Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნებისმიერი გასროლილი ტყვია, თუნდაც არალეტალური, პირდაპირ ხვდება ტურიზმს და საინვესტიციო გარემოს"


რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი
რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი თვლის რომ სახელმწიფოს ვალია ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა და რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს იმ ბერკეტებზე, რომლებიც სახელმწიფოს აქვს და ეს არ არის მხოლოდ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია, რომელიც, მაგალითად 31 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დააანონსა და რისკენაც მას დიდი ხანია მოუწოდებდნენ ეკონომისტები:

„აქამდე რატომ მივიდა, ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი - ლარის მასასა და დოლარის მასას შორის პროპორციული დამოკიდებულება. ნაკლები დოლარი და მეტი ლარი იწვევს ლარის კურსის დაცემას. ეს არის ეკონომიკის ანბანი“.

რამაზ გერლიანი აღნიშნავს იმასაც, რომ რეალური ინფლაცია მიზნობრივს აჭარბებს და ლაპარაკობს იმაზეც, რომ ლარის კურსის ასეთი ვარდნის პროგნოზირება შესაძლებელი იყო და აგრეთვე შესაძლებელი იყო შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით მისი მასშტაბის პრევენცია:

„ანუ, ეროვნული ბანკის პოზიცია ჩემთვის არის გარკვეულწილად ბუნდოვანი, იმ მონაცემების საფუძველზე, რაზეც ეკონომისტებს მიგვიწვდება ხელი.

მოსალოდნელი იყო ეს პროცესები. ბოლო ორი თვეა პოლიტიკური ცეიბცხელება მიდის. ხედავ, რაც ხდება. რატომ ახდენ მაშინ რამდენიმე ხნის წინ დოლარის შეძენას და რეზერვის შევსებას? ხედავ, რომ ეს პროცესი დაგიდგება. ან თუ ხედავ რომ უვკე დაგიდგა, მაშინ შესაბამისად ის რეზერვი გამოიყენე“.

რაც შეეხება „პოლიტიკურ ციებცხელებას“, „დილის საუბრების“ სტუმარი ეკონომიკის მდგომარეობას პოლიტიკურ ვითარებასთან კავშირში განიხილავს და აცხადებს:

„კი ბატონო, თუ ოპოზიციას რაიმე ბრალი მიუძღვის, პასუხი აგებინონ, მაგრამ მე, როგორც მოქალაქე, პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შექმნა ის ფონი, როდესაც უცხოეთის ტელეარხებზე ვიხილეთ სისხლი.

ნებისმიერი გასროლილი ტყვია, თუნდაც ის არ იყოს ლეტალური, პირდაპირ ხვდება ტურიზმს და საინვესტიციო გარემოს, ჰაერშიც რომ გაისროლო, მაშინაც კი“.

რამაზ გერლიანი ლარის კურსის ვარდნის კიდევ ერთ, ძალიან არასასურველ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას:

„როგორც ვხედავთ ჩვენს სამეზობლო პარტნიორებში, რომლებზეც იმპორტით ვართ დამოკიდებულები (მათ შორის ერთ-ერთია რუსეთი), კურსის გაუარესების პროცესში დღითიდღე უფრო მეტად ვხდებით რუსეთის იმპორტზე დამოკიდებული და რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ვალუტაც იგივენაირად და უფრო მეტადაც უფასურდება კონევრტირებადი ვალუტების მიმართ და შესაბამისად ეს იწვევს მათთვის მომგებიან პოზიციას იმპორტის თვალსაზრისით, რასაც ვერ ვიტყვით ევროპულ საქონელზე.

ენერგოდამოკიდებულების მხრივაც - როცა კურსი უარესდება, ეხსნება ხელფეხი რუსულ ენერგომატარებლებს ქართულ ბაზარზე, ვიდრე თუნდაც აზერბაიჯანულს. ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები. თუ გაგრძელდა, ეს პირდაპირ საბაზრო სტიმულებით ხელს უწყობს რუსულ ბაზარზე იმპორტდამოკიდებულებას. ლარის კურსი არ არის უბრალოდ კურსი, რომლითაც მოქალაქეები ვზარალდებით, არამედ მას აქვს უფრო მაღალი დონის სამომავლო ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებიც მიბმული“.

„ეკონომიკური ტრანსფორმირების ცენტრის“ პრეზიდენტი ხაზს უსვამს ლარის მასის გაუმართლებელ ზრდასა და ინფლაციას:

„ლარის მასა 24 მილიარდს აღწევს. 2013 წელს ის იყო 9 მილიარდის ფარგლებში. ეკონომიკა ამხელაზე არ იზრდება და რატომ იზრდება ლარის მასა ასე სწრაფად? ლარის მასის ზრდა პირდაპირ ბმაში არის არა მხოლოდ ინფლაციურ პროცესებთან, არამედ კურსთან მიმართებაშიც და ხშირად ამბობენ, [გადაწყვეტილებების მიღებისას] ინფლაციიდან ამოვდივართო. ნურას უკაცრავად, ინფლაციას აქვს ორი მიმართულება: ერთი მიმართულებაა, როცა სამომხმარებლო კალათა უფასურდება და ინფლაციის მეორე მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე ახდენს ზეგავლენას, ეს არის სამრეწველო კალათის ინფლაცია, რომელიც ჩვენთან გაცილებით მეტ ინფლაციას განიცდის, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, მუდმივად 4%-ზე მეტია სამრეწველო ფასების ინფლაციის ინდექსი“.

რამაზ გერლიანი არ თვლის, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტს უწყობს ხელს, რადგან ადგილობრივი წარმოებაც დამოკიდებულია გარკვეული მასალის იმპორტზე.

ეკონომისტი ემხრობა ლარიზაციის პოლიტიკას, თუმცა, თვლის, რომ ის არასწორად წარიმართა და მიზანს ვერ აღწევს.

„23 მილიარდი დეპოზიტებიდან 14 მილიარდზე მეტი ისევ უცხოურ ვალუტაში რჩება.

რატომღაც ეს პოლიტიკა ისე არ ტარდება, როგორც უნდა გატარდეს და რაც მთავარია, ცოტა ქამრები უნდა შემოიჭირონ, მათ შორის ლარის გამოშვების კუთხითაც. ყველა ხვდება, რომ ლარის მასა იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე საჭიროა. ეს არის თავი და თავი“.

რამაზ გერლიანს ეჭვი არ ეპარება, რომ მიმდინარე პრობლემები ყოველთვის იქნება და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანაც სწორედ მათი ეფექტის შერბილებისკენ უნდა იყოს მიმართული:

„ზოგჯერ მეტი იქნება ტურისტული ნაკადი, ზოგჯერ ნაკლები ისევე, როგორც საინვესტიციო ნაკადი და შენ, ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ამისთვის მზად უნდა იყო“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG