Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელთა დანაშაული - რას შეცვლის სახელმწიფო ინსპექტორი?


საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დაიკავა. მის კანდიდატურას პარლამენტში 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მომავალი 6 წლის განმავლობაში ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს სტრუქტურას, რომლის ფუნქცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგი და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება იქნება. კერძოდ, სამართალდამცავთა მიერ შესაძლოდ ჩადენილი დანაშაულთა წრე, რომლის გამოძიების კომპეტენციაც სახელმწიფო ინსპექტორს აქვს, არის:

  • წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;
  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით;
  • .ჩვენების მიცემის იძულება;
  • სამართალდამცავის მიერ შესაძლოდ ჩადენილი სხვა ნებისმიერი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ.

სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით სახალხო დამცველმა პროკურატურას 106 წინადადებით მიმართა. აქედან 55 პოლიციელების მიმართ, ხოლო 51 ციხის თანამშრომლების მიმართ.

ომბუდსმენის ვარაუდით, ამ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე გვეუბნება, სამწუხაროდ, ამ საქმეთაგან არც ერთში არ მომხდარა დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება და არავის წარდგენია ბრალი.

კიდევ ერთ მონაცემს აქვეყნებს "კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის". კოალიციის თანახმად, ბოლო წლების შიდა სტატისტიკით, სამართალდამცავთა მიერ 90-ზე მეტი შესაძლო დანაშაულია დაფიქსირებული, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი.

რას შეცვლის დამოუკიდებელი მექანიზმი

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედების მიმართ მოლოდინი საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია. სამართალდამცავთა დაუსჯელობის პრობლემის დაძლევის მიზნით, ქვეყანაში ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას სამოქალაქო სექტორი, სახალხო დამცველთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა. როგორც „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი, სოფო ვერძეული გვეუბნება, მთავარი მიზანი, რასაც ამ მექანიზმმა უნდა უპასუხოს, არასათანადო მოპყრობის საქმეების დროული და ობიექტური გამოძიებაა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორიც, თუმცა სახეზეა მოცემულობაც, რომელიც ამ ამოცანების სრულფასოვნად შესრულებას შეუშლის ხელს. კერძოდ:

  • ინსპექტორს აქვს მხოლოდ გამოძიების და არა სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილება
  • გამოძიების პროცესში მას ზედამხედველობას ისევ პროკურატურა გაუწევს
  • შეზღუდულია სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულის ჩამონათვალი

ამ მოცემულობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის, გია გვილავას შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიების მანდატში ვერ მოხვდებოდა, მაგალითად,

აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე, რომელშიც სამართალდამცველთა სავარაუდო პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება
  • “ბირჟა მაფიის“ საქმე, როდესაც ორი პირი დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. მოგვიანებით პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

რა შემთხვევაში შეუძლია მიმართოს რეაგირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოქალაქემ?

სახელმწიფო ინსპექტორს მოქალაქეს შეუძლია მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი, რომ პოლიციამ დანაშაული ჩაიდინა- სცემა მოქალაქეს, გადაამეტა უფლებამოსილებებს და სახეზე გვაქვს დანაშაული. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენცია ძირითადად სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულს მოიცავს და არ ვრცელდება ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა მაგალითად, ნარკოტიკების ჩადება. სამოქალაქო სექტორი დანაშაულის წრის გაფართოვებას და პასუხიმგებლობის ყველა იმ შემთხვევაზე გავრცელებას ითხოვდა, სადაც ინტერესთა კონფლიქტია სახეზე. მოთხოვნა გაუზიარებელი დარჩა.

გახმაურებული საქმეები, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებდა

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორი მხოლოდ იმ დანაშაულებებზე რეაგირებას შეძლებს, რომელთაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ძალაში შესვლის შემდეგ ჰქონდათ ადგილი. თუმცა, პირობითად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უახლოეს წარსულში მომხდარი ის საქმეები, რომლებშიც იკვეთება პოლიციელთა შესაძლო დანაშაული და პოტენციურად შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის რეაგირების საგანი:

ზვიად რატიანი
ზვიად რატიანი

  • ზვიად რატიანის საქმე - 2017 წლის 24 დეკემბერს, საპოლიციო რეიდის დროს, პოლიციამ პოეტი ზვიად რატიანი დააკავა და სცემა. ფიზიკური დაზიანებები მას სხეულზე და სახეზე აღენიშნებოდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეაფასა პოლიციის მხრიდან პირადი მობილური ტელეფონით დაკავებული ზვიად რატიანის თვითნებური გადაღების და შემდგომში ამ ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის ფაქტი. ინსპექტორმა ორივე ნაწილში დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კანონის მოთხოვნების დარღვევა და სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
  • დემურ სტურუას საქმე - სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 2016 აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა

  • ამირან კვირიკაშვილის საქმე - ხარაგაულში მცხოვრებმა ამირან კვირიკაშვილმა თავი 2017 წლის 4 ნოემბერს მოიკლა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ის ადგილობრივ პოლიციაში დაიბარეს და ქურდობის გაუხსნელი ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ. გარდაცვლილის ძმის არჩილ კვირიკაშვილის თქმით, ხარაგაულის პოლიციაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, მის ძმასთან ერთად, ქურდობის ფაქტების აღიარებას მასაც აიძულებდნენ. იმავე წლის დეკემბერში ხარაგაულის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
  • არასრულწლოვან თ.ა-ს საქმე -16 წლის მო­ზარ­დი, ბოლ­ნის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი თვის წინ ქურ­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მის­გან თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას ითხოვ­დნენ, რა დრო­საც, მოზარდის თანახმად, მას სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. პო­ლი­ცი­ელ­მა კონ­სტან­ტი­ნე ქო­ჩიშ­ვილ­მა, არას­რულ­წლო­ვანს წიხ­ლი ჩა­არ­ტყა, სკა­მი­დან გა­და­აგ­დო და ხელი მო­ტე­ხა. დაცვის მხარის თანახმად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რა­ში, მი­ნი­მუმ 7 სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ღებულობდა მონაწილეობას.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის მანდატით განსახილველ საქმეთა შორის მოხვდებოდა ასევე გიორგი მიქიაშვილისა და სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმეები. პოლიციის მიერ ცემის შედეგად გიორგი მიქიაშვილს რეაქტიული ფსიქოზი განუვითარდა, ხოლო სანდრო გირგვლიანი დაიღუპა.

ამოქმედდება თუ არა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი 1 ივლისს?

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ.კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც 3 მიმართულებით იმუშავებს; განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას.

1 ივლისს იგეგმება ინსპექტორის სამსახურის ამ უკანასკნელი, ახალი ფუნქციის ამოქმედება, თუმცა კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეჭვობენ, რომ ამ სამსახურის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ, მეორედ გადაიწევს.“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძის შეფასებით, სისტემა სიახლისთვის პრაქტიკულად მოუმზადებელია როგორც ფინანსურად, ისე ადმინისტრაციულად:.

ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

„ფიზიკურად ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ არც ერთი გამომძიებელი არ ჰყავს. როდესაც ახალი ინსპექტორი მივა სისტემაში და არც ერთი ოფისი არ იქნება მოწყობილი. იმიტომ რომ ფინანსური რესურსი არ იყო გაღებული თავის დროზე, რაც თავისთავად ძალიან ცუდია და ერთგვარი შეტყობინებაც არის ხელისუფლების მხრიდან, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ამ ტიპის საქმეების გამოძიება მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“ - აღნიშნავს სულხან სალაძე. მისთვის საინტერესოა ისიც, რამდენად შეძლებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია თავისი ახლანდელი სამსახურისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და იმ ადამიანებისგან დისტანცირებას, რომელთა საქმეების გამოძიებაც პოტენციურად შეიძლება მოუხდეს სახელმწიფო ინსპექტორის რანგში.

თავად ლონდა თოლორაია ამის პასუხად ამბობს, რომ სისტემის შიგნითაც მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელია, პოლიციელთა გადაცდომის შესახებ მიმართვების გენერალურ ინსპექციაში გაგზავნა ახლაც მისი ვალდებულებაა და ამის კეთილსინდისიერად კეთება არც მომავალში გაუჭირდება: „იქ, სადაც მე ეს არ გამჭირვებია სისტემის შიგნით, ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება სისტემის გარეთ.“- ანიშნა მან. მმართველ პარტიაში კი დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სახით არსებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი გააქრობს კითხვებს იმის შესახებ, ობიექტურად იძიებენ თუ არა სამართალდამცავები თავიანთ უწყებაში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს.

მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა 3 ივლისს ეწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG