Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ევოლუცია - რა და როგორ მუშაობს?


საქართველოს დემოკრატია არასრული 30 წლისაა, თუმცა მისი ისტორია ასაკის შეუსაბამოდ მდიდარია როგორც საპროტესტო გამოსვლებით, ასევე პროტესტის გამოხატვის ფორმებით. საყოველთაო გაფიცვა, დემონსტრაცია, შიმშილობა, გზატკეცილების გადაკეტვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, სახელმწიფო უწყებებში შეჭრა და ა.შ. ბოლო დროს არსებითად შეიცვლა პროტესტის ენა და სტრუქტურა. 20 ივნისის დაწყებული საპროტესტო აქციაც თვისებრივად განსხვავდება ყველა წინა აქციისაგან.

პროტესტის ფორმები

საპროტესტო მიტინგი (მსვლელობა) - პროტესტის ყველაზე ბუნებრივი და გავრცელებული ფორმაა, რომელსაც აქტიურად მიმართავდნენ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე. ე.წ. არაფორმალური ორგანიზაციების ლიდერებსა და საზოგადოების აქტიურ ნაწილს, 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენების სახით, უკვე გამოცდილი ჰქონდათ პროტესტის ამ ფორმის ეფექტიანობა.

სახელმწიფო საწარმოებისა და დაწესებულებების ბლოკირება, გაფიცვა, - რამაც ინტენსიური ხასიათი შეიძინა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ: გაფიცვას აცხადებდნენ საწარმოები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სკოლები... 1990 წელს სამტრედიაში გადაკეტეს საკავშირო მნიშვნელობის რკინიგზა. აქციას პარლამენტის დღევანდელი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ხელმძღვანელობდა.

შიმშილობა - პროტესტის ნიშნად შიმშილობის გამოცხადების ტრადიციაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან იღებს სათავეს. პროტესტის ამ ფორმას, ცხადია, მიმართავდნენ ქართველი დისიდენტებიც, თუმცა მასობრივად „შიმშილობის დაწყება“ ეროვნული მოძრაობის პირმშოა. სახალხო პარტიის თავმჯდომარე და ეროვნული მოძრაობის ვეტერანი მამუკა გიორგაძე იხსენებს 1988 წლის ნოებრის საპროტესტო შიმშილობას - ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საპროტესტო აქციას, რომელიც, მისი სიტყვებით, კგბ-ს ლეგენდარული შეფის, ალექსი ინაურის, გადადგომით დასრულდა.

„იძულებული გახდა გადამდგარიყო და პენსიაში გასულიყო“, - ამბობს მამუკა გიორგაძე.

1988 წლის შემდეგ საქართველოში შიმშილობის არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის ცნობილია „მხედრიონელების“ შიმშილობა ოპერის ბაღში, რომელსაც კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერებმა საპასუხო შიმშილობის აქციით უპასუხეს.

სახელმწიფო დაწესებულებების დაკავება - 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შევიდნენ პარლამენტში და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს არ მისცეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საშუალება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე შევიდნენ პრეზიდენტის კანცელარიის შენობაში.

თბილისი, 2003 წლის 10 ნოემბერი. ოპოზიციის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან.
თბილისი, 2003 წლის 10 ნოემბერი. ოპოზიციის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ 20 ივნისის ღამესაც მოვლენები "ვარდების რევოლუციის" სცენარით ვითარდებოდა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თალაკვაძემ თქვა: "დიახ, დაახლოებით ასეთი [ვარდების რევოლუციის] სცენარი ვითარდებოდა და ვფიქრობ, ადეკვატური გამოძიება უნდა მოხდეს, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ვინ იყო ამის ორგანიზებით დაინტერესებული“.

ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ არამართებულია 2003 წლისა და 2019 წლის მოვლენების ერთმანეთთან შედარება.

„2003-ში პარლამენტის შენობაში შესვლა იყო ბოლო აკორდი თითქმის ერთთვიანი პროტესტისა. ადამიანიები იდგნენ წვიმაში, ქარში და აპროტესტებდნენ არჩევნების გაყალბებას, ითხოვდნენ არჩევნების ხელახლა ჩატარებას. პარლამენტში შესვლა იყო ამ საპროტესტო აქციის ლოგიკური დასასრული განსაკურთებით იმ ფონზე, რომ მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების ყველა ფაქტი იქნა წარმოდგენილი. ახლა კი, 20 ივნისის საღამოს ვგულისხმობ, რამდენიმე დეპუტატმა ვერ გაითვალისწინა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ელემანტარულ პოლიტიკურ სიბეცეს, რაციონალურად სიტუაციის შეფასების უუნარობას, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა პარლამენტში შესვლას“, - ამბობს მარინა ჩიტაშვილი.

თბილისი, 2003 წლის 23 ნოემბერი. ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მცველების თანხლებით ტოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას, სადაც ცოტა ხნით ადრე გაიმართა მისი შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან. თავად შევარდნაძემ, კრწანისის რეზიდენციის დატოვებისას, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ამჯობინებს, გადადგეს.
თბილისი, 2003 წლის 23 ნოემბერი. ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მცველების თანხლებით ტოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას, სადაც ცოტა ხნით ადრე გაიმართა მისი შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან. თავად შევარდნაძემ, კრწანისის რეზიდენციის დატოვებისას, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ამჯობინებს, გადადგეს.

რა განაპირობებს პროტესტის ფორმის პოპულარობას?

ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი ამბობს, რომ არსებით როლს თამაშობს მეხსიერება იმისა, თუ რა სახის პროტესტი იყო წარმატებული.

„საქართველოში ყველაზე ხშირად შედეგი მოაქვს პროტესტის ისეთ ფორმას, როგორიც არის მასობრივი აქციები. რუსთაველის გამზირზე ახლა მიმდინარე საპროტესტო აქციაც ამის დასტურია“, - ამბობს მარინა ჩიტაშვილი.

2018 წლის მაისის დემონსტრაციები პარლამენტთან კლუბ "ბასიანსა" და 'გალერიში" სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ
2018 წლის მაისის დემონსტრაციები პარლამენტთან კლუბ "ბასიანსა" და 'გალერიში" სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ

რაც შეეხება „პროტესტის ყველაზე უკიდურეს ფორმას“ - შიმშილობას, რომელსაც ასევე ხშირად მიმართავენ ხოლმე საქართველოში. მარინა ჩიტაშვილის თქმით, მეხსიერება გვეუბნება, რომ შიმშილობა პროტესტის არაეფექტიანი ფორმაა:

„შიმშილობას ქართული კულტურული მეხსიერება ხვდება ცოტათი სკეპტიკურად, იმიტომ რომ რეალური შედეგი არ არსებობს. შიმშილობის აქციებს, როგორც წესი, რეალური, ეფექტური შედეგი არ მოჰყოლია. მართალია, უკიდურესი და რადიკალური პროტესტის ფორმაა, თუმცა შიმშილობით გარდაცვლილი პროტესტანტი არ გვყოლია, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში არაერთი შიმშილობა დასრულებულა ფატალურად და შედეგიც მოჰყოლია შესაბამისად“.

საპროტესტო შიმშილობის ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარება მამუკა გიორგაძეს, რომლის განმარტებითაც, „შიმშილობა თავგანწირვის ხარჯზე ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე მორალური ზემოქმედების მოხდენის საშუალებაა“.

„აჩვენებ მათ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს საქმე, რომ მზად ხარ თავი გაწირო, რომ ეს იდეა შენს სიცოცხლეზე მეტია... ასე გაიმარჯვა მერაბ კოსტავამ, ასე გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ“, - ამბობს მამუკა გიორგაძე, თუმცა ის ასევე არ უარყოფს იმას, რომ ბოლო დროს შიმშილობის აქციები, როგორც წესი, უშედეგოდ სრულდება.

„ყველამ იცის, მოშივდება და შეჭამენ. ბოლო დროის ყველა შიმშილობა ასე დამთავრდა. თუ გახსოვთ, იყო ასეთი ამბავიც, ელიტარული მოშიმშილეები რომ ცალკე დასხდნენ და ხალხი რომ ცალკე დასხდა. პრალამენტის თავმჯდომარის მისაღებში რომ შიმშილობდნენ და ორ კვირაში დაიწყეს, არიქა, ვიღაც კვდება და პატრიარქმა გვთხოვოს, შევწყვიტოთ შიმშილობაო“, - ამბობს მამუკა გიორგაძე.

ინდივიდების გაერთიანებული პროტესტი

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაწყებული საპროტესტო აქცია თვისებრივად განსხვავდება ყველა წინა სპროტესტო გამოსვლისგან, - ასე ფიქრობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე, რომლის თქმითაც, მიმდინარე აქციაში თვალშისაცემად ბევრი ადამიანი მონაწილეობს როგორც აზრის გამოთქმის, ასევე ორგანიზების დონეზე. გარდა ამისა, აქციის ძირითად ბირთვს აქვს მკაფიოდ გამოყოფილი საკუთარი პოზიცია და ადვილი არ არის მათი გადღაბნვა პოლიტიკურ აქტორებში.

გიორგი მელაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2003 წლის საპროტესტო აქციებში, აბობს, რომ წინა აქციების დროს პოლიტიკასთან გადაზელვა ძალიან ადვილი იყო:

„ასეთი მკაფიო იდენტობა ჩვენ არ გვქონია. მაშინ ამისთვის არც დრო იყო და არც გამოცდილება. ეს თაობა კი პროტესტს თავისი გამოკვეთილი იდენტობით აკეთებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ აქციებს აფინანსებენ ადამიანები საკუთარი ჯიბეებიდან. იწერება სტატუსი, რომ საჭიროა რაღაც თანხა და მას ქვემოთ მოჰყვება ასეულობით ადამიანი, რომელიც 5, 10 და 100 ლარს რიცხავს იმისთვის, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს. ეს პროტესტი დგას ჯიბის ფულზე, მრავალი ადამიანის ჯიბის ფულზე. ესეც უპრეცედენტოა და ამის გაჩერებაც შეუძლებელია. ასეთი რამ იყო ბასიანის აქციაზე, რეპერების დაპატიმრების აქციაზე, ნარკოპოლიტიკის თემებზე... მაშინაც ძალიან მოულოდნელი იყო, რომ წამოვიდა ჯიბის ფული და დღეს ეს უკვე მასობრივად ხდება“.

გიორგი მელაძის თქმით, მიმდინარე აქციამ ასევე აჩვენა, რომ ძალიან შესუსტდა ფორმალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციაც და რომ ძირითადი წამყვანი ძალა არის არაფორმალურად, დროებით ორგანიზებული აქტივისტები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ მათი მიზანია შექმნან პოლიტიკა და დატოვონ პოლიტიკა.

„ეს მიდგომაც ახალია. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ფორმალური არასამთავრობოები თავის როლს კარგად ვერ ასრულებენ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ გადავედით სამოქალაქო საზოგადოების ახალ დონეზე, რომელიც უფრო ფართოა და რომელიც თითქმის ყველა ოჯახს მოიცავს. აშკარაა, რომ ეს პროტესტი მეტად დეცენტრალიზებულია და მეტადაა დაკავშირებული ადამიანებთან. ამ ყველაფერს არ ტვირთავს ბევრი ინსტიტუციური მონაწილე, ეს არის მართლა ინდივიდების გაერთიანებული პროტესტი“, - ამბობს გიორგი მელაძე.

პროტესტის ამგვარი ტრანსფორმაცია მოულოდნელი სიახლეა ხელისუფლებისთვისაც, რომელიც ეფექტიანად ვერაფერს ვერ უპირისპირებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს.

„როდესაც საზოგადოება არ არის დემოკრატიული, შეგიძლია ათასი სისულელე მოიგონო და ათასი კომბინაციით სცადო ადამიანების დეზორიენტაცია, მათი შეცდომაში შეყვანა, დაშლა, დაბნევა და ა.შ. დღეს სახელმწიფოს უპრეცედენტო აქციასთან აქვს საქმე, თითოეული წევრი ამოწმებს ინფორმაციას, თავის ენერგიას და დროს დებს ამ ყველაფერში. რაც უნდა ის ქნას სახელმწიფომ, რუსული „ოხრანკის“ მეთოდები ამ კონკრეტულ აქციასთან არ ჭრის... პროტესტი გაგრძელდება, ტაქტიკები გამოიცვლება, შეიძლება ყოველთვის არ იყოს მასობრივი ფორმით, მაგრამ საპროტესტო მუხტი არ განელდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი მელაძემ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG