Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის მოლოდინში


რუსული სამხედრო თვითმფრინავები მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე;
4 მაისი, 2020 წელი
რუსული სამხედრო თვითმფრინავები მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე; 4 მაისი, 2020 წელი

ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმისა და პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელი ავიაკომპანიები გამოთქვამენ სურვილს და მზაობას, შეასრულონ პირდაპირი რეისები რუსეთიდან საქართველოში და პირიქით.

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს აფრთხილებენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სანქცირების რეალურ საფრთხეს ნიშნავს.

“როსავიაციის” მიერ გავრცელებული დოკუმენტით ცნობილი გახდა იმ რუსული ავიაკომპანიების სია, ვინც საქართველოში პირდაპირი ფრენების სურვილი უკვე გამოთქვა.

„რედ ვინგზი“, „აზიმუტი”, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“ და „პობედა“ სამი ქალაქიდან, მოსკოვიდან, სამარიდან და ყაზანიდან აპირებენ თბილისის მიმართულებით ფრენას. იმ შემთხვევაში, თუკი ყველა კომპანია მიიღებს ფრენებზე ნებართვას, მოსკოვი-თბილისის მიმართულებით კვირაში 21 რეისი შესრულდება, სამარიდან და ყაზანიდან შვიდ-შვიდი ყოველკვირეული ფრენა იქნება თბილისის მიმართულებით.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისებით დაინტერესებულია საქართველოს ავიახაზებიც, რომელიც ამ დრომდე რუსეთში ერევნის გავლით დაფრინავდა.

იმისათვის, რომ ფრენები განახლდეს, საჭიროა ორი ქვეყნის ნებართვები და ფრენის სიხშირეების განსაზღვრა. “როსავიაციის” დოკუმენტში ჩამოთვლილ ყველა ავიაკომპანიაზე მითითებულია, რომ მათ აქვთ საქართველოში დროებითი ან მუდმივი ფრენების ნებართვა - ეს ნებართვები სავარაუდოდ 2019 წელს, პირდაპირი ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილებამდე მოქმედებდა.

რუსული კომპანიების უმეტესობა, რომელიც საქართველოში ფრენების სურვილს გამოთქვამს, ევროკომისიის მიერ შედგენილ “შავ სიაში” არიან მოხვედრილი იმის გამო, რომ არ შეუძლიათ დაიცვან უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. ამ სიაში მყოფ კომპანიებს აკრძალული აქვთ ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში და ასევე ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებით სარგებლობა.

“თავისთავად, სანქციების რეჟიმში იმყოფება რუსეთი და მისთვის ახალი შესაძლებლობის გახსნა ამ სანქციების ეფექტის შესუსტებისკენ არის მიმართული. ჩვენ არ გვაქვს აკრძალული ამის გაკეთება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა გინდა კანდიდატის სტატუსი მიიღო, ისეთი ქმედება, რაც ამცირებს შენი მოკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტს, რა თქმა უნდა, არ არის მისასალმებელი. არსებობს რუსული თვითმფრინავების უსაფრთხოების საკითხიც - რუსული თვითმფრინავები რუსულ ცაში დღეს დაფრინავენ ყველანაირი საერთაშორისო სერტიფიკატის, ყველანაირი შემოწმების გარეშე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა. ის თვლის, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას უსაფრთხოების გამოწვევებიც ახლავს თან.

რა გზებით ხვდებიან ახლა რუსეთიდან მომავალი ადამიანები საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში მოსახვედრად ყველაზე პოპულარულია ორი გზა: ავტომობილით ლარსის გავლით და თვითმფრინავით სომხეთში გადაჯდომით. სომხეთიდან საქართველოში ჩამოსვლა ასევე შეიძლება მატარებლით და ავტომობილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნებისას არ უთითებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები რომელი სასაზღვრო პუნქტის გამოყენებით ხვდებიან საქართველოში, თუმცა იმ მონაცემებით, რაც უწყების ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, ჩანს, რომ 2022 წელს 401%-ით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა, 367%-ით სომხეთიდან და 188%-ით თურქეთიდან.

