ავტორი: ედვარდ შაიბეგიანი
საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს უდგათ არა მხოლოდ იდეოლოგიური კრიზისი, არამედ ორგანიზაციული თუ ინსტიტუციონალური განვითარების პრობლემები, რაც ხელს უშლის ზოგადად ქვეყანაში წარმატებული პარტიული პოლიტიკის განვითარებას. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული გამოწვევა ქართული პოლიტიკური პარტიებისათვის არის დაფინანსების არაეფექტური და პოლიტიკურად უშინაარსო სისტემა. წარმოდგენილი წერილი არის მცდელობა საქართველოში პარტიების დაფინანსების თუ შემოსავლების მოკლე მიმოხილვისა, სტატია ასევე შეეცდება ახსნას თუ რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ პარტიების დაფინანსების ევროპული პრაქტიკისგან.
პარტიის ქონებას ქმნის: საწევრო შენატანები, შემოწირულობები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი. ქართული კანონმდებლობა განმარტავს, რომ შემოწირულობად ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ პარტიისთვის ჩარიცხული თანხა, პარტიის ანგარიშზე საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა და ასევე ის მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობა რაც პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისგან უასასყიდლო ან შეღავათიანი პირობებით იქნა მიღებული. თუმცა, კანონმდებლობით, პარტიას ასევე უფლება აქვს აიღოს კრედიტი საქართველოში მოქმედი კომმერციული ბანკისგან „საერთო რაოდენობის არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში.“
ქართულ კანონმდებლობას ცხადია ასევე აქვს გარკვეული აკრძალვები პარტიების დაფინანსების კუთხით. კერძოდ, იმავე ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ მოძრაობებიდან, სახელმწიფო ორგანოებისგან ან სახელმწიფოსთან ასოცირებული ორგანიზაციებიდან გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არასამეწარმეო იურიდული პირისგან ან რელიგიური ინსტიტუციებისგან, მოქალაქეობის არმქონე პირისგან და ანონიმური ფორმით. თუმცა, პარტიამ შესაძლოა მიიღო შემოსავალი რაიმე საჯარო ღონისძიებებისგან, მაგრამ კანონი განსაზღვრავს რომ ასეთი აქტივობიდან მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში. ასევე, კანონმდებლობით, პარტიის მიერ ყოველი მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო ყოველი იურიდიული პირისგან მიღებული შემოწირულობები კი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. ხოლო რაც შეეხება პარტიის წევრების საწევრო შენატანს, თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.
როგორც უკვე აღინიშნა, ქართული კანონმდებლობით, პარტიების დაფინანსების წყაროს აგრეთვე წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები. კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს პარტიებისათვის რისი მიზანიც არის მათი საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ განმარტავს: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით).“ შესაბამისად, როგორც ვხედავთ, ქართული კანონმდებლობა არ ანიჭებს სახელმწიფოს უფლებას მოახდინოს საქართველოში რეგისტრირებული ყველა პარტიის სუბსიდირება. კანონი მკაფიოდ განმარტავს, რომ მხოლოდ ის პარტია იღებს დაფინანსებას რომელიც მიიღებს ხმათა 3 პროცენტს და შესაბამისად განიხილება როგორც კვალიფიციური სუბიექტი.მიუხედავად იმისა, რომ კანონით პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ აამუშავონ შემოსავლების მიღების თუ გაზრდის სხვადასხვა მექანიზმები თუ საშულებები, როგორც წესი მათი მოქმედების სტრატეგია ამ კუთხით არ არის მოქნილი და ორიგინალური. საქართველოში, მეინსტრიმულ პარტიათა ძირითადი შემოსავლის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება და შემოწირულობებია.აგრეთვე, მათი შემოსავლის წყაროებია ფულადი და არაფულადი შემოწირულობები, ხოლო რაც შეეხება საწევრო შენატანებს, როგორც ვხედავთ ეს სეგმენტი არანაირ როლს არ ასრულებს პარტიათა დაფინანსების პროცესში.
რასაკვირველია, საწევრო გადასახადების ასეთი დაბალი მაჩვენებელი მიუნიშნებს იმაზე, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში მათი წევრები მინიმალურ როლს ასრულებენ და პარტიის ფინანსური აგებულება მთლიანად სახელმწიფოსა და ბიზნეს ჯგუფებზეა მიბმული. ეს კი ცხადია თავის მხრივ მიანიშნებს მოქალაქეთა პოლიტიკურ ნიჰილიზმსა და პარტიებისადმი სკეპტიკურ განწყობებზე. თუმცა, რასაკვირველია, საწევრო შენატანების არ არსებობა შესაძლოა ასევე გამოწვეული იყოს დაბალი ეკონომიკური განვითარებით. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენში დემოკრატია არ მუშაობს, რადგან ღარიბი ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ვერ იქნება დემოკრატიული ორგანიზმის მატარებელი.