Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრევენცია თუ პროვოკაცია?


2 დეკემბერს, გამთენიისას, საქართველოს შს სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში - „გურუსა“ და „ალიანსში“, დააკავა უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ., ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია, რომლებიც საქართველოში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ.

რაში ადანაშაულებს შს დაკავებულებს

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

„გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არიან თუ არა კავშირში უკრაინისა და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ არის ლუკა ჩხეტია

ლუკა ჩხეტია - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის ყოფილი მებრძოლი. ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში საერთაშორისო მისიით. იბრძოდა უკრაინაში, ლუგანსკის მხარეში, უკრაინის მოხალისეთა ბატალიონში.

ლუკა ჩხეტიას დის, შორენა ჩხეტიას, თქმით, მისი ძმა, ორი წელია, იმყოფება უკრაინაში.

„მცირე ხნით იყო ჩამოსული, როცა მამიდაშვილი გარდაეცვალა, მერე ისევ უკრაინაში დაბრუნდა, სადაც თავის მეგობრებთან ერთად იბრძვის უკრაინის თავისუფლებისათვის. ახლა დედამისისთვის უნდოდა სიურპრიზის მოწყობა, შეუტყობინებლად, მოულოდნელად მისულიყო სახლში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შორენა ჩხეტიამ.

საქართველოს შსს-ს შინაგანი ჯარებისა და თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოეხმაურა ლუკა ჩხეტიას დაკავების ამბავს და მას პოლიტიკური დევნის შეფასება მისცა.

გოგი თავთუხაშვილი: „SOS! SOS! SOS! ჯარისკაცების, ვეტერანების და პატრიოტების დაკავებების მორიგი ეტაპი დაიწყო! ლუკა ჩხეტია, მესამე ბრიგადის ყოფილი მებრძოლი,ორჯერ იყო საერთაშორისო მისიით ავღანეთში. იბრძოდა უკრაინაში, ლუგანსკის მხარეში, უკრაინის მოხალისეთა ბატალიონში. საზღვარი გადმოკვეთა თუ არა, დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით“.

2 დეკემბერს, შუადღისას, შს სამინისტრომ ჩხრეკა ჩაატარა ლუკა ჩხეტიას მშობლების სახლში ზუგდიდის რაიონის სოფელ ეწერში, თუმცა, როგორც ჩხეტიას დამ, შორენა ჩხეტიამ, განმარტა, პოლიციამ ვერაფერი იპოვა:

„ისედაც ვიცოდით, რომ ვერაფერს ვერ იპოვნიდნენ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ჩემი ძმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ გავჩერდებით და სხვა ზომებს მივმართავთ. უსამართლოდ არიან დაპატიმრებულები. ყველამ იცის, რომ ჩაუდეს იარაღი. ვინც ჩემ ძმას იცნობს, ყველამ იცის, თუ რა ხდება ჩვენ თავს. ჩაუდეს იარაღი, იმიტომ რომ ლუკა არასოდეს იარაღს თან არ ატარებდა, ეს გამორიცხულია. ეს მოგონილი ზღაპარია“.

ლუკა ჩხეტია აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას. შესაბამისი შინაარსის სტატუსებს ის სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებდა. განსაკუთრებით კრიტიკული იყო პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელსაც მოღალატედ მოიხსენიებდა.

“მივმართავ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, თავდაცვის სამინისტროს თითოეულ ჯარისკაცს! არა სალომე ზურაბიშვილს! კრემლის აგენტს, საქართველოს მტერს! ანტიქართულ “ოცნებას” არ ვირჩევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გვინდა რუსული დროშა აფრიალდეს საქართველოში!” - დაწერა ლუკა ჩხეტიამ 6 ნოემბერს.

„სულით ქოცებო, წამშალეთ მეგობრებიდან, მტრობა ჩვენს შორის!!!!“ - დაწერა ლუკა ჩხეტიამ 28 ნოემბერს.

ლუკა ჩხეტია თავის უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად საქართველოში 30 ნოემბერს ჩამოვიდა.

უკრაინელი დეპუტატი და სხვა უკრაინელები...

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორისაა უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტია „სამოპომიჩის“ წევრი და მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაური სემიონ სემენჩენკო, თუმცა უკრაინელმა პოლიტიკოსმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა: „ინფორმაცია, რომ თითქოს ვიღაცამ სადღაც დამაკავა, ფეიკია. ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოდან გაურკვეველი მიმართულებით გავემგზავრე, ფეიკია“.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეთა დაკავებას, სემიონ სემენჩენკომ განაცხადა: „ეს არის პროვოკაცია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია. რამდენიმე ვერსია მაქვს. დიდი ალბათობით, საქართველოსა და უკრაინის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რადგან აწყობთ სკანდალის გამოწვევა, ქართველი ამომრჩევლის დაშინება, რომ თითქოსდა საქართველოში ჩამოვიდნენ უკრაინელი მებრძოლები საზარელი მიზნებით. ეს ადამიანები, რომლებიც თბილისში დააკავეს, უკრაინაში ოპოზიციაში არიან და კორუფციას აპროტესტებენ. იბრძვიან უკეთესი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ბიჭებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ“.

სემიონ სემენჩენკოს თქმით, საქართველოში ის ჩამოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, არჩევნების დასრულების შემდეგ კი დარჩა როგორც ტურისტი და მას 29 ნოემბერს თბილისში შეუერთდა მეუღლე, რომელიც კიევიდან ჩამოფრინდა.

სემიონ სემენჩენკო
სემიონ სემენჩენკო

„ადვოკატების დახმარებით შევიტყვე, რომ ერთს ვაზნები ჩაუდეს, მეორეს - პისტოლეტი, მესამეს - ყუმბარა... ბალიშის ქვეშ, ტომარაში და ა.შ. ადვოკატები ითხოვენ ექსპერტიზის ჩატარებას. წესით, ამ იარაღზე არ უნდა იყოს ბიჭების კვალი. ერთი მომენტიც არის: ექვსივე თვითმფრინავით ჩამოფრინდა თბილისში. რა გზით შეეძლოთ იარაღის შემოტანა? სპეციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტიკური მიზანი ჰქონდათ. აქ არ არის არანაირი რევოლუცია, არ არის სროლა. სად უნდა წასულივნენ ამ იარაღით? ვიღაცას უნდა, რომ ოპოზიციას დასდოს ბრალი ძალადობის ორგანიზებაში, გადატრიალების მომზადებაში და ასე დააშინოს ამომრჩეველი უკრაინელი ბოევიკებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სემიონ სემენჩენკომ, რომლის თქმითაც, ის თითქმის ყოველდღე ხვდებოდა დაკავებულებს:

“ვსტუმრობდით ჩვენს თანამებრძოლებს, მათ ოჯახებს, სადაც ვეცნობოდით მათ შვილებს, მშობლებს და გულითადად გვიმასპინძლდებოდნენ. არსებობს ფოტოები“.

სემიონ სემენჩენკოს განმარტებით, მის დისკრედიტაციას ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე იური ბირიუკოვი, რომელმაც შეგნებულად გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოსდა დაკავებულთა შორის იმყოფებოდა დეპუტატი სემენჩენკო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG