Accessibility links

site logo site logo

პოსტიმპერიული ტრანსფორმაცია


ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია

(ახლო სამეზობლოში მომხდარი ძვრები რუსეთს აფიქრებინებს გადასინჯოს ჰეგემონიისათვის გაღებული ხარჯები)

კრემლი თვალს ადევნებს მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ შედარებით ფრთხილად რეაგირებს მათზე. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს „გავლენის ტრადიციული სფეროებისადმი“ ახალი, უფრო პრაგმატული მიდგომით.

ან პოსტსაბჭოთა სივრცეში წელს მომხდარი მასობრივი მღელვარებისა და საინტერესო პოლიტიკური ძვრების შემხედვარე, კრემლში, შესაძლოა, იმედოვნებენ, რომ 2021 წელი უფრო მშვიდობიანი იქნება და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ შეზღუდული რესურსებით საკუთარი გავლენა ახლო საზღვარგარეთში.

უამრავი დარღვევითა და ფალსიფიცირებით ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რამაც აიძულა ავტორიტარული ლიდერი, ლუკაშენკა, მოსკოვის დახმარება ეძებნა.

ოქტომბერში ყირგიზეთის ოპოზიციამ შტურმით აიღო მთავრობის შენობა დედაქალაქ ბიშკეკში, მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი კი თანამდებობიდან გადადგა, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა.

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი, არჩევნებში დამარცხდა ოპოზიციის კანდიდატთან, რომელიც ამომრჩეველს ევროპასთან დაახლოებას ჰპირდება.

მოლდოვაში განვითარებული მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მორიგი დარტყმაა.

საქართველოში შეჭრიდან ყარაბაღის ომამდე

რუსეთი იწყებს იმის ახლებურად გააზრებას, თუ როგორია ეს გავლენა...
ფიოდორ ლუკიანოვი

სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული გაყინული კონფლიქტი ბოლომდე ჯერ ისევ არ ჩამცხრალა, მაგრამ ამჯერად გარეშე არბიტრის როლზე რუსეთის გარდა თურქეთიც გამოთქვამს პრეტენზიას.

კრემლი, ცხადია, თვალს ადევნებს მეზობელ ქვეყნებში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ შედარებით ფრთხილად რეაგირებს მათზე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მოსკოვის გეოპოლიტიკური პრიორიტეტებისა და მათი მიღწევის ინსტრუმენტების ცვლილებით.

მოსკოვი იწყებს უფრო პრაგმატული პოლიტიკის გატარებას რეგიონში, რომელსაც იგი თავის ტრადიციულ გავლენის სფეროდ მოიაზრებს.

„რუსეთი იწყებს იმის ახლებურად გააზრებას, თუ როგორია ეს გავლენა, - ამბობს პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი. - ეს ბუნებრივი ნაბიჯია პოსტიმპერიული ტრანსფორმაციის გზაზე“.

2008 წელს საქართველოში სამხედრო ძალით შეჭრა იყო იმის დემონსტრირება, რომ კრემლი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივრცეში. შემდეგ იყო 2014 წლის პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში. მოსკოვის მეგობარი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, რუსეთში გაქცევის შემდეგ, მალევე, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და სამხედრო ძალა მიმართა დონბასელი სეპარატისტების მხარდასაჭერად.

საქართველო და უკრაინა კვლავაც რჩებიან რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მთავარ სამიზნეებად პოსტსაბჭოთა სივრცეში, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის თავმჯომარეობით მოქმედ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ რეკომენდაციაში, რომელიც ალიანსს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებისა და პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანაშრომლობისაკენ მოუწოდებს.

„ნატო უნდა ესწრაფოდეს პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას და განმტკიცებას საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის წევრობის მსურველ მყიფე დემოკრატიებთან, რომლებიც რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო წნეხის ქვეშ იმყოფებიან“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით მოქმედ ექსპერტთა ჯგუფის (Reflection Group) მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, სახელწოდებით „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები“.

უპრეცედენტო ტურბულენტურობა

საბჭოთა კავშირის დაშლის 30-ე წლის თავზე ისინი ყველანი რუსეთისათვის უცხო სახელმწიფოებს წარმოადგენენ. მაგრამ პოლიტიკა ცალკეა და ემოცია - ცალკე: არ არსებობს არავითარი გამონაკლისი ურთიერთობაში, არავითარი შეღავათიანი ფასი.
დმიტრი ტრენინი

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი დაჟინებით უსვამს ხაზს რუსეთის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო პოლიტიკაში და უკმაყოფილოა დასავლეთის გავლენით. პუტინმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს არ ჩარეულიყო იმ სახელმწიფოთა საქმეებში, რომელთა ხელმძღვანელებს კრემლი არაერთხელ დახმარებია პოლიტიკური არასტაბილურობის დროს.

მაგრამ ამ ყველაფრის ფონზეც, 2020 წელი უპრეცედენტოდ ტურბულენტური აღმოჩნდა: შტორმის ფრონტი გადაჭიმულია ბელარუსიდან და მოლდოვადან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიამდე.

ისე ჩანს, თითქოს მოსკოვი განზე იდგეს და მხოლოდ აკვირდებოდეს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე.

ექსპერტების აზრით, ასეთი, ერთი შეხედვით, პასიური პოზიცია საკუთარ შეზღუდულ შესაძლებლობებზე დაფუძნებული კრემლის გააზრებული სტრატეგიაა და სულაც არ ნიშნავს რუსეთის მიერ საკუთარ გეოპოლიტიკურ პრინციპებზე უარის თქმას.

„მოსკოვის თვალსაზრისით, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახლა თავად განაგებს საკუთარ თავს. “, - დაწერა ცოტა ხნის წინ თავის საავტორო სვეტში კარნეგის მოსკოვის ცენტრის დირექტორმა, დმიტრი ტრენინმა.

ამ ახლებურ მიდგომაში, სავარაუდოდ, იგულისხმება ფინანსური გათვლა. მოსკოვის ინიციატივით შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს უნდა მოეცვა ყოფილი საბჭოთა კავშირის 200 მილიონი მოქალაქე და კონკურენცია გაეწია ევროკავშირისათვის, მაგრამ ღრმა ინტეგრაცია აღარ გამოვიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეამცირა ამ პროექტის დაფინანსება, ხოლო სხვა ბლოკის წევრები აღაშფოთა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პოლიტიკურმა შეფერილობამ.

ლუკაშენკას მაგალითი პუტინისათვის

დასავლეთის სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, მაგრამ მათმა შეხამებამ COVID-19 პანდემიასთან სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, რის გამოც კრემლი იძულებული გახდა უფრო რაციონალურად შეეხედა თავისი რეგიონალური მიდგომისათვის, - მიიჩნევს იუვალ ვებერი, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიების სპეციალისტი ტეხასში მდებარე ჯორჯ ბუშის სახელობის მმართველობისა და საჯარო სამსახურის კოლეჯიდან.

„ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც საკუთარი ელექტორატის კონსოლიდაციისათვის იყენებდნენ მოსკოვის გაცემულ დაპირებებს დახმარების თაობაზე, დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ეს დახმარება შეწყდა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ხელი მიჰყო ერთგვარ ეკონომიას თავის საგარეო პოლიტიკაზე. „თუ ფულს არ იხდი, შენს სატელეფონო ზარებს ხალისით არავინ უპასუხებს“, - ამბობს ვებერი.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი უარს ამბობს თავის როლზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

აზერბაიჯან-სომხეთს შორის სექტემბრის ბოლოს გაჩაღებული შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში გარკვეული ყოყმანის შემდეგ, კრემლმა სისხლისმღვრელი დაპირისპირების შემდგომ მიღწეული შეთანხმებით მთიან ყარაბაღში სამშვიდობო სამხედრო ძალის შეყვანით გააძლიერა გავლენა რეგიონში. მაგრამ ამან ლეგალიზებული გახადა აზერბაიჯანის ყველაზე ერთგული მოკავშირის, თურქეთის, აქტიური ჩართულობა, თურქეთისა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესის ნაწილად იქცა.

პუტინი უწინდებურად უჭერს მხარს ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკათა სათავეში მყოფ თავის კოლეგებს საკუთარი პირადი კონტაქტებითა თუ მათთვის გაცემული მხარდაჭერის დაპირებებით. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს“, - უთხრა პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სოორონბაი ჟეენბეკოვს, 28 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე.

თუ ბელარუსში აჯანყების მოხდენა შესაძლებელი გახდება, მაშინ არც რუსეთში გამოირიცხება აჯანყება 2024 წელს.
აბას გალიამოვი

მაგრამ ამ შეხვედრიდან ორი კვირის თავზე, სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საპროტესტქო აქციების ფონზე, ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. მოსკოვმა არ მოინდომა მისი მხარდაჭერა.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გარდა, ვერ ხერხდება ასევე მოსკოვის მიერ ჩაფიქრებული სხვა ტრანსნაციონალური პროექტების რეალიზება. ერთ ადგილს ტკეპნის რუსეთ-ბელარუსის სრულფასოვანი მოკავშირე სახელმწიფოს შექმნის იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკა კოლოსალურ ზეწოლას განიცდის მოსკოვის მხრიდან, მისი შერყეული რეჟიმის მხარდაჭერის სანაცვლოდ წაყენებული პირობების სახით.

ამგვარი მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ განაწყობს ათასობით ბელარუსს, რომლებიც წყევლა-კრულვას უთვლიან ლუკაშენკას.

ცხადია, პოლიტიკური კრიზისი ბელარუსში უფრო მძლავრად ეხება რუსეთს, ვიდრე ომი მთიან ყარაბაღში თუ ყირგიზეთში მომხდარი გადატრიალება.

ლუკაშენკას რეჟიმი, 26 წლის განმავლობაში რომ ყალიბდებოდა, ძალიან წააგავს საკუთრივ პუტინისას: ბელარუსში მთელი ძალაუფლება თავმოყრილია პრეზიდენტის ხელში, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს დასავლეთს და ცდილობს ჩანასახშივე მოსპოს ნებისმიერი ოპოზიცია.

ლუკაშენკას ერთგული ძალოვანი სტრუქტურები გადაჭარბებულ ძალას იყენებენ დემონსტრანტების მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით არ შეუძლიათ ჩაახშონ პროტესტი, 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ რომ აზვირთდა ქვეყანაში.

თუ პუტინი 2024 წელს მეხუთე ვადითაც შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას, ბელარუსში შექმნილი ვითარება მან შესაძლოა განიხილოს როგორც რუსეთში დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლის სავარაუდო სცენარი:

„ბელარუსის მოვლენების იგნორირება შეუძლებელია, - ამბობს კრემლის ყოფილი სპიჩრაიტერი და ექსპერტი, აბას გალიამოვი. –ლუკაშენკა იქცევა ისევე, როგორც მსგავს სიტუაციაში პუტინი მოქმედებს. თუ ბელარუსში აჯანყების მოხდენა შესაძლებელი გახდება, მაშინ არც რუსეთში გამოირიცხება აჯანყება 2024 წელს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG