Accessibility links

პოლონელი აქტივისტის პოლიტიკური თავშესაფარი ნორვეგიაში ღირებულებების კონსენსუსის რღვევის ნიშანია დასავლეთში


რაფაელ გაველი თავის ოფისში, ვარშავაში. 2017 წელი

ნორვეგიამ დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ადამიანის უფლებათა პოლონელ აქტივისტს, რაფაელ გაველს, და დაადგინა, რომ პოლონეთის პოპულისტურმა მთავრობამ ძირი გამოუთხარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და კანონის უზენაესობას. ანალიტიკოსების თქმით, ეს შემთხვევა გვიჩვენებს "ფუნდამენტურ უთანხმოებას" დასავლეთში იმ ძირეული ღირებულებების გარშემო, რომლებიც მას ადრე აერთიანებდა.

ევროპის კავშირის მთავარი ხელშეკრულების მე-2 მუხლიის თანახმად, ევროკავშირი ეფუძნება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლებრივი ნორმებისა (კანონის უზენაესობის) და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ღირებულებებს".

"ეს ღირებულებები საერთოა წევრი სახელმწიფოებისთვის", წერია დოკუმენტში.

მაგრამ ამ თვის დასაწყისში ნორვეგიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა გარანტირებულია მისი კონსტიტუციით, დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ადამიანის უფლებათა პოლონელ აქტივისტს, რაფაელ გაველს, მის მეუღლეს და მათ პატარა ქალიშვილს. ოსლო დაეთანხმა მის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პოლონეთის პოპულისტურმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გამოუთხარა საფუძველი ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

"მე, უბრალოდ, ვაჩვენე, რომ ახლა პოლონეთში სასამართლოების უმეტესობა ხელში ჩაიგდეს პოლიტიკური უფლებამოსილების მქონე პირებმა", განუცხადა გაველმა რადიო თავისუფლებას სატელეფონო ინტერვიუში ოსლოდან. "შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ პოლონეთში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამთავრობო ზეგავლენისგან".

47 წლის გაველი აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში რასიზმისა და ქსენოფობიური ქცევის მონიტორინგის ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

2019 წლის იანვარში მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თაღლითობის, ხელმოწერებისა და ფინანსური დოკუმენტების გაყალბების ბრალდებებით. იგი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური დევნა მისი ცენტრის მოქმედების გამო, რამაც გამოააშკარავა ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი.

გაველი თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებაში ამტკიცებს, რომ მას ემუქრებოდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, პოლონეთის მმართველ პარტია „კანონსა და სამართალთან“ (PiS) არიან დაკავშირებული. ის პირველი პოლონელია, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა დასავლეთში მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანდა 2004 წელს და, ფაქტობრივად, კომუნისტური მმართველობისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ, 15 წლის წინ.

ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტია 2015 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში და მას ბრალად სდებენ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლასა და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის წინ წამოწევაში.

"ნელ-ნელა პოლონეთი გადაიქცევა ფუნდამენტალისტურ, კათოლიკურ ქვეყანად", ამტკიცებს გაველი. "ყველაზე ცუდი ის არის, რომ პოლონელმა პოპულისტებმა... დაინახეს, რომ უდიდეს უპირატესობას იძლევა ხალხის დაშინება და მათი ამომრჩევლების გაერთიანება შიშის გარშემო ... ყოველ რამდენიმე წელიწადში "კანონი და სამართალი" ცოტათი ცვლის თავის რიტორიკას და თავის მომხრეებს უბიძგებს იმისკენ, რომ ეშინოდეთ ჰომოსექსუალების თუ ლტოლვილების, ან მუსლიმების".

მემარჯვენე ნაციონალ-რადიკალ ატივისტთა აქცია ევროკომისიის წარმომადგენლობასთან, ვარშავაში. 2017 წელი.
მემარჯვენე ნაციონალ-რადიკალ ატივისტთა აქცია ევროკომისიის წარმომადგენლობასთან, ვარშავაში. 2017 წელი.

"კანონი და სამართლის" სასამართლო რეფორმების თაობაზე განგაში ატყდა, შეიძლება ითქვას, 2015 წლიდან. ევროკომისიის გასული თვის ანგარიშში, რომელიც ბლოკში სამართლებრივი ნორმების, კანონის უზენაესობის მდგომარეობას აღწერს, ნათქვამია, რომ რეფორმებმა "გააძლიერა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გავლენა სასამართლო სისტემაზე და, შესაბამისად, შეასუსტა სასამართლო დამოუკიდებლობა".

მსგავს შეშფოთებას გამოთქვამდნენ წლების განმავლობაში უნგრეთის მისამართით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი ნაციონალისტური პარტიის, "ფიდესის", მმართველობისას. უნგრეთის რეიტინგი "ნაწილობრივ თავისუფალზე" ჩამოქვეითდა თავისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით, რომელიც ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა. მან დაადანაშაულა "ფიდესის" მთავრობა ისეთი "პოლიტიკის გატარებაში, რომელიც აფერხებს იმ ოპოზიციური ჯუფების, ჟურნალისტების, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებას... რომელთა შეხედულებებიც მას თვალში არ მოსდის“.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) განაცხადა, რომ "აიძულეს" თავისი პრესტიჟული სასწავლებელი ვენაში გადაეტანა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი ბრძოლა ორბანის მთავრობასთან.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) განაცხადა, რომ "აიძულეს" თავისი პრესტიჟული სასწავლებელი ვენაში გადაეტანა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი ბრძოლა ორბანის მთავრობასთან.

2019 წელს აღიარებულმა "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა", რომელსაც ნაწილობრივ უნგრეთში დაბადებული მილიარდერი ჯორჯ სოროსი აფინანსებდა, შეწყვიტა თავისი მოქმედება უნგრეთში "ფიდესის" მთავრობის მხრიდან მის წინააღმდეგ ორწლიანი კამპანიის შემდეგ. ევროკავშირმა, შეერთებული შტატების მთავრობამ და სამეცნიერო ორგანიზაციებმა დაგმეს ბუდაპეშტის ქმედებები, როგორც სამეცნიერო თავისუფლებაზე თავდასხმა.

როლანდ ფროიდენშტაინმა, ბრიუსელის, მემარჯვენე-ცენტრისტულ "ევროპის სახალხო პარტიასთან" დაკავშირებული, "მარტენსის ცენტრის" პოლიტიკურმა დირექტორმა, განაცხადა, რომ პოლონეთი და უნგრეთი წარმოადგენენ განსაკუთრებულ პრობლემას ევროპის კავშირის შიგნით, რადგან ისინი ევროკავშირის ხელშეკრულებების "ძირეულად გადახრილ ინტერპრეტაციას" იზიარებენ.

"რასთანაც ჩვენ გვაქვს საქმე ამ ორ ქვეყანაში, ეს არის ხელშეკრულებების ძირეულად გადახრილი ინტერპრეტაცია", - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას, - "და ამის გამოსწორება და ხელშეკრულებების საერთო გაგებასთან დაბრუნება იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რომლებიც ხელისუფლების სათავეში არიან ამ ორ ქვეყანაში, უკიდურესად რთულია“.

პოლონეთი და უნგრეთი, განაცხადა ფროიდენშტაინმა, "ამტკიცებენ, რომ სამართლებრივი ნორმები ეროვნულ ტრადიციებს ემყარება და რომ არ არსებობს კანონის უზენაესობის ჭეშმარიტად დასაბუთებული ევროპული განსაზღვრა".

"ეს არის იმ პრობლემების ფესვები, რომლებიც გვაქვს დღეს ევროპის კავშირში", დასძინა მან.

სოფი პორნშლეგელი ბრიუსელში დაფუძნებული ევროპის პოლიტიკის ცენტრის პოლიტოლოგია, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ კი, გაველის საქმეში ჩართულია ნორვეგია, რომელიც არაა ევროვკავშირის წევრი, მაგრამ არსებობს მაგალითები ევროკავშირის შიგნით, როცა პოლონეთს არ გადასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეები ამავე მოსაზრებებით. პორნშლეგელი გერმანიისა და ნიდერლანდის შემთხვევებს იხსენებს.

ისინი მართლმსაჯულების სისტემას არ ენდობიან, რაც უდიდესი პრობლემაა, რადგან ევროპის თანამშრომლობის საფუძველი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ორმხრივი ნდობაა არა მხოლოდ მოქალაქეთათვის, არამედ, ცხადია, ერთიანი ეკონომიკისთვისაც, უთხრა პორნშლეგელმა რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ იმის გამო, რომ ევროკავშირი ერთსულოვნების პრინციპით მუშაობს, ეს ართულებს მის წევრებთან ფუნდამენტური ფასეულობების გამო დაპირისპირებას. „ერთ-ერთი სერიოზული პრობლება, რომელსაც მე ვხედავ, ისაა, რომ ევროპულ ფასეულობებს განიხილავენ როგორც პოლიტიკურ თუ პოლიტიკის სფეროს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სფეროს და ამ დროს არ აცნობიერებენ, რომ ეს ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთაც ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება“. პოლიტოლოგის თქმით, „განსხვავება უნდა იყოს იმაში, როგორ ვუყურებთ ამ საკითხებს და ეკონიმიკურ პოლიტიკას, ან კლიმატის ცვლილების პოლიტიკას. როცა ამ ფასეულობებს პატივს აღარ სცემენ, ჩნდება რეალური პრობლემა, რომელიც უფრო შორს მიდის, ვიდრე ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესები და აზრთა შესაძლო სხვადასხვაობა“.

ანტისამთავრობო აქცია ბუდაპეშტში 2017 წელს.
ანტისამთავრობო აქცია ბუდაპეშტში 2017 წელს.

შტეფან ლენე, ევროპის კარნეგის ცენტრის მიწვეული მკვლევარი, ვითარებას უფრო ოპტიმისტურად ხედავს და აღიარებს, რომ ევროკავშირს აქვს დიდი პრობლემები არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით უნგრეთსა და პოლონეთში, მაგრამ, ამბობს ლენე, ევროპის კომისიის ბოლო ანგარიშის თანახმად, კანონის უზენაესობის მხრივ პრობლემები გვაქვს თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში“. ავსტრიელმა მკვლევარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „არაფერია იმ ადგილზე მშვენიერი, სადაც კანონის უზენაესობა ყვავის“. მისი მტკიცებით, ევროკავშირისთვის ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო შეიძლება იყოს ფასეულობების კონსენსუსის აღდგენის საუკეთესო მექანიზმი. ლენე ფიქრობს, რომ ეს სასამართლო კანონის უზენაესობის მხრივ „ოდნავ გააქტიურდა“. მისი თქმით, „ორივე - როგორც პოლონეთის, ასევე უნგრეთის -შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მთავრობებმა შეასრულეს და რომლებსაც ცვლილები მოჰყვა“. თუმცა ლენეს ამ ქვეყნების მოქალაქეების იმედი აქვს და აღნიშნავს, რომ „ფიდესმა“ მარცხი იწვნია ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში.

მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ასევეა პოლონეთშიც, სადაც ცვლილებები შესაძლებელია და სამოქალაქო საზოგადოება ორივე ქვეყანაში აქტიურია“. ლენე თვლის, რომ “ეს არის რთული ბრძოლა, რომელიც დროს მოითხოვს, მაგრამ ძირეული ცვლილებები მხოლოდ ადგილობრივ დონეზე ხორციელდება“.

ვარშავაში აპროტესტებენ "მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის მიტაცებას". 2018 წელი
ვარშავაში აპროტესტებენ "მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის მიტაცებას". 2018 წელი

მსგავსი იმედი აქვს გაველსაც, რომელიც პოლონეთის ულტრამემარჯვენეებს ნორვეგიიდან აკვირდება. „პოლონელები, მთლიანობაში, ევროკავშირის თავგამოდებული მომხრეები არიან“, ამბობს ის. „ჩვენ, როგორც ერი, ყოველთვის ვაფასებდით დასავლეთისა და დასავლური ცივილიზაციის მიღწევებს. ჩვენ მუდამ ვცილობდით მისი ნაწილი ვყოფილიყავით“. გაველის თქმით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა დემოკრატიული ძალები მიიმხრონ ხალხი, თუ „კანონი და სამართალი“ გააგრძელებს მართვას.

ჯერჯერობით მას სამი საჩივარი აქვს შეტანილი პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში.

ავტორი: რობერტ კოლსონი, რეპორტაჟი ბრიუსელიდან: მარეკ ჰაიდუკი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG