დილას ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, საქართველოში ვიზიტად მყოფ ანდრეოლის ანაკლიის პორტის პროექტი „გააცნეს“ - ანაკლიაში მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა უმასპინძლა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრას ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელები.
ანდრეოლი დღის განმავლობაში შეხვდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს.
თბილისში, აშშ-ის საელჩოში ანდრეოლიმ შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ:
- ნიკა გვარამია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი;
- თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;
- გრიგოლ გეგელია - „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი;
- ანა ბუჩუკური - „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი;
- ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი ლიდერი.
გვარამია: „უნდა იყოს ცვლილება“
ნიკა გვარამიამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ანდრეოლის „ვიზიტი ხორციელდება ძირითადად ეკონომიკურ ლოკაციებზე, - ეს არის ფოთის პორტი, არაშენებული ანაკლიის პორტი“.
მისი თქმითვე, „შეხვედრები არის მხოლოდ საგარეო და ეკონომიკურ სამინისტროსთან“, რაც „ცხადყოფს ვიზიტის შინაარსს“.
მისი თქმითვე, ანდრეოლის უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი „არ არის ის კაცი, ვისაც წარმოუდგენია, რომ შავ ზღვაზე შეიძლება რომელიმე დასავლური დემოკრატიის ინტერესი იყოს“.
„მას აქვს ნათქვამი, რომ შავ ზღვაზე ამერიკელებს არაფერი ესაქმებათ, ამიტომ, არავითარი ანაკლიის პორტი, არავითარი მარშრუტი კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, ვიდრე ამ ქვეყანაში ივანიშვილია“, - გვარამიას თქმით, განაცხადა ანდრეოლისთან შეხვედრაზე.
„ამიტომ, უნდა იყოს ცვლილება. ამ ცვლილებას ჩვენ, როგორც ალიანსი მაქსიმალურად მივიყვანთ რეალობამდე... ასევე ვუთხარით, რაოდენ მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მათი ძალიან ხისტი დამოკიდებულება ამ ხელისუფლებასთან შენარჩუნდეს“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ბოკუჩავა: ვიზიტი „გადატვირთვას არ ემსახურება“
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ვიზიტი „არანაირ გადატვირთავს და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება“.
თუმცა, მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ინტერესები ასე არის გაძლიერებული რეგიონში“.
„სამწუხაროდ, ეს არ არის შესაძლებელი. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რეჟიმს, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალის ინტერესებს და აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს რეგიონში და საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ემსახურება ირანის, ჩინეთის და რუსული გავლენების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
გეგელია: შეუთავსებლობა აშშ-ის ინტერესებთან
„ლელოს“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ თქვა, რომ შეხვედრა „ძალიან ნაყოფიერი“ იყო.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო მიმოხილვა იმ მძიმე გამოწვევების, რაც ჩვენს დემოკრატიას გააჩნია დღეს, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის დევნის, პოლიტიკური პლურალიზმის სპობის, პოლიტიკური პარტიების გაუქმების მცდელობების მიმართულებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, - განაცხადა მან.
„ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ძალიან მძიმე და სერიოზული გეოპოლიტიკური ვითარება. ბუნებრივია, „შუა დერეფანზე“ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი“, - თქვა მან.
მისი თქმითვე, აშშ „დაინტერესებულია იმით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყოს წარმატებული და ემსახურებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისევე როგორც პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებს“.
„ამ შეხვედრაზე ჩემი გზავნილი იყო, რომ „ქოცური“ რეჟიმი არ არის თავსებადი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან და რა თქმა უნდა, „ქოცები“ არიან აფილირებული იმ მხარეებთან, რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებს ღიად ემტერება. ასეთი არის ირანი და ჩინეთი“, - განაცხადა მანაც.
ცუცქირიძე:
„თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელმა, ლევან ცუცქირიძემ შეხვედრის შემდეგ ფეისბუკზე დაწერა, რომ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრაზე „სამი მნიშვნელოვანი საკითხი“ დააყენა:
პირველი საკითხი იყო „ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
„საქართველოში, „ოცნების“ დამანგრეველი მმართველობის გამო, თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ვიღაც ემიგრაციაში და ვთხოვე, იქნებ მოიძებნოს შესაძლებლობა ამ ზედმეტად მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად ან სრულიად გასაუქმებლად ჩვენი მოქალაქეებისთვის. „ოცნება“ რომ არაფერში ვარგა, ვიცით, მაგრამ ჩვენი და ამერიკელი ხალხის მეგობრობა უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა“, - დაწერა მან.
საუბარია იმაზე, რომ 2026 წლის ორი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდა მოუწევთ.
ეს თანხა მათ სავიზო წესების დაურღვევლობის შემთხვევაში დაუბრუნდებათ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრა კიდევ 12 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც B1/B2 კატეგორიის ვიზის აღებისას მოუწევთ სავალდებულო ფულადი გარანტიის გადახდა.
ცუცქირიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე დააფიქსირა, რომ „პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ“ და რომ „დემოკრატიული საქართველო საუკეთესო პარტნიორია“.
შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილთან
დღის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პიტერ ანდრეოლიმ შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან. მას ეკონომიკის სამინისტროში უმასპინძლეს - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პარსელთან ერთად.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს „შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე“.
ამავე წყაროს თანახმად, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინტერესსა და ოპტიმისტურ მოლოდინზე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე.
სამინისტროს პრესცენტრი წერს, რომ შეხვედრისას „მხარეებმა განიხილეს“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას“, - წერს სამინისტრო და კვლავ საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ხშირად ნახსენებს პროექტებზე:
- საპორტო ინფრასტრუქტურა,
- რკინიგზის მოდერნიზაცია,
- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი.
სამინისტროს თანახმად, მათი „ექსპლუატაციაში სრულფასოვანი შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მონაწილის, კონკურენტუნარიანობა“.
- პიტერ ანდრეოლი არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
- ანდრეოლი 20 მარტს იმყოფებოდა აშშ-ში საქართველოს საელჩოში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
- „მან მიუსამძიმრა ქართველ ერს და საქართველოსადმი პატრიარქის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა“, - წერდა გასულ პარასკევს ელჩი თამარ ტალიაშვილი.
- პიტერ ანდრეოლი 2025 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო დეპარტამენტში იკავებდა რუსეთის საკითხების სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს სამსახური არის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ერთ-ერთი მიმართულება.
- ამ პოზიციაზე მან მოსკოვშიც იმოგზაურა - ის იქ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში იმყოფებოდა; შეხვდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს.
ფორუმი