“საქართველოში მოგზაურობისთვის რუსეთიდან ყველაზე ხშირად ივლისში, სექტემბერსა და ოქტომბერში მიდიან”, - წერს ერთ-ერთი ტურისტული კომპანია, რომელიც ავიაბილეთებით ვაჭრობს და მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ თბილისში მოსახვედრად საშუალოდ 8-საათიანი ფრენა მოუწევთ და დასჭირდებათ დაახლოებით 1116 ლარი ბილეთისთვის.

ავიაბილეთების საიტებს თუკი დაავალებთ, მოგიძებნონ ბილეთები მოსკოვიდან თბილისში ჩამოსასვლელად, ნახავთ, რომ მოსკოვი - ერევანი - თბილისი ყველაზე იაფი გზაა, რომლის გასავლელად ბილეთების ფასი ივნისის თვეში 750 ლარიდან იწყება. შემდეგ მოდის:

  • მოსკოვი - სტამბოლი - თბილისი - 790 ლარიდან;
  • მოსკოვი - იზმირი - თბილისი - 863 ლარიდან;
  • მოსკოვი - დუბაი - თბილისი - 907 ლარიდან;
  • მოსკოვი - ბაქო - თბილისი 983 ლარიდან.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ცა ჩაიკეტა რუსეთისთვის, თურქეთმა შეინარჩუნა მასთან პირდაპირი ფრენები - ამის გამო რუსეთის ბევრი მოქალაქე ქვეყანას სწორედ თურქეთის ქალაქების გავლით ტოვებს. რუსეთის მოქალაქეებს არც თურქეთსა და არც აზერბაიჯანში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ - ამის გამო თურქეთის ქალაქებთან ერთად სატრანზიტო ქალაქია ბაქოც. თურქეთის ქალაქებიდან თვითმფრინავები დაფრინავს ბათუმშიც.

“მოსკოვიდან თბილისში მოსახვედრად 6 გზა არსებობს”, - იძლევა რეკომენდაციას კიდევ ერთი ტურისტული საიტი. თუკი მის რეკომენდაციებს მიჰყვებით, ნახავთ, რომ გადაჯდომით ფრენების გარდა შეგიძლიათ ავტობუსით იმგზავროთ 31 საათისა და 44 წუთის განმავლობაში მაქსიმუმ 101$-ად, მატარებლით და ავტობუსით ჩამოხვიდეთ 41 საათსა და 51 წუთში, ან მანქანით წამოხვიდეთ, გზაში ერთი დღე და ღამე გაატაროთ და 350$-მდე დახარჯოთ. გზის შესამოკლებლად შეგიძლიათ იფრინოთ მოსკოვიდან ბესლანამდე და შემდეგ გადასხდეთ ავტობუსში - ამ შემთხვევაში 12 საათში იქნებით თბილისში.

გრაფიკული ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოში მოხვედრის გზების შესახებ
გრაფიკული ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოში მოხვედრის გზების შესახებ

რუსეთიდან საქართველოში წლების განმავლობაში დაცურავდა - გემი კომეტა, რომელსაც სოჭიდან ბათუმში ერთი რეისით 114 მგზავრი გადაჰყავდა. თუმცა რამდენიმე წელია, რაც ეს მარშრუტი აღარ არსებობს. კომპანია “ექსპრეს ბათუმში” ვერ გვითხრეს, რა მიზეზით შეჩერდა ეს რეისი, ან აღდგება თუ არა და როდის. “კომეტას’ სოჭიდან ბათუმამდე მგზავრები 10 საათში ჩაჰყავდა. ვისაც ეს გზა გაუვლია, აღნიშნავდა, რომ ბარი და გემბანი ამ მგზავრობას მოგზაურობის ხიბლს სძენდა.

რას შეცვლის პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმის მოხსნა

საქართველოს მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე და გაამარტივებს რუსეთში მცხოვრები ქართველების ყოფას.

ფრენების აღდგენამდე, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გადასვლა უვიზოდ, მაგრამ ძველი მარშრუტებით შეეძლებათ.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი პირდაპირი რეისი შეიძლება დაწესდეს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რთული სათქმელია რა ეღირება რუსეთიდან საქართველოში და პირიქით გასაფრენად საჭირო თვითმფრინავის ბილეთი. მკაფიოდ ვიცით მხოლოდ ის, რომ პუტინის გადაწყვეტილების ფასის გადახდა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე შეიძლება საკუთარი რეპუტაციით მოუწიოს.

XS
SM
MD
LG