სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „პიკოს“ გადაწყვეტილების შემდეგ მოკვლევა დაიწყო.
გადაწყვეტილება საქართველოში მხოლოდ სამი ტიპის პროდუქციასა და მათ გარკვეულ პარტიებს ეხება.
„არ გამოიყენოთ“
„სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს“, - წერია სააგენტოს მიერ 22 იანვარს, საღამოს გავრცელებულ პრესრელიზში.
სააგენტო წერს, რომ ამ პროცესს ზედამხედველობს „იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია“. [RASFF-ი არის „ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემა“].
სააგენტო ასევე განმარტავს, რომ ქსელიდან იღებენ სამ პარტიას, საიდენტიფიკაციო კოდებით:
- Picot 1 400G – 8000003312;
- Picot 1 800G - 8000003297;
- Picot 2 800G -8000003280.
სურსათის ეროვნული სააგენტო „მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს“.
"პიკო" ბავშვთა კვების ფრანგული ბრენდია, რომელიც საფრანგეთში მზადდება ბაზრის გიგანტის, Lactalis Nutrition Santé (LNS)-ის მიერ.
რა არის მიზეზი
Picot Babyfood-მა, - რომელიც საქართველოში "პიკოს" ბრენდის პროდუქციას ყიდის, - 21 იანვარს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ბოლო დროს გახმაურებული ტოქსინის აღმოჩენის შემდეგ (ეს Nestle-ს პროდუქციას ეხებოდა), ფრანგულმა LNS-მა თავად გადაწყვიტა დამატებითი კვლევების ჩატარება.
ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული „მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა კვება Picot-ზე არანაირი საჩივარი ან შეტყობინება არ დაფიქსირებულა არცერთ ქვეყანაში“.
- „ჩატარდა კვლევა სტანდარტიზებული საერთაშორისო მეთოდით ARA (ომეგა-6) როგორც ფხვნილში, ისე გახსნილ პროდუქტზე (ანუ მომზადებული რძე ბოთლში).
- 20 იანვარს, მიღებული უახლესი ანალიზებით, გამოვლინდა ტოქსინის შესაძლო არსებობა, რის გამოც “ლაქტალისმა”, სიფრთხილის ზომების სახით, მოითხოვა გარკვეული პარტიის ნომრების ნებაყოფლობითი ამოღება.
- პროდუქციის გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია სიფრთხილის ზომიდან გამომდინარე და კომპანიის მკაცრი ხარისხისა და უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად“, - განაცხადა კომპანიამ.
იქვე განმარტა, რომ საქართველოში ეს გაწვევა არ მოქმედებს Picot-ის ყველა პროდუქტზე.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, გაწვევა ეხება საქართველოში შემოსული მხოლოდ 3 პროდუქტის მცირე რაოდენობას, - ეხება პარტიის იმ ნომრებს, რომლებზეც სურსათის ეროვნული სააგენტოს დღევანდელ განცხადებაშია საუბარი.
„ყველა სხვა პროდუქტი, ასევე იმავე პროდუქტების სხვა პარტიები, უსაფრთხოა მოხმარებისთვის“, - განაცხადა Picot Babyfood-მა.
იქვე განმარტა, რომ „სააფთიაქო ქსელებში შეძენილი პროდუქტი შეიძლება შეიცვალოს სხვა პარტიაში ან მოხდეს თანხის დაბრუნება“.
„პიკომ“ პროდუქცია გაიწვია საქართველოს გარდა, შემდეგი ქვეყნებიდან:
ავსტრალია, ჩილე, ჩინეთი, კოლუმბია, კონგო, ჩეხეთი, ეკვადორი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ქუვეითი, მადაგასკარი, მექსიკა, მონაკო, ესპანეთი, პერუ, ტაივანი და უზბეკეთი.
„პიკოს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქტერიული წარმოშობის ნივთიერება ცერულიდმა (Cereulide) შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ღებინება, ასევე სისუსტე.
Nestle/NaN-ის სკანდალი
8 იანვარს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ბავშვთა კვებაში გამოყენებული „ნესტლეს“ წარმოებული რამდენიმე პროდუქტის ქართული ბაზრიდან ამოღება დაიწყეს.
მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროდუქცია საქართველოში მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე იყიდებოდა.
უწყებამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ნესტლე ჯგუფმა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში მიიღო, სადაც კონკრეტული პარტია შევიდა. საუბარია ოთხ პროდუქტზე, რომლებიც დამზადდა ნედლეულისგან (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) და არსებობს ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკი.
სესის ცნობით, ცერულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
„იმის მიუხედავად, რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება“, - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ფორუმი