Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის უმცროსი ქალიშვილი პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე


კატერინა ტიხონოვა (მარჯვნივ)
კატერინა ტიხონოვა (მარჯვნივ)

6 დეკემბერს ტელეარხმა „როსსიამ“ თავის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში აჩვენა რეპორტაჟი მოსკოვის ინსტიტუტ „ინოპრაქტიკაზე“, რომელშიც პირველად გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სავარაუდოდ, უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა.

კატერინა ტიხონოვა, რომელიც სიუჟეტში მეორე წუთს ჩნდება, რობოტული სისტემების მართვის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეიროცენტრი სწორედ ამ ტექნოლოგიების სინერგიასა და ეკონომიკაში მათ რეალურ მოთხოვნაზეა დაფუძნებული. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ერთდროულად შეიცნობს საკუთარ თავსაც და ამ ტექნოლოგიების მნიშვნელობასაც“, - ამბობს ეკატერინა ტიხონოვა. სიუჟეტში მას მაყურებელს წარუდგენენ არა მხოლოდ როგორც „ინოპრაქტიკის“ დირექტორს, არამედ ასევე როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რთული მათემატიკური გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს.

რატომ ტიხონოვა?

კატერინა ტიხონოვა რომ მართლაც რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ქალიშვილია, ამაზე პირველად ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა 2015 წლის იანვარში დაწერა. 2015 წლის ნოემბერში სააგენტო „როიტერსმა“ დაადასტურა ეს ინფორმაცია თავის გამოძიებაში. „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელმა ანდრეი აკიმოვმა სააგენტოს აცნობა, რომ კატერინას ხვდებოდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და უკვე მაშინ იცოდა, რომ იგი პუტინის ქალიშვილია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა უარყო ეს ცნობა. მანამდე, 13 წლის წინ, გამომცემლობა „სობესედნიკმა“ დაწვრილებით უამბო მკითხველს პუტინის ორ ქალიშვილზე, მაშასა და კატიაზე, რომლებსაც ეს სახელები ბებიების - მარია ივანოვნა პუტინასა და ეკატერინა ტიხონოვნა შკრებინოვას -პატივსაცემად დაარქვეს. ამჟამად ეს სტატია ინტერნეტში უკვე აღარაა ხელმისაწვდომი, თუმცა მისი ასლი შენახულია.

„როიტერსის“ თანახმად, კატერინა ტიხონოვა გამოძიების პუბლიკაციის დროს ცოლად ჰყავდა კირილ შამალოვს, პრეზიდენტ პუტინის დიდი ხნის მეგობრისა და ბანკ „რუსეთის“ აქციონერ ნიკოლაი შამალოვის ვაჟს. ამ ბანკს აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის ელიტის ბანკს უწოდებს. როგორც „ბლუმბერგი“ წერდა, ის 2018 წელს გაშორდა ქმარს.

კატერინა ტიხონოვა და კირილ შამალოვი
კატერინა ტიხონოვა და კირილ შამალოვი

​კორუფციის კვალი

2016 წლის ოქტომბერში ალექსეი ნავალნის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა“ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში „ინოპრაქტიკამ“ ერთბაშად მოიგო რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტი, ჯამში, 452 მილიონ რუბლის ოდენობით. კერძოდ, ფონდს თანხები გამოუყვეს სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „როსნეფტმა“, „როსატომმა“ და „ტრანსნეფტმა“.

იმის შესახებ, რომ კატერინა ტიხონოვა პუტინის ქალიშვილია, „ბლუმბერგის“ ინტერვიუში ამბობს „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი. პრეზიდენტის ქალიშვილის რანგში ტიხონოვა ნახსენებია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაშიც, რომელიც შეეხება პუტინის გარემოცვის მიმართ 2018 წლის აპრილში დაწესებულ სანქციებს.

შეკითხვას, არის თუ არა კატერინა ტიხონოვა მისი ქალიშვილი, თავად პუტინმა 2015 წლის დეკემბერში, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, არც უარყოფითად უპასუხა და არც დადებითად.

2017 წლის ივნისში პუტინმა თქვა, რომ ორივე მისი ქალიშვილი ცხოვრობს მოსკოვში და რომ შვილიშვილი შეეძინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG