Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პილიგრიმების ბილიკი, აფხაზეთი - „მეორე მონაკო“და 10 ახალი კურორტი - კიდევ რა მოხვდა პრემიერის წლის შეჯამებაში


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 დეკემბერს 2022 წელი შეაჯამა და 2023-2025 წლების გეგმებზე ილაპარაკა. აი, რამდენიმე მთავარი აქცენტი მისი გამოსვლიდან.

ომი უკრაინაში და საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შეჯამება „რეგიონის სიტუაციის აღწერით“ დაიწყო და მას ევროპის კონტინენტზე „უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისი“ უწოდა.

თქვა, რომ ომმა უკრაინაში დიდი გავლენა მოახდინა საქართველოზეც, მაგრამ მისი თქმით, ქვეყანამ პირველივე დღეებიდან „სწორი პოლიტიკა გაატარა“ და „ეროვნული ინტერესები“ დაიცვა.

„შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ“, - თქვა ღარიბაშვილმა.

კანდიდატის სტატუსი, საქართველო და ევროპა

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ძალიან მალე მიიღებს და ამის საფუძველი, მისი აზრით, წარმატებული რეფორმებია. ბოლო ათ წელში მიღწეული პროგრესი კი სრულად „ქართული ოცნების“ დამსახურებად შეაფასა. მათ შორის, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მიღებული ევროპული პერსპექტივაც.

პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველომ უკვე „ზედმიწევნით შეასრულა“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც.

„ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის 10 %-იანი ზრდა

პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკას ზედიზედ ორი წელია 10 %-იანი ზრდა აქვს და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდება.ხოლო „ეს სიკეთე და კეთილდღეობა, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე“.

ღარიბაშვილი მოელის, რომ 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება (2020 წელს ეს მაჩვენებელი იყო 4 200 დოლარი).

მისი თქმით, 2023 წელს, ქვეყნის ეკონომიკა გახდება 80 მილიარდი ლარი.

ხოლო საგარეო ვალი, პრემიერის განცხადებით, ბოლო ორ წელში 22%-ით შემცირდა. თუ 2020 წელს, მშპ-სთან მიმართებით, ის 60%-მდე იყო გაზრდილი, 2022 წელს - საგარეო ვალი 39%-მდე შემცირდა, 2023-ში კი ეს მაჩვენებელი, როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, 38% იქნება.

ისევ ანაკლიის პორტის მომავალზე

ღარიბაშვილმა 27 დეკემბერსაც გაიმეორა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლიის პორტი აშენდება, და მისი მესაკუთრე 51%-იანი წილით იქნება სახელმწიფო. დანარჩენ 49%-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება:

„ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებით... იმ ფონზე კი, როცა მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - თქვა ღარიბაშვილმა.

აფხაზეთი - მეორე მონაკო?

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი თავის წლიურ ანგარიშში შეეხო, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები იყო - მისი თქმით, ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, მათი განვითარებისთვის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებაა შესაძლებელი.

„აფხაზეთი, შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით შერიგება აქვს გეგმაში.

პილიგრიმების ბილიკი და ათი ახალი კურორტი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, 2023 წელს მთავრობა იწყებს 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბის განახლებას. მთავრობის ხელმძღვანელს არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელი ქალაქები და დაბები მოხვდა ამ ჩამონათვალში, თუმცა თქვა, რომ ამ პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში გაიმართება.

მისივე თქმით, გეგმაშია კიდევ ერთი დიდი პროექტის - „პილიგრიმების ბილიკის“ განვითარება - ეს არის წმინდა ნინოს 40 კილომეტრიანი გზა, რომელიც ფოკა-ბოდბის მარშრუტს მოიცავს.

„მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში ძალიან ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ქართული კულტურის და სულიერების ცენტრი იორდანიაში

2022 წლის ანგარიშის წარდგენისას პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იორდანიაში, საქართველოსთვის გადაცემულ მიწაზე (4000 კვადრატული მეტრი) ქართული კულტურის და სულიერების ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

„ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე“ - დაამატა ღარიბაშვილმა.

პრემიერ ღარიბაშვილის სამომავლო დაპირებებს შორის ასევე არის:

  • აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დასრულება 2024 წელს (თქვა, რომ საქმის ნახევარი გაკეთებულია);
  • კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2024 წელს;
  • საქართველოს ყველა ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგება 2025 წლის ბოლომდე;
  • 2023 წლიდან, 885 საბავშვო ბაღის და 800-მდე სკოლის რეაბილიტაციის დაწყება;
  • 150 ამბულატორიის რეაბილიტაცია;
  • წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც მისი თქმით, მალე ექნება საქართველოს;
  • მედიკამენტების ფასების კიდევ 40 %-ით გაიაფება;
  • ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება - 1000-ის ნაცვლად 2000 ლარი;
  • რამდენიმე თვეში საქართველო დაიწყება ათასობით პოლონური დრონის წარმოება;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა;
  • ქუთაისის პარლამენტის შენობაში შეიქმნება ტექნოლოგიური ჰაბი;
  • ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი დასრულდება 2024 წელს;
  • მომდევნო 2-3 წელში დასაქმდება 200 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანი;
  • 2023 წელს პენსია 365 ლარი გახდება, მაღალმთიან რეგიონებში კი ის 440 ლარამდე გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG