Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პური გაძვირდა


საქართველოში პურზე ფასმა 5-დან 10 თეთრამდე მოიმატა. მწარმოებლები ამბობენ, რომ მიზეზი ფქვილის გაძვირებაა, პრემიერ-მინისტრი კი უფრო შორს მიდის და ეჭვობს, რომ ფასები ხელოვნურად იზრდება.

თუ მართლა დაუშვეს ეს რეგულაცია, კონკურენცია შეიზღუდება და ფასები მკვეთრად გაიზრდება. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ნავთობპროდუქტებზეც.
პაატა შეშელიძე

„თუ ადრე ტომარა ფქვილს 33-35 ლარად ვყიდულობდით, ახლა 47-50 ლარი გვიჯდება. ბოლო დრომდე ველოდებოდით, რომ ფასები დაიწევდა, ვცდილობდით ჩვენი მარაგის ხარჯზე არ გაგვეზარდა ფასი, ახლა კი იძულებულები ვართ გავზარდოთ, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ“, - ამბობს კომპანია „იფქლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ გოგიშვილი. „იფქლი“ ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც პური გააძვირა. კომპანია პურს თბილისსა და რეგიონებში ყიდის.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ პური გაცილებით ადრე უნდა გაძვირებულიყო, და ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნოდ დაბალი ფასის შენარჩუნება ხელისუფლებამ მწარმოებელ კომპანიებზე ზეწოლით მოახერხა.

ფქვილის გაძვირების მეორე მიზეზად ის ხელისუფლების ახალ ინიციატივასაც ასახელებს. შესაძლებელია მთავრობამ გადაწყვიტოს, რომ პურის ფქვილი ქვეყანაში მხოლოდ გემებითა და მატარებლებით შემოვიდეს, რაც წვრილ მეწარმეებს პურის ბიზნესის მიღმა ტოვებს.

საქართველოში არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ...
მამუკა ბახტაძე

„თუ მართლა დაუშვეს ეს რეგულაცია, კონკურენცია შეიზღუდება და ფასები მკვეთრად გაიზრდება. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ნავთობპროდუქტებზეც. ეს შეზღუდვა 10-11 წლის წინ ამოქმედდა და მას შემდეგ ნავთობპროდუქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა“, - ამბობს იგი.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ პურის გაძვირება შესაძლოა უსამართლო კონკურენციის შედეგი იყოს და შესაბამის ორგანოებს საკითხის გამოკვლევა დაავალა.

„მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე. საქართველოში არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა მან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG