Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი

პიტერ ანდრეოლი აშშ-ის საელჩოში
პიტერ ანდრეოლი აშშ-ის საელჩოში

თბილისს ეწვია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც მიმდინარე კვირაში შეხვედრებს გამართავს.

ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, პიტერ ანდრეოლი უკვე ჩამოსულია საქართველოში.

ვის შეხვდება ის

„ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს“, - აანონსებს შეერთებული შტატების საელჩო.

ამავე წყაროს თანახმად, პიტერ ანდრეოლი ასევე გაემგზავრება ფოთში, „რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია, და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“.

ვინ არის პიტერ ანდრეოლი

პიტერ ანდრეოლი არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

ანდრეოლი 20 მარტს იმყოფებოდა აშშ-ში საქართველოს საელჩოში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„მან მიუსამძიმრა ქართველ ერს და საქართველოსადმი პატრიარქის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა“, - წერდა გასულ პარასკევს ელჩი თამარ ტალიაშვილი.

პიტერ ანდრეოლი 2025 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო დეპარტამენტში იკავებდა რუსეთის საკითხების სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს სამსახური არის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ერთ-ერთი მიმართულება.

ამ პოზიციაზე მან მოსკოვშიც იმოგზაურა - ის იქ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში იმყოფებოდა; შეხვდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს.

კონტექსტი

  • 2024 წლის 30 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა - წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, - საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
  • ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს; ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაშალეს;
  • ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში, სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებსა და სხვა უწყებებში, ასევე კონგრესის წევრებთან.
  • ამ შეხვედრების ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ ელიან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას.
  • ჯერჯერობით აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა და სტრატეგიული პარტნიორობა არ განახლებულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG