Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ქართველი მოკრივე ქალი ევროპის ჩემპიონატის მედლით


ანა ხუნჯუა
ანა ხუნჯუა

პირველი ქართველი მოკრივე გოგო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს. 19 წლის ანა ხუნჯუა სწორედ ამ სოფლის პატარა დარბაზში ვარჯიშობს 12 წლის ასაკიდან. ვარჯიში ბიჭებთან ერთად უწევს, რადგან ერთადერთი ქალია სოფელში, რომელიც კრივის დარბაზში სპორტის ამ სახეობას ეუფლება.

რამდენიმე დღის წინ ანამ 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და, როგორც თავად ამბობს, ყველას, ვინც კრივს „არაქალურ სპორტად“ მიიჩნევდა, საპირისპირო დაუმტკიცა. წარმატებას წინ რთული და დატვირთული ეტაპი უძღოდა:

ანა ხუნჯუა
ანა ხუნჯუა

„საკმაოდ ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი. ძალიან დიდ შრომასთან იყო ყველაფერი დაკავშირებული, რომ ჯერ გახვიდე ევროპაზე და შემდეგ მედალი აიღო. რთული იყო, მაგრამ როცა შენი თავი გადადებული გაქვს და ცდილობ მთლიანად კრივს დაუთმო შენი თავი, ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა“, - უყვება რადიო თავისუფლებას ანა ხუნჯუა.

სპორტი მამამ შეაყვარა, რომელიც მოჭიდავეებს წვრთნის იმავე დარბაზში, სადაც ახლა ანა ვარჯიშობს. სწორედ მას გაანდო 12 წლის ასაკში, რომ კრივით დაინტერესდა. მამა, ალმასხან ხუნჯუა, წინააღმდეგი არ ყოფილა, განსხვავებით დედისგან, რომელსაც გოგოსთვის სპორტის ეს სახეობა არ მოსწონდა. დამოკიდებულება მაშინ შეეცვალა, როცა ანას პირველი შეჯიბრი ნახა:

ალმასხან ხუნჯუა, ანა ხუნჯუა, ედიკა თოდუა
ალმასხან ხუნჯუა, ანა ხუნჯუა, ედიკა თოდუა

„ანა ჩემთან მოვიდა და რა იქნება, კრივი რომ ვცადოო. თუ შენ ასე გინდა, მოდი და ივარჯიშე-მეთქი, ვუთხარი. შენთვის გეცოდინება. მაგრამ ამ ყველაფერმა მერე სერიოზული სახე მიიღო. ცოტა ოჯახში იყო პრობლემა ჩემ მეუღლესთან, მაგრამ ზუგდიდში რომ ტარდებოდა შეჯიბრი, წამომყვა, ოღონდ თავის საქმეზე. ვუთხარი ცოტა ხანს დარჩენილიყო. როლებში ისე შევიდა ჩემი მეუღლე... იქიდან ყველა შეეგუა“, - იხსენებს ალმასხან ხუნჯუა.

19 წლის მოკრივეს, უკვე მეშვიდე წელია, ედიკა თოდუა წვრთნის. ამბობს, რომ ანას ვარჯიში რთულ პირობებში უწევს. მიუხედავად ამისა, სპორტისთვის თავის დანებება არც უფიქრია.

ანა ხუნჯუა უკვე ახალი შეჯიბრებისთვის ემზადება. უმთავრესი მიზანი ამ ეტაპზე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაა. 19 წლის მოკრივე ქალს სოფელში და უკვე მთელს ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG