Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი მილიარდი დაკარგეს რუსმა ოლიგარქებმა 2022 წელს?


Forbes-ის გამოთვლებით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებმა რუს ოლიგარქებს ძლიერად დაარტყა. სუპერმდიდარმა რუსებმა წელს 150 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მილიარდერების წლევანდელ სიას 34 რუსი გამოაკლდა. 2022 წლის უმდიდრესი ადამიანების სიის მიხედვით, ყველაზე მეტი, 18.4 მილიარდი დოლარი დაკარგა ვლადიმირ ლისინმა. ის ხელმძღვანელობს "NLMK Groups"-ს, ფოლადის მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას რუსეთში.

მას მოსდევს ვლადიმირ პოტანინი, რომელსაც კომპანია "ნორილსკი ნიკელის" მესამედი ეკუთვნის. პოტანინმა ჯამში 17.3 მილიარდი დოლარით იზარალა.

დაზარალებულ ოლიგარქთა სიაში მესამე ლეონიდ მიხელსონია. გაზის მწარმოებელი კომპანია "ნოვატეკის" დამფუძნებლის ქონება 14 მილიარდი დოლარით შემცირდა.

სხვა რიცხვები მიიღო გამოცემა Bloomberg-მა. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტად, ანუ 11.3 მილიარდი დოლარით, "გაღარიბდა" ვიქტორ ვექსელბერგი, რუსული კონგლომერატის, რენოვა გრუპის მფლობელი.

რაც შეეხება "Forbes-ის" მიერ ნახსენებ სამუელს, Bloomberg-ის თანახმად, მათი დანაკარგები შედარებით მოკრძალებულია. მიხელსონმა და ლისინმა მხოლოდ 7-7 მილიარდით იზარალეს, პოტანინმა კი საერთოდაც, "მხოლოდ" 1-ით.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს მილიარდობით დოლარის ქონება გაუყინა. ბრიუსელმა, რომელიც დღემდე ძალიან დამოკიდებულია რუსულ გაზსა და ნავთობზე, მიზნად დაისახა, მთლიანად თქვას უარი რუსეთისგან ენერგომატარებლების ყიდვაზე, რათა აღარ მისცეს პუტინს ომის დაფინანსების საშუალება.

ევროკავშირი და აშშ ეტაპობრივად უწესებენ კრემლს ახალ-ახალ სანქციებს, თუმცა მათი შედეგები არ აღმოჩნდა ისეთი დამანგრეველი, როგორც ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობდა. მაგალითად, ევროკავშირი ვარაუდობს, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლის ბოლოსთვის, ყველაზე დიდი, 5.5% პროცენტით შემცირდება. არადა, აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერდა, რომ რუსეთის მშპ, სულ ცოტა, 8.5%-ით დაპატარავდებოდა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG