Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პრემიერ ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, გეოპოლიტიკა სკოლის მოსწავლის დონეზე ესმის“ - ტობიას ელვუდი


ბრიტანელი პარლამენტარი და პროფესიონალი სამხედრო, ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ტობიას ელვუდი
ბრიტანელი პარლამენტარი და პროფესიონალი სამხედრო, ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ტობიას ელვუდი

იმ გამოხმაურებებს შორის, რაც ბრატისლავაში, “გლობსეკის” კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხს მოჰყვა კითხვაზე, “რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს”, ერთ-ერთი იყო ბრიტანელი პარლამენტარის და პროფესიონალი სამხედროს, ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ტობიას ელვუდის კომენტარიც: “სამარცხვინოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი (სახელმწიფო, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს) რუსეთის უკრაინაში შეჭრაში ნატოს ადანაშაულებს”, - დაწერა ელვუდმა ტვიტერზე.

ტობიას ელვუდმა საქართველოს ლიდერის განცხადებებიდან მიღებული შთაბეჭდილებები ვაჟა თავბერიძეს გაუზიარა.

“ყველა სახტად დარჩა. იმედი მქონდა, რომ უკან წაიღებდნენ ამ განცხადებებს, რადგან ეს ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას და მის მცდელობებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ... რაღაც ავბედითი ხდება, ფარდებს მიღმა”, - უთხრა ბრიტანელმა პარლამენტარმა რადიო თავისუფლებას.

[2008 წელს დასავლეთით რეაქციით იმედგაცრუება] არანაირად არ ამართლებს პრემიერ-მინისტრის კომენტარებს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთმა, როგორც იქნა, გამოიღვიძა და მოიკრიბა საკმარისი მხნეობა და პოლიტიკური გამბედაობა, რათა პუტინს წინ აღუდგეს.

რადიო თავისუფლება: სხვებთან ერთად, თქვენც ესწრებოდით პრემიერ ღარიბაშვილის უკვე ცხარე დებატების საგნად ქცეულ გამოსვლას ბრატისლავაში, GLOBSEC-ზე. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

ტობიას ელვუდი: არა მარტო მე, ყველა სახტად დატოვა ამ გამოსვლამ, მიუხედავად იმისა, რომ მოდერატორმა წინათქმისას თითქოს შეგვამზადა ამისთვის, მაინც ყველა გაოგნებული იყო. თუ ვინმე უნდა უჭერდეს მხარს უკრაინას ასი პროცენტით, ეს საქართველოა, რადგან საქართველომ თვითონაც იწვნია რუსული აგრესია - რუსეთმა ტერიტორიები წაგგლიჯათ. აქ კი ვნახეთ პრემიერი, რომლის ქვეყანაც ნატოში შესვლას ლამობს, ის კი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ნატოსვე აბრალებს. ყველა სახტად დარჩა. იმედი მქონდა, რომ უკან წაიღებდნენ ამ განცხადებებს, რადგან ეს ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას და მის მცდელობებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ... რაღაც ავბედითი ხდება, ფარდებს მიღმა, რომ პუტინს ჰყავს მოხელთებული, რომ ცდილობს, ფსონები ორივე მხარეზე გაანაწილოს, იმის მიხედვით, თუ რა პირი უჩანს ომს... და ეს შეურაცხმყოფელია - ესაა დემოკრატიის, ევროპული უსაფრთხოების და მათი შეურაცხყოფა, ვინც უკრაინას უდგას გვერდში.

რადიო თავისუფლება: თქვენ შეიძლება სახტად კი დარჩით, მაგრამ ფაქტია, რომ მისი პანელის დასრულებისას ისმოდა ოვაციაც - რამ დაიმსახურა ეს ტაში: მისმა სათქმელმა თუ იმან, რომ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და არ შეუშინდა კრიტიკულ გარემოს?

ტობიას ელვუდი: ტაში მისთვის ნამდვილად არ დაგვიკრავს. ეს იყო პატივისცემა თავად ღონისძიებისა და სხვა მონაწილეებისადმი. ეს არ იყო ტაში მისთვის, ან მისი სათქმელისთვის. ვერავის იპოვით კონფერენციაზე, ვინც გეტყვით, რომ დიახ, აი, მე ამ კაცის სათქმელს, პოზიციას ვიზიარებ. და ამ ყველაფრის პრემიერ-მინისტრის პირიდან მოსმენა, იყო, ვფიქრობ, უპასუხისმგებლო და სახიფათოც - თუკი საქართველო კვლავაც გეგმავს დიდ ევროპულ ინსტიტუციებთან მიერთებას.

რადიო თავისუფლება: ისე, როგორ ფიქრობთ, თქვენ იყავით მისი სამიზნე აუდიტორია თუ სულ სხვა „დარბაზისთვის“ დაწერილ მუსიკას უსმინეთ?

ტობიას ელვუდი: ვფიქრობ, ის მოსკოვს ელაპარაკებოდა. ის პირდაპირ მიანიშნებდა პრეზიდენტ პუტინს: რომ აი, აქა ვარ, და თუ ომის საქმე უკუღმა წავიდა, მაშინ მას სურს ისეთივე ურთიერთობა მოსკოვთან, როგორიც ვიქტორ ორბანს აქვს. გუშინ მან, ასე ვთქვათ, „კარტი“ გახსნა და გვაჩვენა.

ფინეთიც კი, რომელიც წლები ძალიან, ძალიან ფრთხილად „მიაბიჯებდა თოკზე“, რათა დიდი მეზობელი არ გაენაწყენებინა, დღეს თვლის, რომ უსაფრთხოების სიტუაცია იმდენად დრამატულად გაუარესდა, რომ ერთადერთი ვარგისი ქოლგა ეს ნატოს ქოლგაა.

რადიო თავისუფლება: მოდით, ამ ყველაფერს იმ გადმოსახედიდან შევხედოთ, რომლიდანაც მთავრობას სურს, რომ დავინახოთ: რეალპოლიტიკისეულ პრაგმატიზმთან გვაქვს საქმე? მაკიაველის „პრინცთან“, რომელიც პირველ რიგში, თავისი მოწყვლადი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ კეთილია და ვინ ბოროტი? მისი გამოსვლისას იქმნებოდა განცდა, რომ მას ამ ამპლუის მორგება სურდა, ეს იყო მისი გადმოსახედი.

ტობიას ელვუდი: ერთადერთი გადმოსახედი, რომლიდანაც დღეს შეიძლება რუსეთს შეხედო, არის ის, რომ დაგმო სხვა ქვეყანაში თვითნებური შეჭრა. გავიმეორებ, რომ სწორედ ეს გაგვიკვირდა ყველაზე მეტად - რომ საქართველოსგან გვესმოდა ეს ყველაფერი, ქვეყნისგან, სადაც რუსეთმა ბევრად უფრო ადრე გვიჩვენა თავისი მტაცებლური ზრახვები. სერბეთს რომ ეთქვა მსგავსი, ან თურქეთს, ან კიდევ უნგრეთს - ალბათ ასე ძალიან არ გაგვაოცებდა, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ასეთების მოსმენა ნამდვილად გამაოგნებელი იყო.

რადიო თავისუფლება: მოდით, გავაანალიზოთ მისი გამოსვლის მთავარი, ასე ვთქვათ, თეზისი. თანმიმდევრობა ასეთია: ა) უკრაინას სურდა ნატოში შესვლა. ბ) ამის გამო, მას რუსეთი თავს დაესხა. და შემდეგ მივდივართ გაუხმოვანებელ ტოლობამდე: რომ ნატოში შესვლის სურვილი უდრის რუსეთთან ომს, შესაბამისად, თუ არ გვინდა რუსეთთან ომი, არ უნდა გვინდოდეს ნატოში შესვლა. სწორია ეს ინტერპრეტაცია?

ტობიას ელვუდი: ეს უკიდურესი გამარტივებაა, და მიანიშნებს იმაზე, რომ მას გეოპოლიტიკა დაახლოებით სკოლის მოსწავლის დონეზე ესმის. რუსეთი არის მზარდი გეოპოლიტიკური საფრთხე დასავლური ცხოვრების წესისათვის. ფინეთიც კი, რომელიც წლები ძალიან, ძალიან ფრთხილად გადიოდა ზღვარზე, რათა დიდი მეზობელი არ გაენაწყენებინა, დღეს თვლის, რომ უსაფრთხოების სიტუაცია იმდენად დრამატულად გაუარესდა, რომ ერთადერთი ვარგისი ქოლგა ეს ნატოს ქოლგაა. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ან თავდაცვითი ალიანსის წევრები გახდებიან, ან მოუწევთ ბირთვული შეიარაღება იშოვონ, რათა თავი დაიცვან [რუსეთისგან] მოსალოდნელი აგრესიისგან. რატომ უნდა საქართველოს ნატოში შესვლა? იმიტომ, რომ დახმარება გჭირდებათ, იმიტომ, რომ არ გინდათ, რუსეთმა დაგიპყროთ, ასე არაა? ეს ხომ უმარტივესია - ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ, ვინმემ დაიპყროს, წევრდებიან თავდაცვით ალიანსებში. ასეა ეს.

რადიო თავისუფლება: და მაინც, მიუხედავად ამ თავდატეხილი კრიტიკისა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბლომად იპოვით ადამიანებს, ვისაც დასავლეთმა იმედი გაუცრუა - პირველ რიგში იმით, თუ როგორი რეაქციაც ჰქონდა 2008 წლის ომზე. და ეს შეიძლება ძლიერი არგუმენტი გახდეს ანტიდასავლური სენტიმენტებისთვის. რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთმა საქართველო დააღალატა?

ტობიას ელვუდი: ვეტყოდი, რომ სავსებით მესმის მათი. ვფიქრობ, დასავლეთში ახლა მიდის თვითრეფლექსიის, საკუთარ თავში ჩაღრმავების პროცესი - მათ შორის იმაზე, თუ რატომ არ გავაკეთეთ მეტი საქართველოს დასახმარებლად? ორი აზრი არ არსებობს, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. რატომ? იმიტომ, რომ გამბედაობა დაგვაკლდა, 90-იანებში ცივი ომის დამთავრებამ გაგვაზულუქა და საკმარისად აღჭურვილები არ შევხვდით ამ ყველაფერს. თავისი როლი ითამაშა ერაყმა და ავღანეთმაც, ფოკუსი იქეთ იყო. ასე რომ, მესმის მათი, ამ ქართველების, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს პრემიერ-მინისტრის კომენტარებს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთმა, როგორც იქნა, გამოიღვიძა და როგორც იქნა, მოიკრიბა საკმარისი მხნეობა და პოლიტიკური გამბედაობა, რათა პუტინს წინ აღუდგეს.

საქართველომ სარკეში უნდა ჩაიხედოს და თავის თავს ჰკითხოს: სად ვდგავარ მე?

რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა: რა დევს დღეს სასწორზე უკრაინის ომში ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა? ჯერჯერობით, საქართველო ცდილობს ლავირებას, უფრო სწორად, როგორც იტყვიან, „ღობეზე ზის“. მაგრამ როცა ეს ფუფუნება აღარ გვექნება, თუ ღობე ისეთი წვეტიანი გახდება, რომ მასზე ვეღარ შემოსკუპდება და მოუწევს ერთი ან მეორე ბანაკის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება - რა არის საქართველოსთვის ამ “ღობის” თითოეულ მხარეს?

ტობიას ელვუდი: საქართველომ სარკეში უნდა ჩაიხედოს და თავის თავს ჰკითხოს: სად ვდგავარ მე? როგორ გამოვიყურები? რამდენად კარგია ჩემ მიერ შერჩეული პოზიცია? და არ მგონია, ვინმეზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენდეს, როდესაც ერთი მხრივ დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობ, მეორე მხრივ კი, რუსეთს ირიბად ეხმარები.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG