Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი: პუტინს უნდა, რომ ზელენსკი გატეხოს


რიჩარდ კემპი
რიჩარდ კემპი

„ეს უნდა იყოს ნატოს იერიში, რომელსაც ექნება ჯეროვანი ეფექტი - მაგალითად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა“, - უპასუხებს ბრიტანელი პოლკოვნიკი და სამხედრო ექსპერტი რიჩარდ კემპი ვაჟა თავბერიძის კითხვას - როგორი უნდა იყოს ნატოს პასუხი, თუკი რუსეთი ბირთვულ თავდასხმას გაბედავს. გადამდგარი პოლკოვნიკი ამბობს, რომ პუტინს შანსი მიეცა - შანსი, რათა დაამტკიცოს, რომ მისი წარმოდგენა ნატოზე სწორი იყო. კემპი, რომელმაც თავისი სამხედრო კარიერის უმეტესი ნაწილი ფრონტის წინა ხაზზე - მსოფლიოს ცხელ წერტილებში გაატარა, მათ შორის ავღანეთში, ერაყსა და ბალკანეთში, ბრიტანულ ჯარებს მეთაურობდა - რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან ერთად მსჯელობს პუტინის ბლეფზე, ზელენსკის გატეხვის ვერსიებსა და დასავლეთის სიმტკიცეზე.

რადიო თავისუფლება: „საშინაო“ ამბებით დავიწყოთ - რას უნდა ველოდეთ ბრიტანეთის ახალი პრემიერისგან, იქონიებს თუ არა იგი გავლენას ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე?

პოლ. რიჩარდ კემპი: როდესაც ის ხაზინის კანცლერი იყო, რიში სუნაკი მტკიცედ უჭერდა მხარს ბორის ჯონსონის უკიდურესად პროუკრაინულ პოლიტიკას. და ყველაფერი, რაც მას შემდეგ [მისგან] მოვისმინეთ, მეტყველებს იმაზე, რომ სუნაკი ამ კურსს გააგრძელებს და რომ ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოკავშირედ დარჩება.

რადიო თავისუფლება: ანუ კიევმა არ უნდა იდარდოს იმაზე, რომ რაც უფრო გაჭიანურდება ომი, მით უფრო გაიზრდება რისკი იმისა, რომ ბრიტანეთში ყურადღება უფრო შიდა საკითხებზე გადაინაცვლებს?

პოლ. რიჩარდ კემპი: ამის რისკი ყოველთვის არსებობს - რაც უფრო ჭიანურდება ომი, რაც უფრო მეტი ფული გვიჯდება ის, მით მეტი გავლენა აქვს ევროპის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მით უფრო და უფრო პრობლემატური ხდება [უკრაინის მიმართ] უპირობო მხარდაჭერის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, უკრაინასა და უკრაინელებთან შედარებით, ევროპელების „ტანჯვა“ რა

გამოდის, პუტინი მართალი იყო, როდესაც სჯეროდა, რომ ნატო „ქაღალდის ვეფხვია“.

მოსატანია - მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, მაგრამ საფრთხე ექმნება მათ ყოველდღიურ წესს, მათ ცხოვრება უძვირდებათ ამ ომის გამო. ასე რომ, ვერ ვიტყოდი, რომ უკრაინას ბრიტანული და ზოგადად ევროპელი საზოგადოების მხრიდან უპირობო მხარდაჭერა გარანტირებული აქვს....

რადიო თავისუფლება: რა საფრთხეები ახლავს ამ მხარდაჭერის შესაძლო შესუსტებას? შესაძლოა, რომ დასავლეთმა ირიბად, მაგრამ მაინც უკრაინას რაიმე არასახარბიელო შეთანხმებისკენ უბიძგოს?

პოლ. რიჩარდ კემპი: რაც უფრო ჭიანურდება ომი, მით უფრო იზრდება ამის რისკი. მაგრამ აქ მუშაობს მეორე ფაქტორიც: უკრაინის წარმატებები ბრძოლის ველზე. აგვისტომდე, სანამ უკრაინა თავის წარმატებულ კონტრიერიშს წამოიწყებდა, იყო გარკვეული ყოყმანი, ამაზე ფიქრობდნენ, რადგან, როგორც ვთქვი, ევროპის მოსახლეობა ზარალდებოდა. და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი იმას, რომ ამით ტოლობის ნიშანს არ ვსვამ იმ ტანჯვასთან, რისი გამოვლაც უკრაინელებს უწევთ: ევროპელებს არავინ ხოცავს, არავინ ესვრის, სახლებიდან არავინ ყრის. და მიუხედავად ამისა, ევროპელებსაც უწევთ თავიანთი წილი დისკომფორტი, მაგრამ - როდესაც ისინი ხედავენ, რა ნაყოფი გამოიღო მათმა მხარდაჭერამ, იმ შეიარაღებამ და ფინანსურმა დახმარებამ, რომელიც უკრაინელებს მიაწოდეს, როდესაც მათ ესმით უკრაინის საბრძოლო წარმატებების შესახებ, ისინი ხედავენ, რომ მათ მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამიტომ, რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ადვილი იქნება დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნება.

რადიო თავისუფლება: მეორე მხარეზეც გადავიდეთ - რუსეთსა და რუსებზე რა გავლენა ექნება ომის გაჭიანურებას?

პოლ. რიჩარდ კემპი: რუსეთში საპირისპირო ხდება - თავიდან წარმატებები ჰქონდათ: კი, კიევის აღება და ომის მალევე დამთავრება არ გამოუვიდათ, მაგრამ სამხრეთში დიდ წარმატებებს მიაღწიეს - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხერსონის ხელში ჩაგდებას ვგულისხმობ. აი, აგვისტოს შემდეგ კი უკრაინამ ბრძოლის ველზე, რუსეთი, ფაქტობრივად, დაამცირა. და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს რუსეთში ომის მომხრეთა მორალზე. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ღია კრიტიკა პუტინის მთავარი მოკავშირეებისგანაც კი - ისინი, რა თქმა უნდა, პუტინს ღიად ვერ დაადანაშაულებენ, მაგრამ აკრიტიკებენ იმას, თუ როგორ უფხოდ ომობს რუსეთი, რაც, იდეაში, პუტინის კრიტიკის ტოლფასია. და თუ ეს გაგრძელდება, თუ პუტინი ვერ მოახერხებს, ახლო მომავალში რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს, მაშინ ომის მხარდაჭერაც შესუსტდება. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ომზე ხელს აიღებს, იქ ავტოკრატიაა - ხალხის აზრი არავის ანაღვლებს. მაგრამ გაიზრდება რისკი, რომ პუტინის გარემოცვას, მოსკოვის ელიტას, ასე ვთქვათ, „გული აუცრუვდება“ პუტინზე. პუტინის ჩამოგდება ურთულესი იქნება, ვინც არ უნდა სცადოს ეს - ოლიგარქებმა, არმიამ თუ კგბ-მ, მაგრამ თუ ომში არაფერი შეიცვლება, თუ რუსეთი ისევ დამამცირებლად განაგრძობს უკან დახევას, ამის ალბათობაც გაიზრდება.

დასავლური სამყარო, ნატო, ვერ შეძლებს გულზე ხელები დაიკრიფოს და გულგრილად უყუროს ამას - საჭირო იქნება პასუხის გაცემა... ვთვლი, რომ დასავლეთს მოუწევს ამას სამხედრო გზით უპასუხოს.

რადიო თავისუფლება: როდესაც ამბობთ, რომ პუტინმა რაიმე ხელშესახებ წარმატებას უნდა მიაღწიოს - რას გულისხმობთ, რა წარმოგიდგენიათ ასეთ წარმატებად?

პოლ. რიჩარდ კემპი: ვფიქრობ, არსებობს ორი შესაძლო სცენარი. პირველი - საპასუხო კონტრიერიში წამოიწყოს, უკრაინელებს სამხრეთში უკან დაახევინოს, და ხარკოვზე თუ არა, მთლიანად დონბასზე მაინც დაამყაროს უპირობო კონტროლი. თუ ამას მიაღწევს, წარმატებაში ჩაეთვლება. მეორე სცენარი - ზელენსკი უნდა გატეხოს. ზელენსკიმ უნდა თქვას - ჯანდაბას, წაიღეთ დონბასი, ჩვენ კი მშვიდობა გვექნება. ესეც წარმატებად ჩაეთვლებოდა პუტინს. მაგრამ ვფიქრობ, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ თუ ზელენსკის დასავლეთი ზურგს არ შეაქცევს - და ამისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს - მაშინ ის და უკრაინელები ბრძოლას განაგრძობენ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ომი კიდევ კარგა ხანს არ დამთავრდება. ამ შემთხვევაში კი, სასოწარკვეთილმა პუტინმა, თუ შეატყო, რომ სხვა აღარაფერი ჭრის, შესაძლოა ზელენსკის დაჩოქება ბირთვული დარტყმის მეშვეობით სცადოს. აქ უკვე ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამ ბომბს - თუ ქალაქს დაუმიზნებს... და თუ ათასობით ადამიანს ამოხოცავს, ამას ალბათ ექნება გავლენა უკრაინელების მორალზე, მაგრამ წინასწარ ვერავინ ივარაუდებს, როგორი იქნება ეს გავლენა - უკრაინელები ბრძოლის გაგრძელების სურვილს დაკარგავენ თუ პირიქით, უფრო გაუმძაფრდებათ ბრძოლის ჟინი. ამას გარდა, პუტინმა იცის, რომ მარტო ღილაკზე თითის დაჭერა არ კმარა - სანამ ბირთვული იარაღი მოქმედებაში მოვა, ბრძანებამ სულ მცირე ხელმძღვანელობის 5 საფეხური უნდა გაიაროს. და მან იცის, რომ თითოეულ ამ დონეზე, შესაძლოა, აღმოჩნდეს ვინმე, ვინც ბრძანების შესრულებაზე უარს იტყვის. თავისთავად ცხადია, იმ ადამიანს, რომელიც ამის გაკეთებას გაბედავს, ალბათ მაინცდამაინც დიდი შანსები არ ექნება, ჯანმრთელი და ცოცხალი დარჩეს, მაგრამ შესაძლოა, ეს პუტინის აღსასრულიც გამოდგეს - მან იცის, რომ თუ ამ ბრძანებას გასცემს და ის არ შესრულდება, ესე იგი, მისი პრეზიდენტობის პერსპექტივები „სერიოზულ შარშია“.

ბირთვული დარტყმის გარდა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რუსულ არმიას შანსი არ ექნება ნატოს ჯარების წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლება: და თუ შეასრულებენ? ვინ იტყვის, რომ პუტინი ერთი დარტყმით დაკმაყოფილდება, თუ ისეთი შედეგი არ დადგა, რაც მას სურს? ვინ დაუშლის, მეორედ გააკეთოს ეს ან მესამედ, სანამ მიზანს არ მიაღწევს?

პოლ. რიჩარდ კემპი: ვფიქრობ, აქ იმ სფეროში შევდივართ, რომლის გამოცდილებაც არა მარტო მე და თქვენ, დღეს არავის არ აქვს - ბოლოს ატომური ბომბი 1945 წელს ააფეთქეს, მას შემდეგ 70 წელი გავიდა... მაგრამ მართალი ხართ - თუ პუტინი ერთხელ წავა ამაზე და სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, მეორედ, მესამედ ამის გაკეთება მისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება. და მანამდე განაგრძობს, სანამ ენით აღუწერელ განადგურებას არ მოუტანს სრულიად უკრაინას. მაგრამ - პირველი დარტყმა „წარმატებულიც“ რომ აღმოჩნდეს - ვთქვათ, უკრაინელები დათანხმდნენ პუტინთან მოლაპარაკებას, ვფიქრობ, ეს მაინც პუტინის აღსასრული იქნება, რადგან დასავლური სამყარო, ნატო, ვერ შეძლებს გულზე ხელები დაიკრიფოს და გულგრილად უყუროს ამას - საჭირო იქნება პასუხის გაცემა.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი - როგორ გგონიათ, როგორი იქნება ეს პასუხი?

პოლ. რიჩარდ კემპი: სანამ როგორ-ზე გადავალთ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პასუხი ჯეროვანი უნდა იყოს - მეტი სანქციების შემოღებით ფონს ვერ გავალთ. ამიტომ ვთვლი, რომ დასავლეთს მოუწევს ამას სამხედრო გზით უპასუხოს.

რადიო თავისუფლება: და? რა სახე ექნება ამას? ნატოს მასშტაბით ინტერვენცია?

პოლ. რიჩარდ კემპი: ვფიქრობ, ეს იქნება ნატოს იერიში. არაა აუცილებელი, მასში ნატოს ყველა წევრი მონაწილეობდეს, მაგრამ უცილობლად იქნებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ალბათ საფრანგეთი და აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნები. ეს უნდა იყოს ნატოს შეტევა, რომელსაც ექნება ჯეროვანი ეფექტი - მაგალითად, შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა, ან რამე ასეთი. არ მგონია, რომ ბირთვული დარტყმითვე ვუპასუხებთ - და არც ის მგონია, რომ რუსულ ქალაქს დავბომბავთ პასუხად, ვფიქრობ, ამ იერიშს უფრო სამხედრო სამიზნე ექნება: ფლოტი, აეროდრომები და ა.შ.

თუ პუტინი ბირთვული ბომბით ხალხს ხოცავს და ნატო გულხელდაკრეფილი დგას, ეს ნიშნავს, რომ პუტინი მართალი ყოფილა, არა? რომ პუტინი კი არა, ჩვენ მივდიოდით ბლეფზე, რომ ნატო აჩვენებდა თავს იმად, რაც არ არის.

რადიო თავისუფლება: და ეს ხომ ის იქნება, რაზეც ბევრი თქვენი კოლეგა ომის დაწყებიდან გვაფრთხილებს - ასეთი პასუხი მესამე მსოფლიო ომს უდრის, არა? სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც არ დახურა ცა დასავლეთმა უკრაინის თავზე რამდენიმე თვის წინ. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

პოლ. რიჩარდ კემპი: დიახ, ეს მოასწავებს ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაფართოებას, რაც მოიცავს რუსეთის შესაძლო კონტრიერიშს ნატოს წევრ ქვეყნებზეც. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სცენარზე მუშაობა ახლა არ დაუწყიათ - ამაზე ნაფიქრი აქვთ, გეგმები არსებობს, და როდესაც ნატოს პასუხის დრო დადგება, დაუფიქრებელ ნაბიჯს არავინ გადადგამს. ამის ალტერნატივა ძნელი წარმოსადგენია - რუსეთი ნატოს ტერიტორიას დაარტყამს და ნატო პასუხს „ვერ მოიფიქრებს?“ ბირთვული დარტყმის გარდა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რუსულ არმიას შანსი არ ექნება ნატოს ჯარების წინააღმდეგ, ამის თქმა გადაჭრით შეიძლება იმის შემდეგ, რაც ვნახეთ, თუ რა „წარმატებები“ მოიხვეჭეს მათ უკრაინაში.

რადიო თავისუფლება: დიახ. და თქვენ და მე თუ ვიცით ეს, ალბათ კრემლშიც იციან - იციან, რომ ტრადიციულ დაპირისპირებაში ნატოსთან უშანსოდ იქნებიან. შესაბამისად, რატომ წავლენ ამაზე - ან რატომ შეიზღუდავენ თავს ბირთვული არსენალის არგამოყენებით?

პოლ. რიჩარდ კემპი: მათი ერთადერთი შანსი შეიძლება იყოს არაბირთვული, ანაც ბირთვული დარტყმა, რომელიც ნატოს დაცვის ხაზს გაარღვევს და სამოქალაქო მოსახლეობის ეპიცენტრებს, ქალაქებს დაეცემა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ამის შანსი არსებობს, უნდა გავიაზროთ, რომ ეს შეიძლება მართლა მოხდეს და ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რუსეთის ბირთვულ დარტყმას ისე უპასუხოს, როგორც მე აღვწერე. ამის ფონზე, შესაძლოა ნატოს სარდლებმა იფიქრონ, რომ ეს... ზედმეტად დიდი ფასია.

ეს უნდა იყოს ნატოს იერიში, რომელსაც ექნება ჯეროვანი ეფექტი - მაგალითად, შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა.

რადიო თავისუფლება: და რა მოხდება, თუ სწორედ ასე განვითარდა მოვლენები? რუსეთმა გარისკა და უკრაინას დაარტყა, ნატოში მხრები აიჩეჩეს, უხერხულად გაიღიმეს და თქვეს - ძალიან სამწუხაროა, მაგრამ პასუხს არ გავცემთ, რადგან ნატოს ტერიტორიაზე არ მომხდარა...

პოლ. რიჩარდ კემპი: აბსოლუტურ სიმართლეს ბრძანებთ - სწორედ ასე შეიძლება მოხდეს. ოღონდ ვიმედოვნებ, რომ ასე არ იქნება, იმედი მაქვს, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, და განსაკუთრებით თუ ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება, მაშინ ნატო ამას ჯეროვან პასუხს გასცემს... თუ სადმე ტყეში იზამს რამეს, ან ზღვაში, უბრალოდ იმის დემონსტრირებისთვის, რომ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ ნატოს კონტრიერიში ალბათ არ იქნება მოსალოდნელი, მაგრამ თუ კიევის ცენტრს დაარტყამს, ან რამე მსგავსი, მაშინ... მაშინ ნატომ უნდა უპასუხოს. რადგან თუ არ უპასუხებს, თუ პუტინი ბირთვული ბომბით ხალხს ხოცავს და ნატო გულხელდაკრეფილი დგას, ეს ნიშნავს, რომ პუტინი მართალი ყოფილა, არა? რომ პუტინი კი არა, ჩვენ მივდიოდით ბლეფზე, რომ ნატო აჩვენებდა თავს იმად, რაც არ არის. გამოდის, პუტინი მართალი იყო, როდესაც სჯეროდა, რომ ნატო „ქაღალდის ვეფხვია“. და ამის მტკიცებულებებიც ჰქონდა - განსაკუთრებით სამარცხვინო გამოსვლა ავღანეთიდან. პუტინმა ნახა, როგორ კისრისტეხით გამოიქცნენ ფრანგები მალიდან, დაინახა ის, რაც მიიჩნია დასავლეთის სისუსტედ, ნატოს სისუსტედ, ამერიკის სისუსტედ. და თუ პასუხს არ გავცემთ ბირთვულ დარტყმაზე, ამ წარმოდგენის სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ასევე, თუ რუსეთი გაბედავს და ნატოს წევრ ქვეყანას დაარტყამს, მნიშვნელობა არ აქვს, ბირთვული იქნება თუ არა ეს თავდასხმა - და ნატო პასუხს არ გასცემს, ეს ნატოს აღსასრულის ტოლფასი იქნება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG