Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი "უვადოზე" მიდის


რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს პრეზიდენტის კანონპროექტს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს რუსეთში ძალაუფლების საკითხს, სულ ცოტა, უახლოესი 12 წლის განმავლობაში. საქმე ისაა, რომ რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა, კოსმონავტმა ვალენტინა ტერეშკოვამ მოითხოვა კონსტიტუციაში დამატებითი შესწორების შეტანა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აძლევს უფლებას, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც - მისი წინანდელი საპრეზიდენტო ვადების „განულების“ გზით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის კონსტიტუციით პრეზიდენტი აირჩევა ექვსი წლით და არაუმეტეს ორი ვადით, ვლადიმირ პუტინი შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას 2036 წლამდე.

ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივა მისაღებია ვლადიმირ პუტინისთვის, თუმცა რამდენიმე დათქმით: თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს დაუჭერენ ასეთ ცვლილებას საერთოეროვნულ ხმის მიცემისას, რომელიც 22 აპრილისთვის არის დანიშნული და იტყვიან „დიახ“-ს; თუ რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლო დადებს ოფიციალურ დასკვნას, რომ ამგვარი ცვლილება არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონის ფუძემდებლურ პრინციპებს.

ვლადიმირ პუტინი და ვალენტინა ტერეშკოვა
ვლადიმირ პუტინი და ვალენტინა ტერეშკოვა

ამასთან პუტინი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია საპრეზიდენტო ვადების კონსტიტუციით განსაზღვრული შეზღუდვის სრული გაუქმება. მისი თქმით, „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ხელისუფლების რეგულარული ცვლა უზრუნველყოფილია“.

არადა, პუტინს 2036 წლისათვის პრეზიდენტობის 32 წლიანი (4 წელი პრემიერ-მინისტრი იყო) სტაჟი დაუგროვდება. აშკარაა, რომ თუ რუსეთის მომდევნო (პოსტპუტინური რუსეთის) პრეზიდენტიც ფხას გამოიღებს და შეინარჩუნებს ხელისუფლების ცვლის არსებულ ტემპს, ძალაუფლების მორიგი ცვლილება 2072 წელს მოხდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ის დასჯერდება ორ ვადას და მოძებნის კონსტიტუციის გადაკეთების გზას.

რუსეთში პოლიტიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პუტინი უვადო მმართველობას იკანონებს. არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ 22 აპრილს „რუსი ხალხი“ დიდი უმრავლესობით ეტყვის „დიახ“-ს.

ანდრეი კოლესნიკოვი
ანდრეი კოლესნიკოვი

ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი, რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში, ამბობს, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება ერთგვარად შვების მომგვრელიც არის, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ითქვა ის, რაც უნდა თქმულიყო:

„სჯობს საშინელი დასასრული, ვიდრე დაუსრულებელი საშინელება. 20 წელი გავიდა, ახლა ამბობენ, წონის მომატებას დავიწყებთ და მოვიმატებთ პულსის დაკარგვამდეო. როდესაც ვითვლით დღეებს, კვირებს, წლებს და ვამბობთ „2036 წელი“, არასოდეს ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამ დროისათვის პუტინი ბევრად შორის იქნება წასული (84 წლის იქნება), ვიდრე ბრეჟნევი იყო. ბრეჟნევი ცუდად გამოიყურებოდა, თორემ არც ისე ბებერი იყო. თამამად ვამბობთ, რომ მივაღწევთ პუტინთან ერთად 2036 წლამდე, არადა ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი ვარაუდობს, რომ კრემლს, როგორც ჩანს, სურდა მოეძებნა ნაყოფიერი სადებიუტო იდეა, რათა ვლადიმირ პუტინი გამოსულიყო ძალაუფლების ტრანზიტის გარანტად და ამისთვის გარკვეული დროის განმავლობაში დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ოღონდ არა პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ასეთი „იდეა“ ვერ მოიძებნა. ამიტომ მიღებული იქნა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება შესაძლო გადაწყვეტილებებს შორის, მით უმეტეს იმის გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღარ აპირებს მოსკოვში ჩასვლას 2020 წლის 9 მაისისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გაფორმდება ე.წ. ტრამპი-მაკრონი-პუტინის პაქტი, როგორც ამას ბევრი ვარაუდობდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ დასავლურ ელიტებთან ურთიერთობაში არსებითად არაფერი არ შეიცვლება.

სტანისლავ ბელკოვსკი
სტანისლავ ბელკოვსკი

სულ ცოტა ხნის რუსეთის პოლიტიკური ელიტა სერიოზულად განიხილავდა სახელმწიფო საბჭოს სტატუსის კონსტიტუციაში განსაზღვრასა და ამ ახალი ორგანოს აღჭურვაზე მნიშვნელოვანი ბერკეტებით: ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სახელმწიფო საბჭომ უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებები როგორც ეკონომიკაში, ასევე საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. ერთი სიტყვით, სამი-ოთხი კვირის წინ სახელმწიფო საბჭოს მოდელი ითვლებოდა საბაზისო მოდელად, რაზეც, როგორც ჩანს, უარი ითქვა. თუ რატომ, ამის პასუხად ანდრეი კოლესნიკოვი ამბობს:

„სინამდვილეში ინსტიტუციურად ეს ძალზე კონფლიქტური სიტუაციაა: ძალაუფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე - ეს კონფლიქტია, თუ პრეზიდენტი აღსდგება „ბაბუის“ - სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ. თავისი უფლებამოსილებით პრეზიდენტს შეუძლია „ბაბუის“ ჩასმა არა აგარაკზე, არამედ სხვა ადგილას. რა საჭიროა ამგვარი ვითარების შექმნა? ერთხელისუფლებიანობა უკეთესია ვიდრე ორხელისუფლებიანობა. უმჯობესია იყო ერის ბაბუა არა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, არამედ პრეზიდენტის სახით. როგორც ჩანს, ასეთი რამ მოგვიანებით დაუჯდათ ჭკუაში. საჭირო გახდა რამე ფორმის მოძებნა, თუ როგორ ემცნოთ სიახლე ერისა და ელიტებისათვის. სხვა საკითხია, თუ რატომ მოაწყვეს ეს ტრიუკები სათათბიროსკენ მიმავალი ცრუ კვალით. აჩვენეს, რომ ხელისუფლება არამონოლითურია, რომ ხელისუფლების შიგნით მოქმედებს დემოკრატია, რომ განიხილება განსხვავებული ვარიანტები“.

ვიდრე ვალენტინა ტერეშკოვა თავისი უკვე ისტორიულ სიტყვას იტყოდა, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი გამოვიდა ინიციატივით და განაცხადა, რომ არ არის საჭირო პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნების გზით არჩევა და, რომ უკეთესი იქნება თუკი პრეზიდენტს სახელმწიფო საბჭო აირჩევს, თუმცა როგორც ანდრეი კოლესნიკოვი ამბობს, ყველასთვის ნათელი იყო, რომ პუტინი, როგორც ჭეშმარიტი ავტოკრატი განებივრებული ხალხის სიყვარულით, ამ შეთავაზებას არ მიიღებდა. პუტინი უნდა აირჩიოს ხალხმა, არჩევნებზე მისვლის, სულ ცოტა, 70%-იანი მაჩვენებლით. სწორედ ამ ფონზე გამოჩნდა ხანდაზმული ადამიანი - სიმბოლო ერის კოსმოსური გამარჯვებებისა, საბჭოთა კავშირიდან, იმ სახელმწიფოდან, რომლშიც დაბრუნებაზე ოცნებობს პუტინი და რომლის დიდებითაც დღემდე იკვებება.

„ყველაფერი დიდებულად იქნა გაკეთებული. რთულია უარი უთხრა ხანდაზმულ ადამიანს, ჩვენი კოსმოსური გამარჯვებების სიმბოლოს“, - ამბობს კოლესნიკოვი.

პოლიტოლოგი სერგეი მარკოვიც დარწმუნებულია, რომ ნამდვილად არსებობდა სახელმწიფო საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული გეგმები, კოლექტიური პრეზიდენტის ფორმირების გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, გამოვიდოდა ისე, რომ პრეზიდენტი უფრო დიდი და გავლენიანი იქნებოდა ვიდრე ცალკე ნებისმიერი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი რუსეთში, თუმცა რამდენიმე ათეული ძალაუფლებიანი პირი გაერთიანებული სახელმწიფო საბჭოში იქნებოდა უფრო ძლიერი და გავლენიანი ვიდრე ცალკე აღებული ერთი პრეზიდენტი. ეს გარემოება შექმნიდა ერთობლივად პოლიტიკის გამომუშავების საფუძვლიან წინაპირობას. მარკოვის თქმით, ყველა საკონსტიტუცო ცვლილების შინაარსი ჯდებოდა ამ ლოგიკაში, მაგრამ შემდეგ დრამატულმა მოვლენებმა აიძულა პუტინი ეთქვა, რომ საქმე გვაქვს არასკმარისად ხეირიან კონსტრუქციასთან. სულ რაღაც ორი თუ სამი დღის წინ კი განაცხადა, რომ კოლექტიური პრეზიდენტი სახელმწიფო საბჭოს სახით, სუსტი იქნება. სერგეი მარკოვს თქმით, პანდემიამ, ეკონომიკურმა კრიზისმა, ნავთობის ფასის შოკურმა ვარდნამ მნიშვნელოვანი დამატებითი ფაქტორის როლი ითამაშა განსხვავებული სტრატეგიის არჩევაში, რაც სხვა არაფერია თუ არა ძალაუფლების შენარჩუნება 2024 წლისათვის.

სერგეი მარკოვი
სერგეი მარკოვი

„ვხედავდით, ყველა გაიძახოდა - ტრანზიტი, ტრანზიტი, ტრანზიტი. ყველა ფიქრობდა ძალაუფლების სისტემაზე პუტინის შემდეგ. პუტინმა კი ყველას უთხრა: შეეშვით ფიქრს პუტინის შემდგომ რუსეთზე, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ააწყოთ თქვენი პოლიტიკა და დამოკიდებულება რუსეთთან“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში სერგეი მარკოვი, რომელიც ფიქრობს, რომ პუტინი გულწრფელია, როცა ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. მარკოვის თქმით, პრეზიდენტები უნდა იცვლებოდნენ, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალი არ უნდა იცვლებოდეს, თუ ქვეყანა ჩართულია ჰიბრიდულ ომში, რუსი ხალხი კი ვლადიმირ პუტინს აღიქვამს როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, როგორც ფარს და მახვილს, რომლითაც რუსეთი თავს იცავს დასავლეთისგან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG