Accessibility links

პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია - მარნეულელი ახალგაზრდების თავსატეხი


​​მარნეულელი სტუდენტის აზრით, ახალგაზრდების მთავარი პრობლემა კვლავაც ენობრივი ბარიერი რჩება.

რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის სამიზნე მარნეულელი ახალგაზრდებიც არიან. ინფორმაციას არაქართული ტელეარხებით იღებენ, თუმცა ბევრი მათგანი ალტერნატივად სოციალურ ქსელებს იყენებს. რა გავლენა აქვს პროპაგანდას მარნეულელებზე, ახერხებს თუ არა ადგილობრივი ახალგაზრდობა ყალბი და უტყუარი ინფორმაციის გარჩევას?

21 წლის ელმარ ხალილოვი მარნეულელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია და მშობლიური ქალაქიდან ყოველდღე დადის უმაღლეს სასწავლებელში. ამბობს, რომ თანაქალაქელებისთვის, განსაკუთრებით კი უფროსი თაობისთვის, ინფორმაციის წყარო ძირითადად, აზერბაიჯანული, რუსული და თურქული არხებია. რუსულ არხებს უპირატესად უფროსი თაობა უყურებს:

„[ინფორმაციის] მთავარი წყარო აზერბაიჯანული და თურქული ტელევიზიებია. ადრე ბევრი იყო რუსული არხები. ასევეა ქართული ტელევიზიები, მაგრამ მათ ხშირად არ უყურებენ და ესაა პრობლემა“.

ახალგაზრდებს რომ ჰკითხოთ, მაგალითად, 18-დან 30 წლამდე, ამერიკისკენ, ევროკავშირისკენ იხრება, იმედი აქვთ, რომ საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდება...
ორხანე ყურბანოვა

მარნეულელი სტუდენტის აზრით, ახალგაზრდების მთავარი პრობლემა კვლავაც ენობრივი ბარიერი რჩება, ამიტომ ქართულენოვანი გადაცემები ბევრისთვის გაუგებარია. ამბობს, რომ მარნეულის აზერბაიჯანულ სკოლებში განათლების ხარისხი, ქართული ენის სწავლებაზე რომ აღარაფერი ვთქვით, იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქართულ სკოლებში. ელმარ ხალილოვის თქმით, უნივერსიტეტში სწავლა მას, პროფესიის დაუფლების გარდა, ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და, შესაბამისად, მეტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც დედაქალაქში მარნეულიდან დადის, ორხანე ყურბანოვაა. ილიაუნის სტუდენტი ამბობს, რომ უცხოენოვან ტელეარხებზე, რომელიც მარნეულში ვრცელდება, საქართველო მხოლოდ არჩევნების დროს შუქდება. მოსახლეობაც, ძირითადად, აზერბაიჯანულ და თურქულენოვან არხებს უყურებს. თუმცა ორხანე ყურბანოვას თქმით, მარნეულის უფროს თაობაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, რუსული პროპაგანდის წყალობით, ნოსტალგია იგრძნობა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიმართ, ის ადვილად იჯერებს ისტორიის პროპაგანდისტულ ინტერპრეტაციებს:

„ახალგაზრდებს რომ ჰკითხოთ, მაგალითად, 18-დან 30 წლამდე, ამერიკისკენ, ევროკავშირისკენ იხრება, იმედი აქვთ, რომ საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდება. ხანში შესული ადამიანები რუსეთს ამჯობინებენ - ფიქრობენ, რომ აფხაზეთს დააბრუნებენ“.

ახალგაზრდებს, რომლებსაც ვხვდებით ამ პროექტის ფარგლებში, ამბობენ იმას, რომ მათი ინფორმაციის წყარო ტრადიციულ მედიაზე მეტად არის სოციალური ქსელები, ფეისბუქით იგებენ ინფორმაციას...
მანონ ბოკუჩავა

თუმცა ილიაუნის სტუდენტ ორხანე ყურბანოვას თქმით, მარნეულელ ახალგაზრდებში ძალზე პოპულარულია სოციალური ქსელები, რომელიც მათთვის ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ ქვემო ქართლში, სადაც უპირატესად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, პერიოდულად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამჯერად მათი სამიზნე სწორედ ახალგაზრდობაა, რომელსაც სემინარებისა და სხვა აქტივობების საშუალებით ანტიდასავლური პროპაგანდის არსზე, რუსული პროპაგანდისა და ყალბი ამბების მავნებლობაზე ესაუბრებიან. „ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელ მანონ ბოკუჩავას თქმით, პროპაგანდას რომ თავი დავანებოთ, უფროსი თაობა სტერეოტიპების ტყვეობაში რჩება, ამიტომ უპირატესად ახალგაზრდებს მიმართავენ:

„ახალგაზრდებს, რომლებსაც ვხვდებით ამ პროექტის ფარგლებში, ამბობენ იმას, რომ მათი ინფორმაციის წყარო ტრადიციულ მედიაზე მეტად არის სოციალური ქსელები, ფეისბუქით იგებენ ინფორმაციას. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მყვირალა სათაურებით, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ვერ იგებენ, რა არის სიმართლე და რა არის ყალბი ინფორმაცია“.

მანონ ბოკუჩავას თქმით, მარნეული სწორედ იმიტომ შეარჩიეს, რომ აქ ენობრივი ბარიერის პრობლემაც არსებობს, რაც აძლიერებს ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდისტული არხების გავლენას. მან იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის საშუალებით ახალგაზრდები, რომლებიც ეუფლებიან მედიაწიგნიერების საფუძვლებს, სწავლობენ ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მეთოდებს, თავიანთ ცოდნას თანატოლებსაც გაუზიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG