Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნეკნი აქვს მოტეხილი“ - რა დაზიანებები აქვთ გორში პოლიციელების მიერ ნაცემ კაცებს

მარცხნივ: ლაშა აბისულაშვილი, მარჯვნივ: პაპუნა ლოცულაშვილი
მარცხნივ: ლაშა აბისულაშვილი, მარჯვნივ: პაპუნა ლოცულაშვილი

პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც გორში, „კომბინატის“ დასახლებაში, პოლიციელებმა იძალადეს, ნეკნი აქვს გატეხილი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.

მისივე ცნობით, ისეთი დაზიანება, როგორიც ნეკნის მოტეხაა, სტაციონარში მკურნალობას არ საჭიროებს.

ექიმის თანახმად, პაპუნა ლოცულაშვილი „თვითდინებით“ მივიდა კლინიკაში 28 მაისს, ღამის 2 საათსა და 10 წუთზე და სამედიცინო მომსახურება გაეწია.

„კონსულტაცია გაუწია სხვადასხვა სპეციალისტმა, მათ შორის ნევროლოგმა. არ ჩაითვალა საჭიროდ, რომ ესაჭიროებოდა სტაციონარული მკურნალობა და პაციენტი შესაბამისი რეკომენდაციით ამბულატორიულ მკურნალობაზე გაიწერა“, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

პაციენტს ზედაპირული დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

„მას აქვს თავის ზედაპირული ტრავმა, აღენიშნებოდა გულმკერდზე მარჯვნივ მეორე ნეკნის მოტეხილობა, სხივ-მაჯის სახსრის დაჟეჟილობა და ღრძობა“, - აცხადებენ კლინიკაში.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ცნობით კი მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩალურჯებები, სისხლნაჟღენთები და დაბეჟილობა აქვს.

„ხილული დაზიანებები აქვს მხარზე, მუცელზე, ფეხებზე, ხელი დაჭიმული აქვს და სარტყელი დაადეს. დაზიანებებს შორისაა სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები, ჩალურჯება, სხვადასხვა... ზუსტად სამედიცინო ბარათშია აღბეჭდილი და კიდევ უფრო ზუსტად ექსპერტიზის დასკვნაში დაიწერება“, - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.

რა დაზიანებები აქვს ლაშა აბისულაშვილს - დედის მონათხრობი

პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკაში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მივიდა. ექსპერტიზაზე იყო მისი მეგობარი, ლაშა აბისულაშვილიც. qartli.ge-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელები ლაშა აბისულაშვილზეც ძალადობენ.

„ჩემი შვილი სახლშია, სამედიცინო დაწესებულებაში იყო, ჩაუტარდა ექსპერტიზა. ფეხზე აქვს დაზიანება, შუბლთან, როცა სცემეს და წააქციეს, თავზე დაადეს ფეხი, არ ვიცი სად უნდა წასულიყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა აბისულაშვილის დედამ, ნინო ელიკაშვილმა.

მას შვილი მოუყვა, რომ პაპუნა ლოცულაშვილი შესვენებაზე ლაშა აბისულაშვილის ავეჯის საწყობში მივიდა. მისი თქმით, ისინი „ბავშვობიდან მეგობრობენ“.

„საქართველოს ბანკიდან" შესვენებაზე იყო გასული ჩემს შვილთან, ჩვენ გვაქვს ავეჯის საწყობი, წაიხემსეს ცოტა და რომ გამოვიდა გარეთ, ცუდად მიუყენებიათ მანქანა კრიმინალურის თანამშრომლებს... შენიშვნასავით მიუცია [პაპუნა ლოცულაშვილს], გამატარეთ, სამსახურში მივდივარო. არ ვიცი რა არ მოეწონათ [პოლიციელებს], ამის გამო შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და ფიზიკურ ძალადობაზე. ამ ყვირილზე გავიდა ჩემი შვილიც, ყვირილიც არა, ღმუილი იყოო, მომაკვდავი ადამიანის. იგივე ხმამ მიიპყრო იქ მცხოვრები ჟურნალისტის, ლადო ბიჭაშვილის ყურადღებაც“, - ამბობს ნინო ელიკაშვილი.

პაპუნა ლოცულაშვილი, ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ცნობით, "საქართველოს ბანკში" მუშაობს და ბანკის ქოლცენტრის სამსახურის უფროსი მენეჯერია.

ნინო ელიკაშვილს შვილი იმასაც მოუყვა, რომ პოლიციელები იმუქრებოდნენ: „ყვიროდნენო, 7-წლიანზე სისხლით გაუშვითო...რომ არა ეს კადრები, ასეც მოხდებოდა“, - ამბობს ის.

„პაპუნა ლოცულაშვილი სახლშია“

რას ჰყვება თავად პაპუნა ლოცულაშვილი, როგორ დაიწყო პოლიციასთან დაპირისპირება - ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან მომხდარზე დეტალურად გასაუბრების საშუალება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ არ მისცემია.

„პაპუნა ლოცულაშვილი სახლშია და ამ ეტაპზე მისი პოზიციაა, რომ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია არ სურს“, - ამბობს ადვოკატი.

საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია მომხდარის შესახებ პოლიციელების ვერსია - რა უძღოდა მომხდარს წინ, რატომ შეიძლება ჩაეკეტათ გზა პაპუნა ლოცულაშვილისთვის, რატომ აკავებდნენ მას და რატომ არ წარიმართა სამართლებრივი პროცედურა კანონის თანახმად?

ეს კითხვები რადიო თავისუფლებამ პროკურატურას დაუსვა და პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

მომხდარიდან მეორე დღეს, პროკურატურამ ექვსი პოლიციელი დააკავა. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

რა მოხდა გორში

გუშინ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“ კაცზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც ნაცემია, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ის გაუშვეს, თუმცა გამოძიება ისევ გრძელდება“, - დააზუსტა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

ადვოკატი არ ეთანხმება მუხლს, რომლითაც გამოძიება დაიწყო და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წამებაა“, - თქვა მან.

გამოხმაურებები

  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
  • იურისტი ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG