Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მკვლელობა”, “ქურდობა” - პოლონეთმა ქართველების დეპორტაცია დაიწყო. საფრთხეშია თუ არა უვიზო რეჟიმიც?


„ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს“, - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ილუსტრირებული ფოტო
„ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს“, - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ილუსტრირებული ფოტო

პოლონეთის ხელისუფლებამ 5 მარტს დაიწყო ქვეყანაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. პირველ ტალღაში მოყოლილი საქართველოს 17 მოქალაქე სამხედრო თვითმფრინავით სამშობლოში დააბრუნეს.

„ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. „იქნება სხვა მსგავსი ოპერაციები“, - აცხადებენ პოლონეთის სასაზღვრო დაცვაში. საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დეპორტაციას წინ უძღოდა პოლონეთის სახელმწიფო უწყებების გაფრთხილება - საქართველოს და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში არალეგალურად ყოფნასა და კრიმინალთან კავშირზე - დონალდ ტუსკი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს „არალეგალური მიგრაციის კონტროლის საჭიროებაზე“.

ამ ამბის შესაძლო გაგრძელებამ საქართველოს მოქალაქეთა უფრო ფართო ჯგუფზე შეიძლება იქონიოს გავლენა - საქართველოს მოქალაქეების მიერ წესრიგის და უსაფრთხოებისთვის რისკის შექმნა შეიძლება იყოს ერთ-ერთი საფუძველი, რითაც ევროკავშირმა შესაძლოა ვიზის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს.

მკვლელობა ქართულ რესტორანთან ვარშავაში

21 თებერვალს, გვიან ღამით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კონსტიტუციის მოედნის სიახლოვეს ქართულ რესტორანში საქართველოს მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

ჩხუბს, რომელიც რესტორნიდან ქუჩაში გაგრძელდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - საქართველოს მოქალაქის. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

პოლიციამ მაშინ სამი ადამიანი დააკავა. პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტში ჯამში რვა ადამიანი მონაწილეობდა.

ჟურნალისტები წერდნენ, რომ ჩხუბისას მამაკაცებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, „კრიმინალური დაჯგუფების წევრები“ იყვნენ, ცივი იარაღი - დანა - გამოიყენეს.

31 წლის კაცს გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული - ის სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტუსკი „უკონტროლო მიგრაციის“ წინააღმდეგ

ჯერ კიდევ 28 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ პოლონეთი მარტიდან სხვადასხვა დანაშაულისათვის ბოლო პერიოდში დაკავებული უცხოელების, - მათ შორის, ქართველების, - დეპორტაციას იწყებდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში უკანონოდ მყოფი უცხოელების დაკავების შემთხვევების გახშირების შემდეგ, მათი დეპორტაციის დრო დადგა.

დონალდ ტუსკი, რომელიც პოლონეთის მთავრობას 2007-14 წლებში უკვე ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრად ხელახლა აირჩიეს 2023 წლის 11 დეკემბერს. ბოლო პერიოდში ის ბევრს საუბრობს „უკანონო მიგრაციის“ მართვაზე.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამ საკითხზე ტუსკის გააქტიურება შიდაპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება:

მიგრაცია არის საკითხი, რასაც ულტრამემარჯვენე პარტიები კარგად იყენებენ სათავისოდ, ტუსკი კი ამ საკითხის მოგვარებაზე ზრუნვით ცდილობს, ეს „კარი“ ჩაუკეტოს მემარჯვენე ძალებს. განსაკუთრებით, 2025 წლის 18 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი

ტუსკი, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, ორჯერ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ახლა ის პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია და მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის გაგრძელებას, - განსხვავებით მანამდე მმართველი პარტიის, „კანონისა და სამართლის“ პოლიტიკისაგან, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირისგან დისტანცირებას.

როგორია სტატისტიკა?

პოლონური რადიოსადგურის, RMF24-ის ინფორმაციით, „დეპორტაციის დაწყების“ გამოცხადებას წინ უძღოდა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიში, რომელიც უცხოელთა „კრიმინალური ჯგუფების“ საწინააღმდეგო ქმედებებს ეხებოდა.

RMF24-ის ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის დასაწყისიდან პოლონეთში სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილია 2616 უცხოელი.

დანაშაულთა ჩამონათვალშია:

  • ქურდობა,
  • ნარკოტიკებით ვაჭრობა,
  • თაღლითობა,
  • ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა.

ამავე წყაროს ცნობით, 2024 წელს პოლონეთის პოლიციამ 16 437 უცხოელი დააკავა, რომელთა შორის პირველ სამეულში იყვნენ უკრაინელები, ქართველები და ბელარუსები.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იაჩეკ დობჟინსკიმ 2025 წლის 8 თებერვალს X-ზე დაწერა, რომ პოლონეთის პოლიციის 2024 წლის მონაცემებით:

  • ქვეყანაში დააკავეს საქართველოს 1895 მოქალაქე, რომელთაგან 136 დააპატიმრეს;
  • ჯამში, მისი ცნობით, პოლონეთის პენიტენციურ დაწესებულებებში 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს 322 მოქალაქე მოხვდა;
  • ამასთან, 2024 წელსვე პოლონეთიდან გააძევეს საქართველოს 2589 მოქალაქე.

„ვშლით ქართულ ბანდებს“ - ტუსკი

5 მარტს პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძევებენ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეებს, და დაწერა:

„დეპორტაცია დაიწყო. ჩვენ ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს. არა უბრალოდ სიტყვები, არამედ მოქმედებები“.

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის უფროსის, ანჟეი იოჟვიაკის პრესსპიკერის თქმით, დეპორტირებული ქართველები 24-დან 58 წლამდე მამაკაცები არიან.

„ეს არის პირველი ასეთი დაგეგმილი ოპერაცია. სხვა მსგავსი ოპერაციები უახლოეს კვირებშიც იქნება“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მისივე ცნობით, დეპორტირებულთა შორის არიან:

  • „კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ქურდობა“ და
  • „ადამიანები, რომლებმაც მეტი დრო გაატარეს პოლონეთში, ან უკანონოდ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი“.

იმავე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაშ სიემონიაკმა X-ზე დაწერა: „ჩვენ არ დავუშვებთ უცხოური კრიმინალური დაჯგუფებების პოლონეთში შესვლას“.

რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადება ან კომენტარი არ გაუვრცელებია პოლონეთის გადაწყვეტილებაზე პასუხად.

რადიო თავისუფლებამ უწყების პრესცენტრს მიმართა კითხვებით:

  • როგორ აფასებს საგარეო უწყება პოლონეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას?
  • ემუქრებათ თუ არა დეპორტირებულებს პასუხისმგებლობა საქართველოში?
  • საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება არალეგალურად პოლონეთში და რამდენ მათგანს ემუქრება დეპორტაცია?

პასუხი არ მიგვიღია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საფრთხე უვიზო რეჟიმისთვის?

ანალიტიკოსების თქმით, ერთ-ერთი საფუძველი, რითაც შეიძლება ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის რისკის შექმნა ევროკავშირში.

„თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ საკითხებს, - რამეთუ ევროკავშირს შეუძლია უვიზო რეჟიმი შეაჩეროს ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობის ისეთი მკვეთრი დაცემის გამო, რაც ბოლო თვეებში განსაკუთრებით ცხადად ვიხილეთ, - ეს საკითხიც არსებობს“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

„ამ ტექნიკურ საკითხებსაც რომ გადავხედოთ: რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც არალეგალურად რჩებიან ევროკავშირის ქვეყნებში, გაზრდილია; ასევე, არის ცნობები სხვადასხვა ქვეყანაში კრიმინალში მონაწილეობაზე, ასევე, მაღალია თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა“, - ამბობს გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

ევროკომისიის რიგით მე-7 ანგარიშში „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ, რომელიც 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა, წერია, რომ:

  • 2023 წელს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არარეგულარულად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, 12%-ით გაიზარდა, - 22 005 ადამიანიდან 24 595 ადამიანამდე;
  • 8%-იანი შემცირების მიუხედავად, 2023 წელს კვლავ მაღალი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა;
  • კერძოდ, თუ 2022 წელს საქართველოს 26 555-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში, 2023 წელს მათი რაოდენობა 24 375-მდე შემცირდა;

„ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს გაუქმების საფუძველი“, - ამბობს გოგოლაშვილი.

„შეჩერების მექანიზმი“

2017 წელს ამოქმედებული უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ერთ-ერთი ის ზომაა, რასაც ევროკავშირში განიხილავენ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული შემობრუნების საპასუხოდ.

ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება.

ევროპარლამენტის 27 ნოემბერს მიღებული არასავალდებულო რეზოლუცია სწორედ ამ ინიციატივით გამოდის.

პირადი სანქციებისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსი არ სჭირდება - საამისოდ საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის მინიმუმ 14 სახელმწიფოს, რომლებიც ჯამში ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.

ამასთან, „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ ბოლო ანგარიშში მითითებულია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც „ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს“.

კერძოდ, გამოყოფილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მაისში და სექტემბერში - „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის [რასაც უფლებადამცველები ცენზურის კანონს უწოდებენ] მიღება. აღნიშნულია ისიც, რომ „აგენტების კანონი“ მიიღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში.

ანგარიშის მომზადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაამძაფრა საპროტესტო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, არაერთხელ დაარბია და ძალის გამოყენებით დაშალა აქციები, - რასაც ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან კრიტიკა მოჰყვა.

„ხედავთ თუ არა რისკს უფრო ფართო კონტექსტში, პრობლემა შეექმნას საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან?“ - „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას არც ამ კითხვაზე უპასუხა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG