Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის, პროტესტანტების უფლებამოსილებები და პრეზიდენტი ძალადობისა და დემონსტრაციების ფონზე აშშ-ში


პოლიცია და აქციის მონაწილეები მინეაპოლისში.
პოლიცია და აქციის მონაწილეები მინეაპოლისში.

პროტესტმა იფეთქა ქალაქებში ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც 25 მაისს გარდაიცვალა ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი. იგი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა მინეაპოლისში, მინესოტაში.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო და სოციალური მედიით გაავრცელა, ჩანს თეთრკანიანი პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელიც მუხლით ადგას ფლოიდს კისერზე მაშინ, როცა სხვა პოლიციელებს ის ძირს დაწოლილი ჰყავთ დაჭერილი.

ვიდეოში ისმის, როგორ სთხოვს ფლოიდი შოვინს, "ვეღარ ვსუნთქავ, კაცო, გთხოვ", მაგრამ მისი თხოვნა შეუსმენელი დარჩა.

შოვინი და სამი დანარჩენი პოლიციელი, რომელთაც ფლოიდი დააკავეს, მინეაპოლისის პოლიციიდან დაითხოვეს. შოვინს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

მაგრამ ამან არ ჩააცხრო პროტესტანტების ბრაზი. ისინი აფროამერიკული თემის მიმართ პოლიციის მიერ ზედმეტი ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ დემონსტრაციებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თავიდან პროტესტი მშვიდობიანი იყო, მაგრამ ვითარება ქაოსში, ძარცვასა და ძალადობაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც დემონსტრაციები მინეაპოლისიდან ათობით სხვა ქალაქშიც გავრცელდა შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე - მათ შორის, ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოსა და ვაშინგტონში.

მზარდი ძალადობისა და ქაოსის გამო, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ განალაგებდა "მძიმედ შეიარაღებულ სამხედრო ძალებს" იმისთვის, რომ მათი "დომინირება" ყოფილიყო ამერიკის ქუჩებში "პროფესიონალი ანარქისტების, მძარცველების, ბოროტმოქმედების, ანტიფასა და სხვათა წინააღმდეგ".

"მე თქვენი, კანონიერებისა და მართლწესრიგის პრეზიდენტი ვარ, - განაცხადა ტრამპმა 1 ივნისს, - მე მოვახდენ მობილიზაციას ყველა ფედერალური, სამოქალაქო და სამხედრო რესურსისას, რაზეც კი ხელი მიმიწვდება, იმისთვის, რომ შეწყდეს უწესრიგობა და ძარცვა, დამთავრდეს დესტრუქციული ქმედებები და ცეცხლის გაჩენა, და იმისთვის, რომ დავიცვა კანონმორჩილი ამერიკელების უფლებები, იარაღის ტარების უფლების ჩათვლით, მეორე შესწორების თანახმად".

სახელმწიფო უშიშროების რომელი ძალები იყო გამოყენებული შეერთებულ შტატებში ძალადობისა და ქაოსის საპასუხოდ?

ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში გამოყენებული იყო მუნიციპალური პოლიციის, საოლქო შერიფებისა და შტატების პოლიციის ქვედანაყოფები, იმისთვის რომ გაეკონტროლებინათ ძარცვისა და ძალადობის შემთხვევები, რომლებმაც მთელი ქვეყანა მოიცვა.

ასევე გამოყენებული იყო ეროვნული გვარდიის ჯარები - შეერთებული შტატების სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ქვეყნის შიგნით საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედებს და ასევე იღებს მონაწილეობას საბრძოლო მისიებში უცხოეთშიც.

ეროვნული გვარდიის ძალების გამოყენება შესაძლებელია თითოეული შტატის გუბერნატორის ან აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, რომელიც აშშ-ის ყველა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია.

11 ივნისის ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის ათასობით სამხედრო მოსამსახურე იყო მობილიზებული ადგილობრივი პოლიციის მხარდასაჭერად, რომ გაეკონტროლებინათ დემონსტრაციები და არეულობა 23 შტატსა და დედაქალაქ ვაშინგტონში.

ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებთან ერთად, აშშ-ის დედაქალაქში აშშ-ის საიდუმლო სამსახურიც მუშაობდა, იმისთვის რომ გადაეკეტათ თეთრი სახლის მიმდებარე ქუჩები, იქ მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების შეკრების შემდეგ.

საიდუმლო სამსახური არის ფედერალური სამართალდამცავი უწყება, რომელიც შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის ეგიდით მოქმედებს და უზრუნველყოფს შეერთებული შტატების პოლიტიკური ლიდერებისა და მათი ოჯახების დაცვას, პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით.

რით განსხვავდება ეროვნული გვარდია შეერთებული შტატების სხვა შეიარაღებული ძალებისაგან?

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, საზღვაო ქვეითი ჯარისა და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან განსხვავებით, ეროვნული გვარდია შედგება მოსამსახურეებისგან, რომლებიც არიან სამოქალაქო სამსახურში ან უნივერსიტეტებში და სამხედრო სამსახურში არასრულ სამუშაო დღეს ატარებენ.

აშშ-ის ყველა შტატს ეროვნული გვარდიის თავისი, საკუთარი ძალები ჰყავს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების სამსახურის მთავარი სფერო არის მათი მშობლიური შტატი, თუმცა ისინი შეიძლება სხვა შტატებშიც განათავსონ და ასევე გაგზავნონ უცხოეთში საბრძოლო მოქმედებებისთვის.

შეუძლია თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს, განათავსოს ფედერალური სამხედრო ჯარი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, იმისთვის რომ მან ძალოვანი სტრუქტურის ფუნქცია შეასრულოს?

პრეზიდენტს შეუძლია ფედერალური ჯარების განთავსება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მაგრამ მათ არ აქვთ სამართალდამცავი ფუნქციების შესრულების უფლება, თუ პრეზიდენტი არ მიანიჭებს მათ ასეთ უფლებამოსილებას.

ტრამპის ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ძალადობის ტალღის ჩასახშობად პრეზიდენტს მიემართა 1807 წლის კანონისთვის ამბოხების შესახებ. ეს არის შეერთებული შტატების ფედერალური კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოიყენოს სამხედრო ჯარები შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სამოქალაქო არეულობის, ამბოხებისა და აჯანყების შემთხვევებში.

ტრამპს რომ ეს გაეკეთებინა, ექსპერტების თქმით, ეს იქნებოდა სამართალდამცავი ძალების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ესკალაცია, როგორიც კი აშშ-ში ყოფილა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.

კრიტიკოსების აზრით, ასეთი ნაბიჯი სარისკოა იმიტომაც, რომ გამოიწვევს შემდგომ დაძაბულობას დემონსტრანტებსა და ხელისუფლებას შორის.

რას წარმოადგენს "მირანდას უფლება" და რატომ აქვს მას მნიშვნელობა დემონსტრაციების ჩახშობისას?

ეგრეთ წოდებული მირანდას უფლების წესი 1966 წელს შემოიღო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ. ამ წესის თანახმად, ხელისუფლება მოვალეა დაკავებისა და გამოძიების დროს ეჭვმიტანილს განუცხადოს, რომ მის მიმართ წაყენებულია ესა და ეს ბრალი და ასევე ამცნოს, რომ მას აქვს დუმილისა და დამცველის აყვანის უფლება.

როცა პოლიცია ადამიანს აკავებს რაიმე ბრალდებით აშშ-ში, მათ უნდა ამცნონ ბრალდებულს, რომელი კანონი დაარღვია და როგორია მისი უფლებები.

კანონიერია თუ არა აშშ-ში დემონსტრანტების ქუჩაში გასვლა და პროტესტის გამოხატვა, როცა სახელმწიფო ან ფედერალური ხელისუფლება აცხადებს საგანგებო მდგომარეობას?

აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას და აღმსარებლობის თავისუფლებას. ის აძლევს გარანტიას "ადამიანებს უფლებისა, გამართონ მშვიდობიანი თავყრილობა და მიმართონ მთავრობას, განიხილოს საჩივარი".

ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უფლება, შეიკრიბონ და მშვიდობიანი აქცია გამართონ, საკონსტიტუციო უფლებაა, მაგრამ ხელისუფლებას აქვს უფლება ჩაერიოს, თუ დემონსტრაცია გასცდა ზღვარს და გადაიზარდა ძალადობაში.

არის თუ არა საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში გაყოფილი რასობრივი ნიშნის მიხედვით?

ახლანდელმა დემონსტრაციებმა აშშ-ში შეკრიბა ყველა რასისა და ეკონომიკური მდგომარეობის ადამიანები.

ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია შეუერთდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ან მათთან ერთად ჩაერთო მსვლელობაში, ან დაიჩოქა, ან მათთან ერთად მონაწილეობდა ფლოიდის ხსოვნის წუთიერ დუმილში.

თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა "მირანდას წესის" დაცვა დაკავების დროს, შემდგომ ბრალდებები შეიძლება გაუქმდეს სასამართლოს მიერ, პროცედურის დარღვევის მიზეზით.

ახლახან ფლოიდის მოკვლით გამოწვეული საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულმა ბევრმა პირმა, მათ შორის, ჟურნალისტებმა, რომლებიც დააკავეს ვითარების გაშუქების მცდელობისას, განაცხადეს, რომ დაკავების დროს მათთვის არ გაუცვნიათ "მირანდას უფლებები".

ეს თუ მართალია, ბევრ დაკავებულ დემონსტრანტს წაყენებული ბრალდება მოეხსნება პროცედურის დარღვევის გამო, როცა ისინი სასამართლოში გამოცხადდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG