Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი გაზეთი მესხეთში ასი წლის წინ დაიბეჭდა


21 მარტს ქართული ჟურნალისტიკა 200 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღს ზუსტად ერთი საუკუნით ჩამორჩება პირველი გაზეთის გამოშვება მესხეთში. პრესის პირველი ნომერი ახალციხის მაზრაში 1919 წელს 2 თებერვალს გამოვიდა.

პირველი მესხური გაზეთი 100 წლის გახდა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00
გადმოწერა

პირველი რეგიონალური გაზეთი, „განახლებული მესხეთი“, ყოველკვირეული „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ გაზეთი იყო. პირველი ნომრის დიდი ნაწილი დამფუძნებელთა კრების არჩევნებს დაეთმო. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო მუზეუმში 100 წლის წინანდელი გაზეთის მხოლოდ სამი ნომერია შემორჩენილი. მესხეთის პირველი გაზეთი კვირაში ერთხელ ქართულ და თურქულ ენებზე გამოდიოდა და ,,სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებას“ ემსახურებოდა. გაზეთი ძმებ მარტიროსიანების სტამბაში იბეჭდებოდა, რედაქცია კი ვორონცოვის ქუჩაზე მდებარეობდა. 27 მკათათვესა და 3 მარიობისთვის ნომრებში ახალი ამბების ძირითადი ნაწილი დამფუძნებელი კრების არჩევნებს, ახალციხის მაზრაში პურის ნაკლებობას, ქალაქში სომეხთა ეროვნული საბჭოს არჩევნების გადადებასა და ხორბლის მოსავალს ეძღვნება. ნომრის რედაქტორები არიან ოსმან შავყი ეფენდი მიქელაძე და ლ. რუხაძე, ხოლო გამომცემელია მიწის მუშათა საბჭო. მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ნატო ყრუაშვილი განმარტავს, რომ გაზეთის სარედაქციო კომიტეტის შესახებ სხვა ცნობები არ მოიძებნება:​

,,სამცხე–ჯავახეთშიც გაჩენილი იყო გაზეთის გამოსვლის სურვილი. ეს ბუნებრივი და საჭირო იყო უკვე, სიტუაციაც ითხოვდა ამას. ერთადერთი, ეს გაზეთები და ზაქარია დიდიმამიშვილის დღიურები გვაძლევს სრულ სურათს იმ პერიოდის სამცხე–ჯავახეთის პოლიტიკურ ცხოვრებასთან, სოციალურ ვითარებასთან დაკავშირებით, როგორი მდგომარეობა იყო შექმნილი. ეს გაზეთები წყარო–მასალის დატვირთვას იძენს“.

გაზეთი მესხეთში 1 მანეთი და 50 კაპიკი, მესხეთს გარეთ კი 2 მანეთი ღირდა, ერთი თვით შეძენის შემთხვევაში კი - 5 მანეთი და 50 კაპიკი. გამოდიოდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრაში. გაზეთში ვკითხულობთ ასევე, რომ სამგლოვიარო განცხადება 20 მანეთი ღირდა, ხელმოუწერელი წერილები კი ნომერში არ იბეჭდებოდა. 1918-1921 წლებში „განახლებული მესხეთის“ გარდა რეგიონში კიდევ ორი გაზეთი გამოდიოდა - „მესხეთ-ჯავახეთი“ და „შარჟუმი“ (სომხური მოძრაობა). 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა შეწყდა. რეგიონალური პრესა 1926 წელს გაზეთ „მიწათმოქმედის“ გამოცემით აღდგა. დღეს სამცხე-ჯავახეთში გაზეთები აღარ გამოდის, თუმცა 5 ტელევიზია, 2 რადიო და 7 ონლაინგამოცემა ფუნქციონირებს. ონლაინგამოცემისა და რადიო „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორი თამუნა უჩიძე ფიქრობს, რომ პოლარიზებული მედიასაშუალებების პირობებში რეგიონალურ მედიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

,,ფინანსური სიმცირე და საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით ან, საერთოდ, ვერმიღება, ეს არის მთავარი პრობლემა, თუმცა რეგიონულ მედიას, განსაკუთრებით პოლარიზებულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. გარდა ამისა, სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ეთიკურ პრინციპებს რეგიონული მედია ყოველთვის იცავს“.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სამცხე–ჯავახეთის რეგიონალური პერიოდიკა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ახალციხეში იბეჭდებოდა „მესხეთი“, „სამცხე-ჯავახეთი“ „სამცხე“, „ლიტერატურული მესხეთი“, „ახალციხე“, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ნომრები განსაზღვრული პერიოდულობით ვერ გამოდიოდა. ასევე 90-იანი წლების მიწურულს დაარსდა რეგიონალური ტელეკომპანიები, რადიოები და სააგენტოები. ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართულმა მედიამ რეგიონში განვითარების რთული გზა განვლო, თუმცა რუსუდან გვარამაძე მიიჩნევს, რომ მესხეთში ძირითადად ის მედიაორგანიზაციები მუშაობენ, ვისთვისაც ჟურნალისტური ღირებულებები მნიშვნელოვანია:

,,თუ გინდა იყო დამოუკიდებელი და ობიექტური, მზად უნდა იყო ფინანსური არამდგრადობისთვის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებს ინფორმაცია სრულყოფილად მიაწოდო. როგორც ჩანს, ამის შესახებ 100 წლის წინაც ფიქრობდნენ და გაზეთები გამოდიოდა როგორც ქართულ და სომხურ, ასევე თურქულ ენაზეც“.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე დააწესეს. თარიღი სიმბოლურია. 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) პირველი ქართული გაზეთის,„საქართველოს გაზეთის”, პირველი ნომერი გამოვიდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 98 არხი მაუწყებლობს. ამას ემატება ათობით რადიო და ასობით ინტერნეტგამოცემა, გაზეთი და ჟურნალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG