Accessibility links

site logo site logo

"პოლექსიტი" და პოლიტიკური თამაშები ევროკავშირის კანონმდებლობასთან


პოლონეთმა, ევროკავშირთან კონფლიქტში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, ბრიუსელის მიმართულებით ყველაზე დიდი ჭურვი ისროლა, როდესაც რამდენიმე დღის წინ, მისმა საკონსტიტუციო სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროკავშირის კანონის უპირატესობა პოლონეთის კანონთან შედარებით.

ბევრმა ეს აღიქვა, როგორც ევროკავშირის სასამართლო სისტემაზე პირდაპირი თავდასხმა. დაპირისპირება კი პიკს, ალბათ, 19 ოქტომბერს მიაღწევს, როდესაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი დიდწილად მტრულად განწყობილი ევროპარლამენტის წინაშე წარდგება ვითარების განსამარტად. თუმცა "პოლექსიტი" - პოლონეთის მიერ, ბრიტანეთის მსგავსად ალიანსის დატოვება - მოსალოდნელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მაინც.

ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მთელი ეს ვითარება სინამდვილეში "პოლიტიზებულ სამართალთანაა" დაკავშირებული, თან არაერთი კუთხით. ცხადია, რომ მას პოლონეთის მმართველიო პარტია იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, მაგრამ ამით სარგებლობას ოპოზიციაც თანაბრად შეეცდება. საბოლოოდ კი დაძაბულობის განმუხტვა და გამოსავლის მონახვა ევროკომისიის კისერზე იქნება და ეს გამოსავალი უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამართლებრივი.

საბოლოოდ პოლიტიკა, როგორც წესი, ძლევს ხოლმე სამართალს მაშინაც კი, როდესაც საქმე შეეხება საერთო საკანონმდებლო წესრიგის იდეით გაერთიანებულ ევროკავშირს.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ პოლონური სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომელიც მიიღო. კრიტიკოსების აზრით ხომ ამ ინსტიტუტმა დიდი ხნის წინათ დაკარგა დამოუკიდებლობა. თავად გადაწყვეტილება მორავეცკის ნაკარნახები იყო მას შემდეგ, რაც ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ წლის დასაწყისში განსაჯა, რომ პოლონეთის უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის ახალი რეგულაციები ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის კანონმდებლობას. შანსი არ იყო, რომ სასამართლოს ქვეყნის ლიდერი დაემცირებინა ბრიუსელთან ბრძოლაში, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობს.

მართალია, ზოგი ელოდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას გაურკვეველი დროით გადაავადებდა, რათა თავიდან აერიდებინა პირდაპირი შეტაკება ბრიუსელთან, მაგრამ ეს იმედი ფუჭი აღმოჩნდა. გადაწყვეტილება ამ კვირაში გამოქვეყნდა და, შესაბამისად, ოფიციალურად შევიდა ძალაში. მორავეცკის საკუთარი იუსტიციის მინისტრიც და, ზოგადად, ამომრჩეველიც უნდა დაეშოშმინებინა - ისინი, ვინც ბრიუსელის ქმედებებს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქვამს.

ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და მას ბევრნაირად შეუძლია პასუხის გაცემა. სავარაუდოდ, ალიანსი მორიგ საკანონმდებლო პროცედურას წამოიწყებს, რომელსაც საბოლოოდ მოიგებს კიდეც და პოლონეთს მოზრდილ ჯარიმას დააკისრებს, რომლის გადახდაც მას მანამ მოუწევს, ვიდრე გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება.

მან შეიძლება ასევე სთხოვოს ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს, რომ რეკორდულად მაღალი ყოველდღიური ჯარიმა დააკისროს პოლონეთს ამ ზაფხულს მიღებული ბრძანების - პოლონეთის მოსამართლეების ახლად შექმნილი სადისციპლინო ორგანოს გაუქმების დაუმორჩილებლობისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლომ ვარშავას ცოტა ხნის წინ ყოველდღიურად 500 ათასი ევროს გადახდა დააკისრა ჩეხეთის მახლობლად მაღაროში მუშაობის შეჩერების ბრძანების უგულებელყოფისთვის, გამოდის, რომ პოლონეთის მთავრობას სიჯიუტე კარგა ძვირი დაუჯდება - პირდაპირი გაგებით.

ევროკომისიის არსენალში ყველაზე დიდი იარაღი ალბათ სწორედ მეტი ფულის დაკარგვის მუქარაა.

ვიდრე დაპირისპირება გაგრძელდება, ვარშავამ უნდა დაივიწყოს ის 57 მილიარდი ევრო, რომელიც კორონავირუსის დასახმარებლად ევროკავშირს მისთვის უნდა გამოეყო. ევროკავშირს ასევე შეუძლია აამოქმედოს კანონის უზენაესობის მექანიზმი, რომელზეც შარშან, უნგრეთთან და პოლონეთთან წინააღმდეგობის ფონზე შეთანხმდნენ და რომლის მიხედვითაც ალიანსს შეუძლია შეაჩეროს რეგულარული გადახდები ბიუჯეტში, თუ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულმა ხარვეზებმა შეიძლება ევროკავშირის სახსრების არასწორი გამოყენების შესაძლებლობა შექმნას.

და, მართალია ბრიუსელი, ალბათ, საჭიროდ ჩათვლის პოლონეთის სამაგალითოდ დასჯას და ამით სხვების - გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიშელ ბარნიეს - გაფრთხილებას, რომლებმაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობა, კომისია მაინც მოერიდება პოლონეთის მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრის გამოჩენას. ევროკომისიას პოლონეთის მხარდაჭერა დასჭირდება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველი კანონმდებლობის გასატარებლად. მას ასევე არ სურს პოლონეთის მოქალაქეების დასჯა, რადგან მათ შორის ევროკავშირი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს. პოლონელების 90 პროცენტს სურს ქვეყნის ალიანსში დარჩენა და ეს სტატისტიკაც მარტივად აიხსნება.

2004 წელს პოლონეთის ალიანსში გაწევრიანების შემდეგ 2 მილიონზე მეტმა პოლონელმა შეძლო ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყანაში მუშაობა. მას შემდეგ ქვეყანამ ასევე დაახლოებით 127 მილიარდი ევრო მიიღო ევროკავშირისგან - მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა წევრმა სახელმწიფომ. ამან კი ხელი შეუწყო, რომ პოლონეთის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალოსთან შედარებით 45 პროცენტიდან 15 წლის შემდეგ 70 პროცენტამდე გაზრდილიყო.

ამასთან პოლონეთს, ბრიტანეთისგან განსხვავებით, არც ბირთვული არსენალი გააჩნია, არც დიდი შვიდეულის ან, თუნდაც, დიდი ოცეულის მაგიდასთან ეკუთვნის ადგილი და არც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია. მას არც უამრავი ყოფილი კოლონია გააჩნია, რომელთანაც ახლო კულტურული თუ ეკონომიკური კავშირები ექნებოდა. პოლექსიტი პოლონელების უმეტესობისათვის წარმოუდგენელია. თუმცა, პოლონეთის ოპოზიციისათვის ეს მნიშვნელოვანი სალაპარაკო თემაა. მათთვის პოლექსიტის საფრთხე შეიძლება საუცხოო შემაკავშირებელი საკითხი აღმოჩნდეს ძალაუფლების დასაბრუნებლად, მრავალი წლის განმავლობაში განცდილი არაერთი მარცხის შემდეგ. ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი საშინაო, ოპოზიციურ პოლიტიკას დაუბრუნდა. ქუჩაში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები იმართება. პოლექსიტის საფრთხემ მმართველ პარტიას შესაძლოა ბოლო მოუღოს.

მაგრამ ის, რომ ოფიციალური პოლექსიტის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას, არ ნიშნავს, რომ სამართლებრივად ის უკვე არ განხორციელებულა. ახლა ყველას ყურადღება პოლონელ მოსამართლეებზეა, რომლებიც სამართლებრივ რუხ ზონაში მოღვაწეობენ და უწევთ არჩევანი გააკეთონ ევროკავშირის კანონების დარღვევასა და საკუთარ კონსტიტუციას შორის. ბოლოდროინდელი მოვლენების პასუხად ირლანდიამ და ნიდერლანდებმა პოლონეთში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის პროცესიც კი შეაჩერეს, რადგან შიშობენ, რომ ქვეყნის სასამართლო მათ საქმეებს სამართლიანად არ განიხილავს.

ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ, ადრე თუ გვიან პოლონეთის მთავრობა უკან დაიხევს - საკმარისად და ჩუმად. მაგრამ ახლა წინა პლანზე სწორედ პოლიტიკური თამაშებია და ისე მოჩანს, თითქოს ევროკავშირის სამართლებრივ საფუძველს უფრო და უფრო დიდი ბზარი უჩნდება.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG