Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს სიმართლეს ვერ ეუბნებიან - დონბასის სრულად დაპყრობის მორიგი ვადა ისევ იშლება

ვლადიმირ პუტინი რუს გენერლებთან შეხვედრაზე. 2026 წ. 5 აგვისტო
ვლადიმირ პუტინი რუს გენერლებთან შეხვედრაზე. 2026 წ. 5 აგვისტო

პუტინი რუსეთის არმიას დონეცკის ოლქის სრულად დაპყრობას უკვე მე-15-ედ ავალებს, თუმცა კრემლის ვადები კვლავ ირღვევა. სისტემაში, სადაც ლიდერს სიმართლეს ვერ ეუბნებიან, ფრონტზე არსებული ვითარებაც რეალობას აცდენილია. ლიმანის აღების ჩაშლისა და შეტევის შენელების ფონზე, მორიგი ვადაც არარეალისტურად მოჩანს.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავის ჯარს დონეცკის ოლქის დასაპყრობად მორიგ ვადას უწესებს - 2026 წლის ბოლომდე. ამის შესახებ სექტემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პავლო პალისამ განაცხადა. მისი თქმით, თავად რუსი სამხედროები სხვა თარიღს, 2027 წლის 31 მარტს ასახელებენ.

თავის მხრივ, სააგენტო Reuters-მა, კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით (როგორც უკვე შემდგარ ფაქტზე) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო მეთაურებმა რუსეთის პრეზიდენტს აღუთქვეს, რომ რეგიონის 2026 წლის ბოლომდე აიღებდნენ.

„2022 წლიდან მოყოლებული პუტინმა დონეცკის მთელი ოლქის აღების 15 ცალკეული ვადა დააწესა, თუმცა რუსეთის ჯარებს არც ერთი მათგანი არ შეუსრულებიათ“, - აღნიშნა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW), რომელიც რეგიონის ოკუპაციის ვადებს გამოეხმაურა.

ანალიტიკოსების გამოთვლით, იმ ტემპით, რომლითაც რუსეთის არმია ამჟამად მიიწევს წინ, ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე 2032 წლის ოქტომბერში გავა (თუ საერთოდ შეძლებს ამას).

  • რატომ უწესებს კრემლი ასე დაჟინებით საკუთარ არმიას დონეცკის ოლქის სრულად აღების ვადას?
  • რატომ იშლება ეს გეგმები კვლავ და კვლავ?
  • და რამდენად რეალისტურია რუსეთის არმიისთვის დაწესებული ამჟამინდელი „საბოლოო ვადა“?

დონბასის დაპყრობის „ბოლო ვადები”: სია

უნდა აღინიშნოს, რომ არც პუტინს და მის გარემოცვას, არც რუს სამხედროებს კონკრეტული სამხედრო ოპერაციის შესრულების თარიღზე საჯაროდ არასოდეს უსაუბრიათ. ყველა ინფორმაცია ბოლო ვადების შესახებ, რომლებიც კრემლმა, სავარაუდოდ, საკუთარ არმიას დაუწესა, მოიპოვეს და გაავრცელეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, დაზვერვის წარმომადგენლებმა და დასავლურმა მედიებმა, რომლებიც ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდნენ.

დონბასის დაპყრობის “ბოლო ვადების” მოკლე ისტორია ასე გამოიყურება:

2022 წელი

  • 2022 წლის მარტი - ცნობილი „კიევი სამ დღეში“ და პარალელურად მთელი დონბასის აღება (ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადეს);
  • 2022 წლის 9 მაისი - რუსეთის „გამარჯვების დღისთვის“ (ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადეს);
  • 2022 წლის 1 ივნისი - სამიზნედ ამჯერად მხოლოდ ლუჰანსკის მთელი ოლქის აღება დასახელდა (უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოცემა „24 არხთან“ კომენტარში განაცხადეს);
  • 2022 წლის 10–15 ივნისი - მორიგი ვადა სევეროდონეცკის ოკუპაციისა და ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლისთვის (ამის შესახებ მაშინდელმა ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა);
  • 2022 წლის 15 სექტემბერი - დონბასის საზღვრებამდე გასვლა რუსეთთან „შეერთების“ შესახებ ფსევდორეფერენდუმებამდე (ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მაშინდელი უფროსის მოადგილემ, ოლექსიი ჰრომოვმა განაცხადა);
  • 2022 წლის 31 დეკემბერი - წლის ბოლომდე დონბასის საზღვრებამდე გასვლა (ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა).


2023 წელი

  • 2023 წლის მარტის ბოლო - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს ებრძანა, ზამთრის შეტევის შემდეგ რუსეთის ჯარი გასულიყო დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე (ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრიი ჩერნიაკმა განაცხადა);
  • 2023 წლის 31 დეკემბერი - ავდიივკის აღება და ოპერატიულ სივრცეში გასვლა, დონბასის სრული ოკუპაციის პერსპექტივით (ამის შესახებ ავდიივკის მაშინდელმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა).


2024 წელი

  • 2024 წლის 15 მარტი - პუტინის „არჩევნებამდე“ ავდიივკისა და კუპიანსკის აღება (ამის შესახებ ISW-მ განაცხადა);
  • 2024 წლის შემოდგომა - შემოდგომის შეტევის შედეგების მიხედვით მთელი დონბასის ხელში ჩაგდება (ამის შესახებ Financial Times-ის წყაროებმა განაცხადეს).


2025 წელი - დღემდე

  • 2025 წლის შემოდგომა - რუსმა სამხედროებმა პუტინს დონბასში უკრაინის ფრონტის ჩამოშლა აღუთქვეს (ამის შესახებ Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს);
  • 2025 წლის 31 დეკემბერი - მორიგი ბრძანება რუსეთის არმიას, წლის ბოლომდე უზრუნველეყო დონბასის ოკუპაცია (ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა);
  • 2026 წლის 31 მარტი - მთელი დონბასის ოკუპაციის ახალი ვადა (ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა);
  • 2026 წლის 1 სექტემბერი - ასეთი იყო დონბასის აღების სასურველი თარიღი ზაფხულის შეტევის შედეგების მიხედვით (ამის შესახებაც ვ. ზელენსკიმ განაცხადა);


მიმდინარე “ბოლო ვადა”

როგორც ვხედავთ, ვადების რაოდენობით (სულ 6 თარიღი) ლიდერობს სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი წელი. ვადები ასევე ხშირად ებმის „ლამაზ თარიღებს“, მაგალითად, „გამარჯვების დღეს“, რუსეთისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს („არჩევნებს“ ან ფსევდორეფერენდუმებს), შეტევითი კამპანიების (იერიშების) შედეგებს ან უბრალოდ კალენდარული წლის დასასრულს.

დონბასის დაპყრობის ვადებთან დაკავშირებულ ცნობებში ფიგურირებს ან დონბასი, ან დონეცკის ოლქი. ეს იმით არის განპირობებული, რომ ლუჰანსკის ოლქის დიდი ნაწილი რუსეთმა 2022 წელს დაიპყრო. რუსეთის ფედერაციას მისი სრულად ოკუპირების შესახებ არაერთხელ განუცხადებია, თუმცა ამის დამადასტურებელი ობიექტური კონტროლის მონაცემები არ არსებობს. კერძოდ, აგრესორი ქვეყნის მხრიდან ასეთი განცხადება ბოლოს 2026 წლის 1 აპრილს გაკეთდა. თუმცა იმავე დღეს უკრაინის მესამე ცალკეულმა მოიერიშე ბრიგადამ ეს განცხადება ოფიციალურად უარყო და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ამ ოლქში პოზიციებს ინარჩუნებენ. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, რეგიონის 95%-ზე მეტი რუსეთის ჯარების დროებითი ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. იგივე მონაცემები ადმინისტრაციამ 2025 წლის ივლისშიც გამოაქვეყნა.

რატომ აწესებს რუსეთი “ბოლო ვადებს”?

სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთი დონბასის სრულად დასაპყრობად ახალ-ახალ ვადებს ორი მიზეზით აწესებს:

1. პოლიტიკური

ეს ძირითადი მიზეზია, რადგან რუსეთის მთელი ომი (უკრაინის წინააღმდეგ), მიუხედავად გაცხადებული სამხედრო მიზნებისა, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება: უკრაინის, ამა თუ იმ ფორმით, პოლიტიკურად დამორჩილებას ან განადგურებას და, ამგვარად, დასავლეთის გამოწვევისაც, - ამბობენ ექსპერტები. აქვეა საბჭოთა წარსულიდან მიღებული ჩვევაც - სამხედრო ეტაპები გარკვეულ თარიღებსა თუ პოლიტიკურ რიტუალებს დაუკავშირონ.

„ეს ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედროებს ასეთ ამოცანებს უსახავდა, მაგალითად, კიევი 7 ოქტომბრამდე აეღოთ (ბოლშევიკური გადატრიალების დღე - რ.თ.). ან სხვა რომელიმე ასეთი თარიღისთვის. ან თავად სამხედროები ცდილობდნენ, მაგალითად, სტალინის დაბადების დღისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი და ისტორიკოსი მიხაილო ჟიროხოვი.

„საბჭოთა კავშირში რაღაც ვადებს უკავშირებდნენ რაღაც დღესასწაულებს, რაღაც გამორჩეულ მოვლენებს, ან უბრალოდ აცხადებდნენ, რომ წლის ბოლომდე სოციალისტური ვალდებულების ფარგლებში ამასა და ამას შეასრულებდნენ. ამაზე იყო დამოკიდებული როგორც სამსახურებრივი წინსვლა, ისე პრემიები და სხვა ყველაფერი“, ასე განმარტავს რუსი სამხედრო მეთაურების მენტალიტეტის თავისებურებებს სამხედრო ანალიტიკოსი და 2022–23 წლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადის ყოფილი მეთაური ოლექსანდრ საენკო.

2. სამხედრო

მიუხედავად პოლიტიკური ლიდერის გახარების ან დღესასწაულების მნიშვნელობის ხაზგასმის ჩვევისა, რუს სამხედრო მეთაურებს უფრო პროზაული ამოცანაც აქვთ: დაგეგმონ დასახული მიზნის შესრულება. სამხედრო მანქანას უყვარს გეგმა და მისი შესრულების მკაფიოდ განსაზღვრული პარამეტრები, - ამბობენ ექსპერტები.

„არსებობს გარკვეული ნორმატივები ამა თუ იმ საბრძოლო მოქმედების დაგეგმვისას, - განმარტავს ოლექსანდრ საენკო, - რუსები ამას სამხედრო აკადემიებში სახელმძღვანელოებიდან სწავლობენ და ამ სახელმძღვანელოებში დროითი ჩარჩოებიც არის განსაზღვრული: რამდენ დღეზე, თვეზე თუ კვირაზე იგეგმება შეტევითი ოპერაცია ამა თუ იმ ოპერატიულ რაიონში“.

ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი რუსეთის არმიების ჯგუფის სამეთაურო ცენტრში, 2025 წლის ოქტომბერი.
ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი რუსეთის არმიების ჯგუფის სამეთაურო ცენტრში, 2025 წლის ოქტომბერი.

ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ძალებისა და საშუალებების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს, - ამბობენ ექსპერტები - პირად შემადგენლობას, საბრძოლო მასალას, სამხედრო ტექნიკას. მიზნისა და საბოლოო თარიღის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ სამხედრო ჩანაფიქრის განხორციელების მკაფიო გეგმის შექმნა.

„ამისთვის გარკვეულ გათვლას აკეთებენ: რა ძალები და საშუალებები უნდა ჩაერთოს, რა რესურსები უნდა მიეწოდოს იმისთვის, რომ ეს მიზანი შესრულდეს, - განმარტავს სამხედრო ანალიტიკოსი, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი სერჰი ჰრაბსკი, - პუტინის მაგიდაზე დევს გათვლა, რომლის მიხედვითაც, ასეთი რესურსების არსებობის შემთხვევაში, ამა და ამ ვადაში ასეთი შედეგების მიღწევა შეგვიძლია. ის ამას ათანხმებს, იღებს გადაწყვეტილებას და ამ თარიღს აცხადებს“.

რატომ ჩავარდა რუსეთის მიერ დაწესებული ყველა „ბოლო ვადა”?

ამის გასაგებად საკმარისია რუსეთის თავდაპირველი - 2022 წლის ზამთარ-გაზაფხულზე უკრაინისა და მთელი დონბასის ხელში ჩაგდების გეგმის გაანალიზება, - აღნიშნავენ ექსპერტები. „კიევი სამ დღეში“ და დონბასში სწრაფი წინსვლა, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ემყარებოდა მცდარ წარმოდგენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის, უკრაინელებისა და უკრაინელი სამხედროების განწყობების შესახებ.

პუტინი ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში თავადაც მიმართავდა უკრაინელ სამხედროებს და მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა.

ეს აიხსნება რუსეთის პირველი პირებისთვის უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ არასათანადო ინფორმაციის მიწოდებით, რაც, ანალიტიკოსების აზრით, დღემდე გრძელდება.

„სისტემაში, რომელიც პუტინმა შექმნა, უსიამოვნო ამბის მიმტანი ადამიანი სისტემის მიღმა აღმოჩნდება. ყველა ცდილობს, პუტინის ახირებები დააკმაყოფილოს და ამიტომ მას უყვებიან სხვადასხვა რამეს, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება, - ამბობს მიხაილო ჟიროხოვი, - უბრალოდ, თუ პუტინი გაიგებს, რომ ეს ასე არ არის, მისი საყვარელი გენერალი სხვა ადამიანით ჩანაცვლდება“.

ამის მაგალითად ის ასახელებს რუსეთის ФСБ-ის მეხუთე სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ბესედას, რომელმაც თანამდებობა დაკარგა სავარაუდოდ უკრაინის შესახებ ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ ცრუ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების გამო. გენერალი ბესედა ამ სამსახურს 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით ბესედა მაინც დაბრუნდა რუსეთის ხელისუფლების ელიტაში - ФСБ-ის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე, მოგვიანებით კი უკრაინასთან ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციაშიც შენიშნეს.

„რუსეთში სამხედროები არანაირ პოლიტიკას არ აკეთებენ. რა ამოცანასაც დაუსახავენ, იმას ასრულებენ. იქ პუტინს ვერავინ ეტყვის „არას“, - ამბობს სერჰი ჰრაბსკი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მაგალითს იხსენებს: „ავიღოთ 1941 წელი, ოქტომბერი. სტალინი თავისი გენერლებისგან, მომავალი გამარჯვების მარშლებისგან, მოითხოვდა, რომ გერმანელები მოსკოვიდან განედევნათ. ისინი გარკვეულ რესურსებს იღებდნენ თავიანთ განკარგულებაში და ამ რესურსებს ბრძოლაში აგზავნიდნენ. მას შემდეგ, რაც ეს რესურსები განადგურდებოდა, გენერლები ანგარიშს აბარებდნენ: ამხანაგო სტალინ, თქვენი ბრძანების შესრულება შეუძლებელია, რადგან ჯარისკაცები აღარ დაგვრჩა. მათ ახალ ჯარისკაცებს აძლევდნენ და ისინი მათაც ისევ ბრძოლაში აგზავნიდნენ“.

„ტყუილად არ არის, რომ სტალინი პუტინისთვის ფასეულობის მთავარი საზომი და ეტალონია. ისიც ასე მოქმედებს. და, ლოგიკურად, ეს რუსეთის სარდლობისგან ზუსტად ასეთივე მოქმედებებს მოითხოვს“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

რამდენად რეალისტურია მორიგი „ბოლო ვადა”?

ლიმანის ოკუპაცია ნამდვილად შედიოდა რუსეთის სარდლობის წლევანდელი ზაფხულ-შემოდგომის შეტევის გეგმებში - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსები ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე საუბრობდნენ. ლიმანის ოკუპაცია რუსეთს საშუალებას მისცემდა, დასავლეთის მიმართულებით, ბარვენკოვოსკენ გაეგრძელებინა წინსვლა და ჩრდილოეთიდან გვერდი აევლო გამაგრებული სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერაციისთვის.

ბარვენკოვოსკენ სამხრეთიდან რუსეთის არმიის სხვა დაჯგუფებასაც უნდა გაეკვალა გზა და აეღო დობროპოლიე. მაგრამ რადგან რუსეთის ძალები ჯერ კიდევ ემზადებიან დობროპოლიეს იერიშისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ლიმანის აღების გეგმები, როგორც ჩანს, უკვე არარეალისტური გახდა.

„ახლა რუსებს გეგმების შეცვლა სჭირდებათ, მაგრამ ასე სწრაფად გეგმების შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ოპერაცია (დონეცკის ოლქის ალყაში მოქცევის - რ.თ.) გაზაფხულამდე გაიყინება, შემდეგ კი ყველაფერი სულ სხვა ფორმატით განვითარდება“, - ამბობს მიხაილო ჟიროხოვი.

დონბასის ალყაში მოქცევის გეგმა. ISW-ის ანალიტიკოსების 12 სექტემბრის ანგარიში
დონბასის ალყაში მოქცევის გეგმა. ISW-ის ანალიტიკოსების 12 სექტემბრის ანგარიში


2026 წლის ბოლოს რუსეთის არმიის წინსვლა მნიშვნელოვნად შენელდა - ამის შესახებ როგორც DeepState-ის, ისე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები საუბრობენ.

„2026 წელს უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ტაქტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდება და რუსეთის ლოგისტიკისთვის ხელის შეშლა, მაშინ როდესაც რუსეთს უჭირს უკრაინის ამ მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, - აღნიშნავენ ISW-ის სპეციალისტები.

მათი შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის ზრდა (უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევითი მოქმედებების გათვალისწინებით ოლექსანდრივკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე) თითქმის ნულს უტოლდება.

თუმცა ფრონტზე სტაბილურობის ეს შთაბეჭდილება შეიძლება მოჩვენებითი იყოს, - ამბობს სერჰი ჰრაბსკი, რომელიც ფრონტზე უკრაინულ ქვედანაყოფებს რეგულარულად სტუმრობს.

„თუ ქვედანაყოფში ნორმალურ სიტუაციად ითვლება ის, რომ მას შტატით გათვალისწინებული პირადი შემადგენლობის მხოლოდ 48% ჰყავს - მაპატიეთ, მაგრამ ეს ნორმალური ვითარება არ არის, - ამბობს ის. - ოპერატიული ხელოვნების ნორმალური თეორიის მიხედვით, თუ თქვენ შეტევაზე გადადიხართ, დამცველ ძალებთან შედარებით თქვენი რესურსების მინიმალური უპირატესობა სამ-ოთხჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს მოწინააღმდეგის ძალებს“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე ძალებისა და საშუალებების თანაფარდობის 1:10-ზე ან 1:12-ზე გაზრდა შეუძლია.

„რაზე დგას ჩვენი ბიჭების შემძლეობა - ამის თქმა ძალიან რთულია. ეს უკვე სამხედრო მაჩვენებელი კი არა, უკრაინელების სიჯიუტეა. და რა მოხდება, თუ მოწინააღმდეგე ცალკეულ ვიწრო მონაკვეთებზე ერთ ჩვენს მებრძოლს 15 კაცს დაუპირისპირებს? შევინარჩუნებთ ფრონტს?“ - რიტორიკულად კითხულობს ანალიტიკოსი.

რუსმა გენერლებმა პუტინს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ დამატებით 800 ათასი ადამიანის მობილიზება სთხოვეს - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ოლეჰ ივაშჩენკომ 10 სექტემბერს The Times-თან ინტერვიუში. ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ამ რაოდენობის ახალწვეულთა მომზადებას და ამიტომ პუტინი, ალბათ, ეტაპობრივი და ფარული მობილიზაციის გზას აირჩევს.

11 სექტემბერს უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის „აზოვის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დენის პროკოპენკომ (მალსახმობით „რედისი“) YES-ის (Yalta European Strategy) ყოველწლიურ შეხვედრაზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა, რომ სექტემბერში ფრონტზე გამწვავებას ელოდება, რასაც შემდეგ რუსეთის არმიის მიერ დობროპოლიეზე მექანიზებული იერიშების დაწყება მოჰყვება.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG