძელდება“, - ამბობს „სულაკაურის“ ხელმძღვანელი თინა მამულაშვილი.

პენცენტრი აპირებს, რომ ლიტერატურის განვითარების დასაფინანსებლად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და საელჩოს მიმართოს.

პარალელურად მუშაობას აგრძელებს მწერალთა სახლი, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მწერალთა სახლი მონაწილეობს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, აფინანსებს ლიტერატურის თარგმნას, საგანმანათლებლო პროგრამებს, აწყობს ლიტერატურულ კონკურსებს.

მწერლების ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტს არ შეერთებია, ამ პროგრამებში აქტიურად მონაწილეობს, ბოიკოტში მონაწილეები კი პენცენტრის გარშემო შემოიკრიბნენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG