ავტორი: გიორგი გოგუა
სახელმწიფოში, რომელშიც მზარდია პოლიტიკური პოლარიზაციის შემთხვევები, საქმე გვაქვს დემოკრატიზაციის პროცესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტრუმენტის, პლურალიზმის - მახინჯგამოვლინებასთან. პოლარიზებული გარემო, იმდაგვარ სიტუაციას ასახავს სადაც ერთის მხრივ არ იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება,ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. თუმცა, მეორეს მხრივ პოლარიზებულ სივრცეში, ამავე უფლებებზე დაყრდნობით ადგილი აქვს : პოლიტიკური პროცესების მკვეთრი რადიკალიზაციის ფართო შესაძლებლობასაც. რამდენადაც, პოლარიზებული პოლიტიკური გარემო მოიაზრებს განსხვავებულ პოზიციათა მწვავე ჭიდილს. რბილად რომ ვთქვათ, ეს ხშირ შემთხვევაში ქმნის არაპოლიტკორექტულ გარემოს, სადაცსაზოგადოებრივჯგუფებს შორის ოპონირების ფორმები სცდება სამოქალაქო ეთიკით გათვალისწინებულ ჩარჩოებსაც. პოლიტიკური პოლარიზაციის შემთხვევაში ადგილი აქვს, მოწინააღმდგეთა შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მუქარის ენით საუბარს და ოპონენტთა დაშინების ფაქტებს. ამ ყველაფრის შედეგად კი ვიღებთ დეზორგანიზებულ, გახლეჩილ საზოგადოებას რომელთა შორის გაძნელებულია კონსესუსირიგ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. პოლიტიკური პოლარიზაციისას, განსხვავებულ ჯგუფთა შორის დომინირების სურვილი იმაში მდგომარეობს, რომ ამ სრბოლაში მოქმედებს პრინციპი: - ‘’გამარჯვებული იღებს ყველაფერს’’. რაც შეეხება ‘’გამარჯვების მიღწევაში’’ გამოყენებულ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს, იგი თავის მხრივ მოიცავს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, აგრეთვე მას-მედიის საშუალებებს, გავლენებს დაქვემდებარებულ ინტერესთა ჯგუფებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ყველა იმ აქტორს, რომელიც მეტ-ნაკლებად მონაწილეობს ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. სხვა უამრავ ნეგატიურ შედეგებთან ერთად, პოლიტიკური პოლარიზაცია ქმნის არამდგრად პოლიტიკური სისტემებსა და ინსტიტუტებს, რომელიც საერთ ჯამში მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მთლიანად ქვეყნის განვითარების პროცესს.
პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი მეტ-ნაკლებად ყველა პოლიტიკური სისტემისთვისაა დამახასიათებელი და მას ადგილი აქვს, როგორც ლიბერალური დემოკრატიების, ისე დემოკრატიზაციის გზაზე მდგარი ისეთი ქვეყნებისშემთხვევაშიც,როგორიც საქართველოა.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ის მუხტი, რაც 90_იანი წლების დასაწყისში არსებობდა, ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ნელ-ნელა ჩაქრა. ამ პერიოდში საზოგადოების კონსოლიდირებული, ერთსულოვანი მოქმედება სწორედ, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ეგიდით ხორციელდებოდა. ნანატრი თავისუფლების შემდეგ კი ქართულ საზოგადოებაში ეტაპობრივად გაჩნდნენ ანტაგონისტური ძალები, რომელთა დაპირისპირებამ სამოქალაქო ომი და დიდი სისხლისღვრაც კი გამოიწვია. ამდენან, პოლიტიკური პოლარიზაციის პირველი და ყველაზე უფრო დრამატული მონაკვეთი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან გახდა აშკარა და ხელშესახები, რამეთუ ამ პერიოდში მთელი საზოგადოება დაიყო ორ ურთერთდაპირისპირებულ ჯგუფად - ‘’ზვიადისტებად’’ და შევარდნაძის მომხრეებად. ამდენად ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ეს პროცესები ასახავენ უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემთხვევას, რა დროსაც საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა. როცა ქვეყნის შიგნით ამგვარი ვითარება სუფევდა, სახელმწიფო მოწყვლადი გახდა ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაში, ცხადია ნეგატიური გავლენა იქონია სწორედ შიდა ძალებს შორის განხეთქილებამ და საერთო სულისკვეთების არ ქონამ.
90_იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს, წარსული მოვლენების ფონზე საქართველო მეტ-ნაკლებად სტაბილური განვითარების გზას დაადგა, თუმცა მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი. ორივე მათგანი ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეა, რომლთან გასამკლავებლადაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს : კონსოლიდირებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა პარალელურად კი იმ ინტერესთა ჯგუფებისათვის ფინანსური წყაროს გადაკეტვა, რომლებიც ამ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტს წარმოადგენენ.
და ბოლოს, პოლიტიკური პოლარიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელთან გასამკლავებლადაც მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესობის, ღია და გამჭვირვალე მმართველობითი პროცესების, პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ამ პროცესში კი უნდა გვახსოვდეს, რომ მას-მედიას უდიდესი ფუნქცია აკისრია.