Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინი პატივისცემას კარგავს“ - როგორ შეარყია ომმა და ინტერნეტის ბლოკირებამ რუსეთში ხელისუფლებისადმი ნდობა

ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო
ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო

პუტინი მოსახლეობის პატივისცემას კარგავს, რუსული ავტოკრატია კი საარჩევნო რეჟიმიდან სამხედრო დიქტატურისკენ მიექანება - ასე აფასებს რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას "კარნეგის ცენტრის" მკვლევარი ალექსანდრ ბაუნოვი. მისი თქმით, კრემლი დგას მორიგი არჩევანის წინაშე: ნაკლები რეპრესია თუ მეტი რეპრესია.

ალექსანდრ ბაუნოვი - ყოფილი რუსი დიპლომატი, ბერლინის კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარი, რომელიც იკვლევს პუტინის რუსეთს და ავტორია 2023 წელს გამოცემული წიგნისა „რეჟიმის დასასრული: როგორ დასრულდა სამი ევროპული დიქტატურა“. წიგნში განხილულია XX საუკუნეში ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის ავტოკრატიების დაცემის ანატომია. ალექსანდრ ბაუნოვის თქმით, ეს წიგნი „ავტოკრატიაში მცხოვრებმა ავტორმა სხვა ავტოკრატიებში მცხოვრები ადამიანებისთვის დაწერა“.

ალექსანდრ ბაუნოვი
ალექსანდრ ბაუნოვი

რადიო თავისუფლების პროექტ The CurrentTimes-თან საუბარში მკვლევარი ერთმანეთს ადარებს პუტინის, ფრანკოსა და სალაზარის რეჟიმებს, თანამედროვე რუსეთსა და გვიანდელ საბჭოთა კავშირში რეპრესიულობასა და ტოტალიტარიზმის დონეებს და ცდილობს ახსნას, სწორედ ახლა რატომ იბადება რუსეთის საარჩევნო ავტოკრატიის შიგნით სრულფასოვანი სამხედრო დიქტატურა.

„პუტინი ჩვენ თვალწინ კარგავს მოსახლეობის პატივისცემას“

— თქვენს წიგნში ფრანცისკო ფრანკოსა (ესპანეთის მმართველი 1939–1975 წლებში) და ანტონიუ სალაზარზე (პორტუგალიის მმართველი 1932–1968 წლებში) წერთ, რომ ინსულტის შემდეგ სალაზარი ფაქტობრივად ნომინალურ ფიგურად იქცა, თუმცა კვლავაც სჯეროდა, რომ პორტუგალიის მთავრობის მეთაური იყო, მაშინ როცა რეალური ხელმძღვანელი უკვე მარსელუ კაეტანუ გახლდათ. როგორც თქვენ ამბობდით, სალაზარისთვის სპეციალურ გაზეთებსაც კი ბეჭდავდნენ: მას ამერიკელები არ უყვარდა, ამიტომ ამ გაზეთებში მთვარეზე ადამიანის დაშვების შესახებ არაფერს წერდნენ. იმის გათვალისწინებით, რაც პუტინისა და მისი მსოფლმხედველობის შესახებ ვიცით, რისი თქმა შეიძლება - რამდენად იმყოფება ის რეალობისგან მსგავს იზოლაციაში?

— სალაზარი - ეს არის დიქტატორის დილემის უკიდურეს, თითქმის აბსურდამდე მიყვანილი მაგალითი. ეს დილემა იმაში მდგომარეობს, რომ დიქტატორმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ინფორმაცია უნდა შეზღუდოს. მაგრამ თუ ის იწყებს ინფორმაციის სხვებისთვის შეზღუდვას, ადრე თუ გვიან ამ შეზღუდვას საკუთარ თავზეც ავრცელებს.

ანტონიუ დი სალაზარი
ანტონიუ დი სალაზარი

სალაზარის შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიქტატორის დილემის შედეგი არ იყო. ამას მისი ავადმყოფობაც განაპირობებდა. თუმცა ეს ინფორმაციული ბუშტის ჩამოყალიბების უკიდურესი გამოვლინებაა. შეუძლებელია ინფორმაციის ცირკულაცია მხოლოდ სხვებისთვის შეზღუდო და ბოლოს თავად არ იქცე ინფორმაციული იზოლაციის ობიექტად.

ზუსტად ამას ვხედავთ დღეს ვლადიმირ პუტინის მაგალითზე. ასევე ვხედავთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეებს ვიქტორია ბონიას ვიდეოზე. მოქალაქეები პოზიციიდან — „ხელმძღვანელობამ უკეთ იცის“ — უცბად გადავიდნენ პოზიციაზე — „ხელმძღვანელობა ვერაფერს ხედავს“.

ეს კი ხელისუფლებისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა. როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ „ხელმძღვანელობა ვერაფერს ხედავს“, ისინი ხელისუფლების პატივისცემას კარგავენ. ეს თავისთავად რევოლუციურ სიტუაციად არ გარდაიქმნება, მაგრამ ადამიანები წყვეტენ გაერთიანებას იმ ფიგურის გარშემო, რომელიც სიმბოლურ რესურსს, თუ გნებავთ, სიმბოლურ კაპიტალს კარგავს. მოსახლეობის პატივისცემა სახელმწიფოს პირველი პირის მიმართ სიმბოლური კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი მმართველისთვის — დემოკრატიულისთვისაც კი, ხოლო ავტოკრატისთვის განსაკუთრებით. და პუტინი ამ კაპიტალს ჩვენ თვალწინ კარგავს.

ეს არ ნიშნავს, რომ პატივისცემასთან ერთად ძალაუფლებასაც კარგავს. თუმცა უდავოა, რომ მის გარშემო არსებული მმართველი კოალიციის სიმტკიცე მცირდება. მმართველი კოალიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტოკრატი იყოს მათი დამცველი და მათი გადარჩენის გარანტი. როგორც ვხედავთ, პუტინი თავისი გარემოცვის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უკვე აღარ არის ასეთი გარანტი. ამიტომ ისინი იწყებენ ახალ შესაძლებლობებსა და სცენარებზე ფიქრს.

ჯერ შეუძლებელია (რაღაც ალბათობითაც კი) იმის თქმა, რა მოხდება, როცა მმართველი საზოგადოების პატივისცემას დაკარგავს. მაგრამ ის, რომ პუტინი ამ პატივისცემას კარგავს, ემპირიულად უკვე აშკარაა.

— თქვენი კოლეგა „კარნეგის ცენტრიდან“, ალექსანდრა პროკოპენკო, ბოლო ინტერვიუებში ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის მაღალი რანგის, პირობითად ტოპ-250-მა ჩინოვნიკმა დაიწყო პუტინის მოხსენიება „ბაბუად“ (Дед). როგორც ჩანს, ეს შეესაბამება იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. მაგრამ რას ცვლის ეს ელიტურ ფენაში?

— ბევრს ცვლის. საკუთრივ იცვლება მმართველი ელიტის დამოკიდებულება რეჟიმის ლიდერის მიმართ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. რეჟიმი უკვე აღარ აღიქვამს საკუთარ თავს ერთი კაცის გუნდად. ის შრეებად იშლება, იწყებს საკუთარი პროექტების აგებას, ჩნდება ჰეჯირების სხვადასხვა სახის მექანიზმი.

ჰეჯირება — ფინანსური სფეროს ტერმინი: რისკის შემცირება, თავის დაზღვევა დანაკარგებისაგან, რომლებიც გამოწვეულია ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებული პირობების არახელსაყრელი ცვლილებებით.

გარემოცვა იწყებს მომავლის ისეთი პროექტების დაგეგმვასა და მშენებლობას, რომლებშიც თავად პუტინი, ანუ რეჟიმის ლიდერი, აღარ ფიგურირებს. სწორედ ამას უკავშირდებოდა 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივების ამბავიც: პუტინი შეგნებულად ტოვებდა გაურკვეველს, წავიდოდა თუ არა ხელისუფლებიდან, რადგან არ სურდა დასუსტება და ისეთი ვითარების შექმნა, რომელშიც მმართველი ელიტის წარმომადგენლებს მოქმედი ლიდერის გარეშე მომავლის გეგმები გაუჩნდებოდათ.

მაგრამ საბოლოო ჯამში პუტინმა სწორედ ის ვითარება მიიღო, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობდა და რაც სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ავტოკრატს ჰგონია, რომ ხელისუფლების ვადის გახანგრძლივებით მთლიანად გააქრობს მისთვის არასასიამოვნო პერიოდს, როდესაც ფორმალურად ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, მაგრამ საკუთარი გარემოცვისა და მმართველი კოალიციისთვის უკვე თითქოს „გამჭვირვალე“ ხდება. თუმცა მისთვის უსიამოვნო ეს დრო მაინც დადგება — მნიშვნელობა არ აქვს, გაიხანგრძლივა თუ არა ავტოკრატმა საკუთარი უფლებამოსილება. მისი დაგროვილი შეცდომების, ფიზიკური დაბერების და გონებრივი შესაძლებლობების შესუსტების შედეგად დგება მომენტი, როდესაც მმართველი კოალიციის ცალკეული ჯგუფები იწყებენ გეგმების შედგენას ავტოკრატის გარეშე ან მისი წასვლის გათვალისწინებით. ანუ ისინი, უკვე პირდაპირი მნიშვნელობით, მისი გამჭვირვალე სხეულის მიღმა იყურებიან.

უფრო მეტიც, ახლა შეინიშნება ერთგვარი გონების გამონათება, რომელსაც ჩვენ მოსკოვის დაბომბვებს ვუკავშირებთ. რუსებმა ნელ-ნელა გააცნობიერეს, რომ ავტოკრატია უსაფრთხოების გარანტი აღარ არის. თანაც იმ „უსაფრთხოებისა“, რომელიც თავის დროზე სამოქალაქო უფლებების სანაცვლოდ იქნა შეთავაზებული და რომელიც ახლა ამ ყველაფრის - უფლებებისა და უსაფრთხოების - გარეშე გტოვებს.

არსებობს თითქმის პუბლიცისტური, სრულიად არამეცნიერული გამონათქვამი, რომ ვინც თავისუფლებას უსაფრთხოების სანაცვლოდ თმობს, საბოლოოდ ორივეს კარგავს. როგორც ვხედავთ, რუსეთის შემთხვევაში მართლაც ასე მოხდა: არც თავისუფლება არ დარჩა და არც უსაფრთხოება. ამასთან, იმდენი თავისუფლებაც კი აღარ არის, რომ ხმამაღლა თქვა, უსაფრთხოება აღარ არისო. ის ენერგია კი, რომელიც დიდხანს ეყრდნობოდა იდეას ადამიანზე, რომელიც ქვეყანაში წესრიგს დაამყარებს, ქვეყანას პატივისცემასა და სიდიადეს დაუბრუნებს - დღეს ეს ენერგიაც ამოწურულია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დღეს ტელეეკრანზე პუტინის დანახვისას აღფრთოვანებას გრძნობენ?

— დარწმუნებული ვარ, ასეთებიც არიან!

— არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ადრე გაცილებით მეტი იყვნენ. ვფიქრობ, ისინი, ვინც დღესაც ასეთ გრძნობას განიცდიან, მეტწილად სოციალურ მარგინალებად იქცნენ. საზოგადოების ძირითადი ნაწილი კი უკვე არა უბრალოდ გულგრილობის, არამედ პუტინით უკმაყოფილების მდგომარეობაშია გადასული. ადამიანები უკმაყოფილო არიან იმით, თუ როგორ მართავს ეს ადამიანი ქვეყანას. რასაკვირველია, მათ არავინ ეკითხება და უკუკავშირის მექანიზმიც არ არსებობს, მაგრამ ეს მაინც თვალსაჩინოა.

თავისთავად ჰორიზონტის ასეთი სიცხადე მოქმედებაზე გადასვლას არ ნიშნავს. ფიქრიდან ქმედებაზე გადასასვლელად ორგანიზაციული კავშირებია საჭირო: უკმაყოფილებიდან უნდა გადახვიდე კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბებაზე. ხელისუფლებით უკმაყოფილების ფორმულირება ადამიანებს თავადაც შეუძლიათ, მაგრამ საჭიროა ვინმე, ვინც ამ უკმაყოფილებას გააერთიანებს და მის საფუძველზე პოლიტიკურ პროექტს შექმნის. ხოლო თუ ყველა, ვისაც ასეთი პროექტის ჩამოყალიბება შეუძლია, იდევნება და იჩაგრება, მაშინ ხელისუფლება, რომელსაც აღარ სცემენ პატივს, საკმაოდ დიდხანსაც შეიძლება შენარჩუნდეს.

ჩვენ გვახსოვს, როგორი იყო საბჭოთა კავშირის მიმწუხრი. ბოლო პერიოდის ყველა ლიდერი უკიდურესად არაპოპულარული და უპატივცემულო ფიგურა იყო. უბრალოდ, ზოგს ბოროტად დასცინოდნენ, ზოგს — ნაკლებად. მაგალითად, ლეონიდ ბრეჟნევი ძლივს მოძრაობდა, უჭირდა ლაპარაკი და ანეკდოტების გმირად იყო ქცეული. ყველა დასცინოდა იმასაც, რომ სასკოლო პროგრამაში მისი სამი „დიდი“ წიგნი — „მცირე მიწა“, „ყამირი“ და „აღორძინება“ - შეიტანეს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას პატივს აღარ სცემდნენ, იგი საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა სახელმწიფოს მეთაურის კაბინეტში, მაშინ როცა მოსახლეობა მასობრივად ჩიოდა ცხოვრების ცუდ პირობებზე, მაგრამ ვერაფერს ცვლიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც ამ უკმაყოფილებას გააერთიანებდა და მის საფუძველზე რაიმე ალტერნატიულ წინადადებას წამოაყენებდა. ყველაფერს ახშობდა და გზას უჭრიდა КГБ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„ტოტალიტარიზმის ხარისხით პუტინის სახელმწიფო ბრეჟნევის საბჭოთა კავშირს ჩამოუვარდება, მაგრამ მისი რეპრესიულობა უფრო მაღალია“

— დღეს ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც გვიანი საბჭოთა პერიოდის КГБ-ს ჰქონდა?

— ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, დღევანდელი რუსეთი ბრეჟნევის დროინდელ საბჭოთა კავშირზე უარეს მდგომარეობაშიც კია. ბრეჟნევის ეპოქაში მთავარი მმართველი ინსტიტუტი პოლიტბიურო მაინც იყო.

ბრეჟნევმა თავისი სიცოცხლის მეორე ნახევარში პიროვნების რბილი კულტი ჩამოაყალიბა: მისი წიგნები სასკოლო პროგრამაში შედიოდა, გამოსვლებს კი „ხანგრძლივი და მქუხარე ტაშით“ ხვდებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, პიროვნების კულტის ელემენტები იყო. სტალინის კულტთან შედარებით ბევრად რბილი, მაგრამ მაინც კულტი იყო. ამავე დროს, კოლექტიური მმართველობის ელემენტები შენარჩუნებული იყო და КГБ არ ქცეულა მმართველ კორპორაციად ან მთავარ ძალაუფლებრივ ორგანიზაციად. უფრო მეტიც, პარტიასა და КГБ-ს შორის გვიანდელ საბჭოთა კავშირში გარკვეული წინააღმდეგობაც კი არსებობდა, რადგან პარტია წარსულში სპეცსამსახურების მოქმედებებისგან სერიოზულად დაზარალდა.

პარტიულ ხელმძღვანელობაში არსებობდა მკაფიო გაგება, რომ სპეცსამსახურების უკონტროლო გაძლიერება სახიფათო იყო და მსგავსი ვითარების განმეორება არ უნდა დაეშვათ. ამიტომ მიაჩნდათ, რომ სპეცსამსახურებს პარტიაზე მეტი ძალაუფლება არ უნდა ჰქონოდათ. შესაბამისად, მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვებიც. მაგალითად, აკრძალული იყო პოლიტბიუროს წევრებისა და წევრობის კანდიდატების მოსმენა — სულ მცირე იმ დრომდე, სანამ იური ანდროპოვი, КГБ-ს ხელმძღვანელი, თავად ქვეყნის სათავეში არ მოვიდა. მაშინ არსებობდა წარმოდგენა, რომ სპეცსამსახურები პარტიაზე მაღლა არ უნდა მდგარიყვნენ.

თანამედროვე რუსეთში კი სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა, პარტიაზე მაღლა დგანან. რას წარმოადგენს მმართველი პარტია „ედინნაია როსსია“? ეს მმართველი პარტია კი არა, ხელისუფლებასთან არსებული პარტიაა. ხოლო ФСБ (КГБ-ს მემკვიდრე) რეალური ძალაუფლების რესურსის მქონე ორგანიზაციაა. და რაც უფრო სუსტდება ლიდერი, მით მეტად ეყრდნობა ის ამ სტრუქტურას, რის შედეგადაც ძალაუფლება სულ უფრო მეტად ძალოვანი კორპორაციებისკენ იხრება.

— რას გვეუბნება ეს რუსეთში რეპრესიების მომავალზე? შესაძლებელია თუ არა, რომ პუტინის პირობებში რეპრესიები იმაზე უფრო გამკაცრდეს, ვიდრე დღეს არის?

— ჩემი განცდით, პარადოქსულ ვითარებაში ვიმყოფებით. ტოტალიტარიზმის ხარისხით პუტინის სახელმწიფო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბრეჟნევის დროინდელ საბჭოთა სახელმწიფოს: დღევანდელი რუსეთი ნაკლებად ტოტალურია, ნაკლებად ყოვლისმომცველი და ნაკლებად შეღწევადია საზოგადოების ყველა სფეროში. მაგრამ ამის მიუხედავად, პუტინის სახელმწიფოს რეპრესიულობა უფრო მაღალია. მიზეზიც სწორედ ესაა: როდესაც დიქტატურას აშენებ საზოგადოებაში, რომელიც შედარებით თავისუფლად ცხოვრობდა და ტოტალიტარულ ჩარჩოებში არ აღზრდილა, იძულებული ხდები, სასტიკი რეპრესიები გამოიყენო თავისუფლებით განებივრებული ამ ადამიანების წინააღმდეგ. სხვა რა უნდა უყო? როგორ უნდა მოაქციო სისტემის ჩარჩოში?

ზოგადად, რუსულ საზოგადოებას აქვს სუსტი სუბიექტურობა, რომელიც საკმაოდ სუსტია, მაგრამ მაინც. ადამიანებს თავს ახვევენ ავტორიტარულ კომპრომისს. მიდის მმართველი და ეუბნება: „აქეთ შეგიძლიათ წახვიდეთ, იქით — არა. თუ იქით წახვალთ, დაგსჯით. თუ აქეთ წახვალთ, არ დაგსჯით და მშვიდად იცხოვრებთ.“ მაგრამ როდესაც ადამიანები ცემას და რეპრესიებს იქაც იღებენ, სადაც უსაფრთხოებას ჰპირდებოდნენ, ამ კომპრომისის საფუძველი იშლება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ თავისუფლების უსაფრთხოებაზე გაცვლის ფორმულა აღარ მუშაობს, როგორც ახლა ხდება, სოციუმი თავს ამ კომპრომისის მონაწილე მხარედ აღარ აღიქვამს. დიახ, მას ამის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ საკუთარ თავს შეთანხმების მხარედ აღარ მიიჩნევს, მაშინ როცა ადრე ასეთად მიაჩნდა. ანუ ადრე ადამიანები პირდაპირ ამბობდნენ: „კარგი, არაფერში არ გვჭირდება ეს თქვენი არჩევნები, ოღონდ ქვეყანას სიდიადე დაუბრუნეთ, სხვებს ჩვენი ეშინოდეთ და აღარ დავუშვათ სახელმწიფოს დაშლა!“ შესაბამისად, სახელმწიფო მათ გარე საფრთხეებისგან იცავდა, ხელფასებს იხდიდა და სხვა ვალდებულებებსაც ასრულებდა.

და როდესაც ეს კომპრომისი სხვადასხვა მხრიდან ირღვევა, ძალაში რჩება მხოლოდ ის ვალდებულებები, რომლებიც ავტორიტარულმა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო. შესაძლოა თავის მოქალაქეებს აზრს არც ეკითხებოდეს, მაგრამ ეს ვალდებულებები მაინც არსებობს. ამიტომ ხელისუფლებას არჩევანის გაკეთება უწევს: ან საკუთარი ქცევა შეცვალოს, ან რეპრესიები გაამკაცროს. სწორედ ამ გზაგასაყარზე დგას ახლა რუსეთი.

ზოგადად, ნებისმიერი ავტოკრატია თავისი არსებობის თითქმის ყოველ ეტაპზე ამ არჩევანის წინაშე დგას: ან თავისუფლების მოცულობა უნდა გაზარდოს, ან - რეპრესიების. ავტოკრატი მუდმივად ფიქრობს იმაზე, თავისუფლებისა და რეპრესიების როგორი ბალანსი შეუნარჩუნებს ძალაუფლებას. ზოგჯერ ავტოკრატი მეტ თავისუფლებას ირჩევს, ზოგჯერ — მეტ რეპრესიას. ზოგჯერ კი შეცდომას უშვებს არჩევანის გაკეთებისას. მაგალითად, მიხეილ გორბაჩოვმა ავტოკრატობით დაიწყო, მაგრამ შეცდომა დაუშვა თავისუფლების მოცულობის არჩევისას და ძალაუფლებაც დაკარგა. შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო — მაგალითად, სათავეში ჩასდგომოდა ე.წ. გეკაჩეპეს ან დაეპატიმრებინა ბორის ელცინი, რომელიც მანამდე, 1986 წელს, თანამდებობიდან გადააყენა. შეეძლო საერთოდ მოეკლა კიდეც, როგორც, მაგალითად, პუტინმა ნავალნი.

წარმოიდგინეთ, როგორი გმირის იმიჯი ექნებოდა დღეს პუტინს, ახლა რომ წასულიყო ხელისუფლებიდან, ხოლო თუ 2008 წელს წავიდოდა, როცა წესით მართლა უნდა წასულიყო და პოლიტიკაში აღარ დაბრუნებულიყო, პუტინი იქცეოდა „ღირსეული წასვლის“ სიმბოლოდ.

ახლაც, მით უმეტეს კრიზისულ ვითარებაში, პუტინი არჩევანს აკეთებს - ირჩევს ბალანსს თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის.

„კოალიცია, რომელმაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა და მის გარშემო ჩამოყალიბდა, თავდაპირველად ავტორიტარული მიზნებით არ შექმნილა“

— თუ ისტორიულ ანალოგიებს გავაკეთებთ, დღევანდელი რუსეთი ყველაზე მეტად რომელ რეჟიმს ჰგავს?

— რუსულ ავტოკრატიას „შეცდომით წარმოქმნილ ავტოკრატიას“ ვუწოდებ. რატომ „შეცდომით“? იმიტომ, რომ ძალაუფლების ის კოალიცია, რომელიც პუტინის გარშემო ჩამოყალიბდა და რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა, თავდაპირველად ავტორიტარული პროექტის ირგვლივ არ გაერთიანებულა. მისი საწყისი მიზანი სახელმწიფოს გაძლიერება და გარკვეული ბალანსის აღდგენა იყო — იმ დისბალანსის გამოსწორება, რომელიც კერძო ინტერესების სასარგებლოდ არსებობდა. 1996-2000 წლებში კერძო პირები, ანუ ოლიგარქები, სახელმწიფოზე ძლიერებად აღიქმებოდნენ. რუსეთისთვის ეს უკიდურესად უჩვეულო ვითარება იყო. თანაც სრულიად გაუგებარი რჩებოდა, როგორ უნდა ემართათ ამ კერძო პირებს პოლიტიკური ძალაუფლება და რა მიმართულებით წაეყვანათ ქვეყანა.

ზოგადად, პუტინის ხელისუფლებაში მოყვანისა და მის გარშემო ჩამოყალიბებული კოალიცია თავისი დანიშნულებით ავტორიტარული არ იყო. ის ზომიერად ავტორიტარული იყო. რადგან ახლოს იყვნენ ძალები, რომლებიც უფრო ღიად უჭერდნენ მხარს ავტორიტარულ ვარიანტს, მაგალითად, პრიმაკოვი, კომუნისტები, ჟირინოვსკი. ყველა მათგანი ღიად საუბრობდა დიქტატურაზე, ხოლო პუტინი - დემოკრატიაზე. ყველა მათგანი საუბრობდა დასავლეთთან დაპირისპირებაზე, ხოლო პუტინი - თანამშრომლობაზე. პუტინის გარშემო მყოფი ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა ლაპარაკობდა იმპერიის სივრცესა და მის აღდგენაზე ამა თუ იმ ფორმით. პუტინი კი იმაზე საუბრობდა, რომ რუსული იმპერიული პროექტი დახურულია.

ჰოდა, იმ პერიოდში საწყალი ლიბერალი ან ინტელიგენტი, ან კერძო მესაკუთრე რა გზას უნდა დასდგომოდა? ამიტომაც პუტინის გარშემო თავიდან არაავტორიტარული კოალიცია ჩამოყალიბდა.

თუმცა შემდეგ იმ გადაწყვეტილებებმა, რომლებსაც ეს კოალიცია იღებდა ან რომლებზეც საკუთარ ლიდერთან სხვადასხვა კომპრომისის ფარგლებში თანხმდებოდა, ქვეყანა თანდათან სრულფასოვან დიქტატურამდე მიიყვანა. ამ კოალიციის წევრები, მათ შორის რეჟიმში დარჩენილი ლიბერალი ეკონომისტები, დღეს უკვე არსებითად სრულიად განსხვავებულ ხელისუფლებას ემსახურებიან. იგივე ეხება მსხვილ მესაკუთრეებსაც, რომლებიც რუსეთში დარჩნენ. ზოგი გაიქცა, ზოგი დაიღუპა, ხოლო დარჩენილებს სრულიად სხვა პირობებში უწევთ მუშაობა, ვიდრე მაშინ წარმოედგინათ, როცა ამ ხელისუფლებას მხარს უჭერდნენ.

ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის გზის თვალსაზრისით, პუტინი, არსებითად, დიქტატორია. თუმცა ეს დიქტატურა დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიასთან ასოცირდება. თანამედროვე დიქტატურების უმეტესობა ასეთია: მაშინ, როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისისა და შუა პერიოდის კლასიკური დიქტატურები დაკავშირებული იყვნენ ან სამხედრო გადატრიალებებთან, ან არჩევნების უზურპაციის რაიმე ისეთ ფორმასთან, როგორიცაა მესამე რაიხის საგანგებო კანონები ან მუსოლინის რომში ლაშქრობა, შემდგომი დიქტატურები დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიასთან ასოცირდებოდა. სალაზარი სწორედ ასეთი მაგალითია. დღეს კი, დიქტატურების უმეტესობა სწორედ დემოკრატიებისგან ყალიბდება, რადგან სრულად ქმედითი დემოკრატიაც შეიძლება ეროზიას დაექვემდებაროს.

ორბანიც ასეთი მაგალითია. რომ არა ევროპის კავშირი, რომელიც ორბანისთვის გარე შემაკავებელი ფაქტორი იყო, ის თავისუფლად გადაიქცეოდა ისეთი ტიპის მმართველად, როგორიცაა ერდოანი — ლიდერად, რომელიც თითქმის ყველაფერს საკუთარი სურვილის მიხედვით აკეთებს. ევროკავშირის გარეშე ორბანი სისტემას საკუთარ ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მოირგებდა.

ამიტომ რუსეთი არის ავტოკრატია, რომელსაც ავტოკრატიულ-ნომენკლატურული წარმოშობა აქვს და რომელიც შეცდომების მთელი ჯაჭვის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს შეცდომები თავდაპირველად ავტორიტარული არ იყო, მაგრამ მმართველი კოალიცია ხალხთან ერთად გაურბოდა იმ გაურკვევლობას, რომელსაც სრულად ღია პოლიტიკური სისტემა წარმოშობს. ამ თვალსაზრისით სალაზარი საკმაოდ ახლო ანალოგია.

მაგრამ 2022 წლის შემდეგ რუსეთის რეჟიმი სულ უფრო მეტად ემსგავსება სამხედრო დიქტატურას, რადგან სამხედრო რეჟიმი, სამხედრო დიქტატურა - ეს არის სამხედრო კორპორაციის ძალაუფლება, რომლის ლიდერსაც კორპორაცია საკუთარი რიგებიდან აყენებს. ხშირად სამხედრო დიქტატურის მოსვლა ომთანაა დაკავშირებული — იქნება ეს სამოქალაქო თუ საგარეო ომი. ამ თვალსაზრისით პუტინი ერთგვარი „შებრუნებული ფრანკოა“. ფრანცისკო ფრანკო ხელისუფლებაში ომით მოვიდა და შემდგომ შედარებით მშვიდ ეკონომიკურ მოდელზე გადავიდა, ხოლო პუტინმა გზა შედარებით რბილი, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული ავტოკრატით დაიწყო, მაგრამ ბოლოს ომზე გადასვლა გადაწყვიტა.

ფრანსისკო ფრანკო
ფრანსისკო ფრანკო

დღევანდელი რუსეთი შეიძლება აღვიქვათ სამხედრო დიქტატურად, რომელიც საარჩევნო ავტოკრატიის შიგნით იბადება. ეს იმაშიც ჩანს, რომ, მაგალითად, ბელგოროდის გუბერნატორის, გლადკოვის ნაცვლად ამ პოსტზე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირი“, გენერალი შუვაევი დაინიშნა. მოკლედ, რეჟიმი ერთი მიმართულებით მოძრაობს, ხოლო ადამიანებს ამ მიმართულებით წასვლა დიდად არ სურთ. სწორედ აქედან ჩნდება ის განხეთქილება, რაზეც ვსაუბრობდით.

„პუტინმა საკუთარი თავისთვის უსაფრთხოება აირჩია და, ფაქტობრივად, თავადვე ‘გაითიშა’ თავი ქსელიდან“

— არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ პუტინი საერთოდ იზოლირდა? თითქოს ნაწილობრივ დაკარგა კიდეც ინტერესი იმის მიმართ, თუ რა ხდება რეალურად რუსეთში და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები გადაწყვეტილება მიიღოს? მისი ჩვეულებრივი სტრატეგიაა — არ აკეთებს კომენტარს პრობლემებზე, აფეთქებებზე. ამას ჯერ კიდევ ბესლანის დროიდან ვხედავთ. დღესაც არაფერს ამბობს იმ საკითხებზე, რაც ხალხს რეალურად აწუხებს, ხოლო რასაც ამბობს, ფაქტობრივად ყოველთვის ხელოვნურად შექმნილი დღის წესრიგია.

— ეს სწორედ ის გზაა, რომელზეც ავტოკრატის დილემამ დააყენა. პუტინი სულ უფრო შორდება საზოგადოებრივ აზრს და იმდენად შორს მიდის, რომ საბოლოოდ ეფექტიანობასაც კარგავს.

პუტინის დაშორება საკუთარ მოსახლეობასთან ძალიან კარგად ჩანს ინტერნეტის მაგალითზე, რადგან ინტერნეტი არის ის სივრცე, რომელსაც პუტინი პრაქტიკულად არ იყენებს. რატომ არ იყენებს ინტერნეტს? და რატომ აღარ ესმის ბოლომდე, რას აკეთებს? იმიტომ, რომ 26 წლის წინ მან აირჩია ავტოკრატიული, ავტორიტარული ეფექტიანობის გზა, რომელიც საზოგადოებრივი აზრისგან იზოლაციას ეფუძნება. ეს ინტერნეტის ჩამოყალიბების ეპოქაში მოხდა. მაშინ პუტინმა საკუთარი თავისთვის ეფექტიანობა და უსაფრთხოება აირჩია და, უხეშად რომ ვთქვათ, თავადვე „გაითიშა თავი ქსელიდან“.

პუტინს პრაქტიკულად არასდროს ჰქონია ადამიანებთან პოლიტიკური კომუნიკაციის უნარი. ეს უნარი მას არც 1999 წელს, შედარებით კონკურენტული არჩევნების დროს არ გააჩნდა. ბუნებრივია, რომ ახლა, 2026 წლისთვის, ეს პოლიტიკური უნარები მთლიანად დაკარგული აქვს. ამიტომ იმის მოლოდინი, რომ უცებ პოლიტიკოსად გადაიქცევა და ადამიანებთან ურთიერთობას პოლიტიკური ლიდერისთვის დამახასიათებელი ფორმით დაიწყებს, სრულიად არარეალურია.

სწორედ ამიტომ ამბობს პუტინი, რომ ინტერნეტის ბლოკირების საკითხში „უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტი იქნება“ (ეს განცხადება პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიქტორია ბონიას მიმართვაზე საზოგადოების რეაქციის ამბავმა მის ყურამდეც მიაღწია). რეაქცია ჰქონდა პესკოვსაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ნოვიკოვსაც. მოკლედ, აშკარა იყო, რომ ეს თემა ხელისუფლების შიგნით განიხილებოდა. როგორც ჩანს, პუტინამდე მიიტანეს ინფორმაცია, რომ არსებობს უკმაყოფილება ინტერნეტის ბლოკირებებთან დაკავშირებით, და მანაც რამდენჯერმე სცადა ამ უკმაყოფილებაზე პასუხის გაცემა. ერთ-ერთ ასეთ პასუხად ითქვა, რომ უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტად დარჩებოდა. მაგრამ ის ამ დროს არა იმდენად ადამიანებზე, რამდენადაც საკუთარ თავზე საუბრობდა. სწორედ საკუთარი უსაფრთხოებაა მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი. ასე რომ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ საფრთხის შეგრძნების შემთხვევაში იმალება. ხოლო საფრთხეს ის, რა თქმა უნდა, გრძნობს.

„პუტინს ვიზუალურად უნდა გაებათილებინა ხმები იმის შესახებ, რომ იმალება“

— იქნებ სხვა რეჟიმებთან პარალელი გაავლოთ. სალაზარის შემთხვევაში მისთვის სპეციალურად ბეჭდავდნენ გაზეთებს, რომლებსაც მარტო ის კითხულობდა. პუტინის შემთხვევაში კი ვხედავთ ისტორიებს „შემთხვევით“ შემხვედრ ადამიანებზე. თან მედიის გამოძიებებმა უკვე დიდი ხანია აჩვენა, რომ ეს ადამიანები ხშირად ერთი და იგივე პირები არიან, ძირითადად ФСБ-ს თანამშრომლები. რატომ იღებს რუსეთში პუტინისთვის ილუზიების შექმნა ასეთ გროტესკულ და ზოგჯერ სასაცილო ფორმებს?

— პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს იმდენად ფართოდ ცნობილი არ არის, როგორც ჩვენ შეიძლება გვგონია. რომ ეჩვენებინათ ფართო აუდიტორიისთვის ყველა ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მეთევზეები, პარკში მოსეირნეები და ეკლესიის მრევლი, რომლებსაც პუტინი “შემთხვევით” ხვდება, ხშირად ერთი და იგივე ადამიანები არიან, ეს მართლაც სასაცილო იქნებოდა. მაგრამ ასეთ მასალებს მსხვილი ტელეარხები არ აჩვენებენ.

ვფიქრობ, ადამიანების დიდ ნაწილს ეს უბრალოდ არ ესმის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის (რეჟიმის ლიდერის პიარის ფუნქციის შემსრულებლის) თამაში ასეთია: „რადგან ინფორმაციას ვაკონტროლებთ, შეგვიძლია ამ კონტროლირებად სივრცეში ვაჩვენოთ, როგორ ხვდება ლიდერი თავის მასწავლებელს ან სხვა ვინმეს“.

მაგალითად, პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ საზოგადოებამ იხილა პუტინის „ხალხში გასვლების“ მთელი სერია — შეხვედრები დაღესტნელ ქალებთან და სხვა მსგავსი ეპიზოდები. სხვა შემთხვევაში პარკში ვიღაცებს შეხვდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანები ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პუტინს. ანუ რეალური ადამიანები იყვნენ, მაგრამ საათობით ელოდნენ და, რა თქმა უნდა, წინასწარ შემოწმებულიც იყვნენ.

იმ დროს პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ ხალხთან კავშირი არ დაუკარგავს, რადგან აღმოჩნდა, რომ პრიგოჟინი უბრალოდ მეამბოხე კი არა, პოპულარული მეამბოხეც იყო. ამიტომ პუტინსაც სჭირდებოდა ეჩვენებინა, რომ არ ეშინია, რომ თავისუფლად შედის სასტუმროში და ადამიანები მას თავისუფლად ესალმებიან. საჭირო იყო ვიზუალურად გაებათილებინა ხმები იმის შესახებ, რომ იმალება. ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე გამოჩენა დაიწყო. ამის საპასუხოდ პუტინი ჩავიდა მარიუპოლში, შემდეგ კი გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც იგი გენერლებს მართვის პუნქტებში ხვდებოდა. ეს ყველაფერი, არსებითად, ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებოდა — ეჩვენებინა, რომ არ იმალება და ვითარებას პირადად აკონტროლებს.

— თუმცა მარიუპოლში ის იმ რაღაც ახალ შენობებში იმყოფებოდა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ააშენა. ამ კადრებიდან თითქმის შეუძლებელი იყო იმის მიხვედრა, რომ ეს მართლაც მარიუპოლი იყო — უბრალოდ, ახალი საცხოვრებელი სახლები ჩანდა. იგივე ეხება იმ სამეთაურო პუნქტებსაც, სადაც პუტინი გამოჩნდა: არავინ იცის, სად მდებარეობს ეს პუნქტები...

— დიახ, საერთოდ არ არის სავალდებულო, რომ მართლაც ფრონტის ხაზთან მდებარეობდნენ. მეტიც, დიდი ალბათობით, ახლოს არც მდებარეობენ. როდესაც აჩვენებდნენ ვიდეოებს, რომლებშიც პუტინი გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვსა და დაჯგუფებების მეთაურებს ხვდებოდა, რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის გადაადგილება არ დაფიქსირებულა. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს შეხვედრები მოსკოვის ოლქში გაიმართა. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება იმ მასშტაბური გადაადგილებების შესახებ, რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს ხოლმე რუსეთის პრეზიდენტის მგზავრობას და მრავალი ადამიანის ჩართვას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ [პუტინისადმი] პატივისცემა იკარგება. ადამიანები ამ სიყალბეს გრძნობენ. დღეს აშკარად ჩანს სკეპტიციზმი, ის ირონიული მზერა, რომლითაც უამრავი ჩვეულებრივი ადამიანი ინფორმაციას ხვდება. და ეს სკეპტიციზმი უკვე თავად ხელისუფლების, უმაღლესი ხელისუფლებისკენ არის მიმართული.

— იმის გათვალისწინებით, რაც სხვა დიქტატურებისა და რეჟიმების შესახებ იცით, ასეთი „მილევადობის ფაზა“ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

— რეჟიმების დასასრული ყოველთვის განსხვავებულია. ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია. მაგრამ თვითონ მილევადობა შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. უფრო მეტიც, ხშირად კომპრომისულ გამოსავლად, მათ შორის მათთვისაც, ვისაც რეჟიმის შეცვლა სურს, დიქტატორის ბუნებრივი სიკვდილი მიიჩნევა. რადგან დიქტატორის ძალადობრივი დასასრული ძალიან დიდ გაურკვევლობას ქმნის და ადამიანებს ეს აშინებთ.

— ბოლო კითხვა. ყველა ანალიტიკოსს, ვისთანაც რუსეთზე ვსაუბრობ, ვეკითხები: რისთვის უნდა მოემზადონ რუსეთში მცხოვრები ადამიანები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში?

— ვფიქრობ, უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ომი უფრო შესამჩნევი გახდება და რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სივრცეში მიღწეული ამჟამინდელი წარმატებები არ შეწყდება. რუსეთის მოქალაქეები უნდა ჩამოყალიბდნენ ახალ ვითარებასთან დაკავშირებით. ომი უკვე აშკარად იგრძნობა, მაგრამ როგორ ვუყურებთ მას? რა დამოკიდებულება გვაქვს? ადამიანებს მოუწევთ საკუთარი პასუხის პოვნა. მოუწევთ საჰაერო განგაშის სირენებთან, აფეთქებების ხმებთან და ინფორმაციის დეფიციტთან შეგუება.

როდესაც ვამბობდი, რომ ბრეჟნევისა და გორბაჩოვის პერიოდის საბჭოთა კავშირი ნაკლებად რეპრესიული, მაგრამ უფრო ტოტალიტარული იყო, უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელ რუსეთში, ინფორმაციული თვალსაზრისით, მაინც უფრო ღია გარემოში ვცხოვრობთ. თუ გავიხსენებთ, როგორ აშუქებდნენ საბჭოთა კავშირში ჩერნობილის ავარიას, მსგავსი რამ დღეს ძნელად წარმოსადგენია.

თუმცა ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმოძრაობთ. ამიტომ ადამიანებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, როგორ მიიღონ სანდო ინფორმაცია. თან არა მხოლოდ გარე სამყაროს შესახებ, არამედ საკუთარი ცხოვრების უშუალოდ შემხები საკითხების შესახებაც. სანდო წყაროების ძიება სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

მეორე საკითხი — როგორ ისაუბრონ, უფრო სწორად, როგორ გაჩუმდნენ ომზე? თანდათან ჩამოყალიბდება ენა, რომლითაც ადამიანები იმ ომზე ილაპარაკებენ, რომელიც უკვე იქ მიმდინარეობს, სადაც თავად ცხოვრობენ. როგორ უნდა ესაუბრონ ამაზე ერთმანეთს? როგორ უნდა იფიქრონ ამაზე?

რაც შეეხება რეპრესიულობის ზრდას: ვფიქრობ, სანამ ომი გრძელდება, ავტოკრატისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ გზად რეპრესიების გამკაცრება დარჩება, რასაც უკვე ვხედავთ კიდეც. ნებისმიერი შეკრება მცირე ჯგუფებადაც კი, პოეზიის საღამოები, ფილმების ერთობლივი ჩვენებები — ყველა ეს აქტივობა, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ დასაშვებია — შესაძლოა ხვალ აიკრძალოს. ამიტომ ადამიანებს მოუწევთ ფიქრი, როგორ მოერგონ ამ რეალობას. უნდა მოემზადონ ამ ტენდენციისთვის და შეეცადონ, ახალ პირობებთან ადაპტაცია მოახდინონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG