Accessibility links

site logo site logo

„პოლიცია პოლიციელს არ დასჯის“ - ბათუმში არასრულწლოვნები გამოძიებასთან  არ თანამშრომლობენ


პოლიცია. ბათუმი (ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან)

17 წლის არასრულწლოვანი, რომელმაც გუშინ  რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას და მის ორ მეგობარს ბათუმში პოლიციელები იარაღით დაემუქრნენ და შეაშინეს, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, ასეთივე პოზიცია აქვთ მის მეგობრებსაც. 

შშს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტმა ბათუმში პოლიციელების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო ძალადობის ფაქტის მოკვლევა 11 მაისს დაიწყო. მოზარდის თქმით, გამოკითხვაზე მშობლებთან ერთად 12 მაისს დაიბარეს, მაგრამ არ მივიდა და არც აპირებს ჩვენება მისცეს იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებსაც 11 მაისს საჯაროდ დასდო ბრალი ფსიქოლოგიურ ძალადობასა და იარაღით მუქარაში.

„პოლიცია თავის თანამშრომელს დაიცავს. პოლიციელი მეორე პოლიციელს ხელს დააფარებს. პასუხი, რა თქმა უნდა, უნდა აგონ, მაგრამ ჩემი ჩარევის გარეშე. სამივე დაგვიბარეს, მაგრამ ჩვენ წამსვლელები არ ვართ. არც მშობლები არიან თანახმა. განცხადებაც კი არ შეგვიტანია პოლიციაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ამბავი დამთავრდეს. აღარ მაინტერესებს პოლიციელები. მიხედონ თავიანთ საქმეს. მე ჩემს საქმეს მივხედავ. მიზეზი ისაა, რომ დავიღალე. დამიწყებენ წვალებას, ყოველდღე დაბარებას და კითხვების დასმას. მიზეზი ისიცაა, რომ ის ორივე ბიჭი არ აძლევს ჩვენებას და მხოლოდ მე არ დამიჯერებენ“, - ამბობს მოზარდი.

17 წლის ბათუმელმა არასრულწლოვანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მასთან ერთად მისი ორი მეგობარი, ორივე სკოლის მოსწავლე (13 და 14 წლის), 11 მაისს სამმა პოლიციელმა მანქანაში ჩაისვა, იარაღით დაემუქრა და გამთენიისას ქალაქგარეთ, სახლიდან მოშორებით, ჩამოსვა.

„ძალიან მძიმეა ამის მოსმენა, რადგან ამ ბავშვების აქტიურობით შესაძლებელი იქნებოდა სამომავლოდ სხვა ბავშვებს არ დამუქრებოდათ მსგავსი საფრთხე პოლიციისგან“, - ამბობს ამ საქმის ერთ-ერთი მოწმე, გოჩა სურგულაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ გუშინ, გამთენიისას, პოლიციელების მიერ ქალაქგარეთ დატოვებული სამი ბავშვი სახლთან საკუთარი მანქანით მიიყვანა.

ბათუმის უნივერსიტეტის მასწავლებელმა გამოძიებას დღეს დეტალურად უამბო ბავშვებთან შეხვედრის ისტორია:

„მკითხეს, როგორ და სად შევხვდი ბავშვებს, რა საკითხზე მესაუბრნენ. მოვუყევი, როგორი შეშინებულები იყვნენ ისინი, როგორ გამოვკითხე დეტალურად და დავინტერესდი, ადრე დილით რატომ იყვნენ ისინი ქალაქის ამ ნაწილში. დაკითხვაში აღვწერე, როგორ საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიციამ ინასარიძის ქუჩიდან წაიყვანა მდინარე ჭოროხის სანაპიროზე და გზაში ემუქრებოდნენ მუხლების დახვრეტით იარაღის გამოყენებით. აგინებდნენ დედებს“.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნები და მათი მშობლები გენერალური ინსპექციის დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, გამოძიებას აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეისწავლოს მომხდარი. იმ უბანში, სადაც ბავშვების მონაყოლით, ისინი პოლიციამ მანქანაში ჩაისხა, ბევრი კომერციული ობიექტია სათვალთვალო კამერებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ამ საქმეზე მოკვლევა მიმდნარეობს, პროცესის დეტალებზე კი უწყება არაფერს ამბობს. დეტალებზე არც სახალხო დამცველის აპარატი ლაპარაკობს, რომელიც ამ საქმეს სწავლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG