ეს სწორედ ის ადგილია, სადაც რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, ოჩამჩირიდან დევნილმა, 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. სხეულის 65%-იანი დამწვრობით მან მხოლოდ ხუთ დღეს იცოცხლა და პირველ თებერვალს, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
ახლა მხოლოდ ამომწვარი ბალახით თუღა მიხვდება ვინმე, რომ რამდენიმე დღის წინ, დევნილთა სააგენტოსთან, უფრო ზუსტად კი მოქალაქეთა მისაღებთან, ახალგაზრდა კაცს ცეცხლი ეკიდა, რომლის ჩაქრობასაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ხან ქურთუკებით, ხან ჟოლობიდან ჩამოსული წყლითა და ხან წყლის ათლიტრიანი ავზით ცდილობდნენ სააგენტოს დაცვის თანამშრომლები. საბოლოოდ ცეცხლი დაცვის თანამშრომელმა ქალმა ცეცხლმაქრით ჩააქრო და ორ წუთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სირენის ხმაც გაისმა.
უწყვეტი ვიდეო, რომელიც 6 წუთსა და 16 წამს გრძელდება და რომელიც მთელ ამ სცენას აღწერს, სააგენტოდან ასიოდ მეტრში მდებარე, მოპირდაპირე კორპუსიდან გადაიღო კაცმა. ვიდეოს ახლავს მისი გახმოვანებული კომენტარიც: „ითხოვდა ლაპარაკს, რომ ვინმე შეხვედროდა“... ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ ცოცხალია, ხელებს ამოძრავებს და გაურკვეველ ფრაზას ყვირის.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს ვებსაიტზე წერია, რომ „სააგენტოს საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი დევნილთა განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების“ ხელშეწყობაა. სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებულ განაცხადს შესაბამისი ქულა ენიჭება. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, რომელ დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებელს პირველ რიგში. მონიტორინგის ჯგუფები მინიჭებულ ქულებსა და დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს სწავლობენ.
3 თებერვალს, სააგენტოს მისაღებში მისულ რადიო თავისუფლებას, დაცვის სწორედ ის თანამშრომელი შეხვდა, რომელიც 27 იანვარს იქ იყო და თავად შეესწრო ტრაგედიას. გვაინტერესებდა, იმ დღეს, მაგალითად, რამდენი ხნის განმავლობაში ითხოვდა ზამირ კვეკვესკირი სააგენტოს თანამშრომლებთან დალაპარაკებას, რას ითხოვდა, რას ამბობდა, ანუ, რა უძღოდა წინ მის ამ საბედისწერო გადაწყვეტილებას. სააგენტოს თანამშრომელი არ დაგველაპარაკა, პრესცენტრს და ადმინისტრაციას მიმართეთო.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დეტალებზე საუბრის უფლება არ გვაქვს“, - პასუხი არც დევნილთა სააგენტოს პრესსამსახურში გაგვცეს. ერთადერთი, რასაც უწყებაში ამბობენ, არის ის, რომ ზამირ კვეკვესკირს ბინის მოთხოვნის შესახებ განცხადება დაწერილი ჰქონდა, თუმცა, ბინით დაკმაყოფილებული არ იყო.
ეს ისედაც ცხადია, რადგან, როგორც ზამირ კვეკვესკირის ოჯახის წევრები და მეზობლები უყვებიან რადიო თავისუფლებას, სააგენტოში ის მორიგ ჯერზე, სწორედ ამ საკითხის გასარკვევად იყო მისული.
44 წლის კაცი და მისი ოთხსულიანი ოჯახი 12 წელია თავს თემქის გამგეობის ყოფილი შენობის მეოთხე სართულზე ერთ პატარა ოთახს აფარებდა. ოთახი 18 კვადრატული მეტრია. აქაა ოჯახის საძინებელიც, მისაღებიც, სამზარეულოცა და საპირფარეშოც.
ოთახი იმდენად პატარაა, რომ თავისუფლად მოტრიალებაც კი ჭირს. ოთახის უდიდესი ნაწილი საწოლებს უკავია. იქვე დგას ორსართულიანი საწოლიც, სადაც ზამირის შვილებს, 20 და 23 წლის და-ძმას სძინავს. სახლში ახლა არავინაა და ოთახის კარი მეზობელმა გაგვიღო.
აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ამ შენობის სამ სართულს, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებს იკავებენ. ერთ-ერთი იქ მცხოვრები გვეუბნება, რომ ამ სამ სართულზე დაახლოებით 50-მდე ოჯახი უნდა სახლობდეს, უმეტესობა ასეთ მცირე ფართებს იკავებს და უკვე წლებია, ხელისუფლებისგან დაპირებულ ბინებს ელოდებიან. ამ შენობაში ისინი, როგორც უსახლკაროები, 12 წლის წინ შევიდნენ:
„ზამირიც სწორედ ამ დროს შემოვიდა აქ. სხვა გზა არ გვქონდა, ან ამ შენობისთვის უნდა შეგვეფარებინა თავი, ან ქუჩაში უნდა დავრჩენილიყავით.
თავადაც ხედავთ, რა პირობებია, დროთა განმავლობაში, ზოგმა მოახერხა პატარა რემონტის გაკეთება, ზოგმა ვერ და მას მერე ყველანი მოლოდინში ვართ“, - გვეუბნება ზამირის მეზობელი ქალი, რომელიც იმასაც ამბობს, რომ გარდა ბინისა, ზამირს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა:
„ხუთი წლის წინ ავტოავარიაში მოყვა. მას შემდეგ არაერთი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა, პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდა. უჭირდა სიარული და ყავარჯნებით დადიოდა. ამიტომ ვერც მუშაობდა.
ბავშვები ცდილობდნენ რაღაცას, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი. ამიტომ დადიოდა დევნილთა სააგენტოში. ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ყურად იღებდნენ მის მდგომარეობას, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დღეს ბოლო იმედიც ამოეწურა“, - გვეუბნება ქალი.
ზამირ კვეკვესკირის ცხედარი ნათესავის ბინაშია დასვენებული: „აქ სად უნდა დაესვენებინათ, სად არის ამის ადგილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მისმა ბიძაშვილმა, ბაჩუკი შანავამ. მისი მამაც ამ შენობაში, თემქის ყოფილ გამგეობაში ცხოვრობს:
„ვერ წარმოვიდგენდით, რომ მსგავს ნაბიჯს გადადგამდა. რა თქმა უნდა, ვხედავდით, რომ რთული მდგომარეობა ჰქონდა. ბინით უზრუნველყოფას ითხოვდა, დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ, ასეთი პასუხით ისტუმრებდნენ, როგორც ჩანს, დაიღალა და ამ გამოუსწორებელ ნაბიჯზე წავიდა. ამბობდა კიდეც, დავიღალეო“.
„რას ითხოვდა ეს ადამიანი განსაკუთრებულს? საცხოვრისს. და ამ საცხოვრისს ითხოვდა წლების განმავლობაში. წერდა განცხადებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, კომუნიკაცია ვერ შედგა და სათანადო და დროული რეაგირებაც ვერ მოხდა. ეს არის მკაფიო მაგალითი, თუ რას უშვრება სისტემა დევნილებს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორია ხელისუფლების არასწორი დამოკიდებულება ამ ადამიანების პრობლემებისადმი.
საუბედუროდ, ჩვენი ტრაგედიაც იმაში მდგომარეობს, რომ ზამირის შემთხვევა არ არის ცალკეული შემთხვევა, ჩვენ მანამდეც არაერთი მსგავსი ფაქტი გვინახავს და რატომ ვერ იქცა ეს ტრაგედიები გაკვეთილად, არ ვიცით.
ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ და რამ მიიყვანა ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე. უნდა ჩატარდეს სათანადო გამოძიება, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კობა ჭითანავა, მოძრაობის „აფხაზეთისთვის“ დამფუძნებელი.
2 თებერვალს, ზამირ კვეკვესკირის დამ „მთავარ არხს“ უთხრა:
„რაც ჩემი ძმა დაიწვა, ერთი საათი არ იყო გასული და დაურეკეს ოჯახის წევრს და ეუბნებიან, რომ თქვენი დოკუმენტები ხელში გვიჭირავს და დაგეკონტაქტებითო“.
ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ დევნილთა სააგენტოში, თუმცა, იქ ისევ იმ პასუხით გამოგვისტუმრეს, რა პასუხიც მანამდე გაგვცეს: „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ბინით უზრუნველყოფილი არ იყო“.
ზამირ კვეკვესკირის დაღუპვა 3 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტეს აქტივისტებმა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვენერო მელუა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს:
„დევნილობის 32 წლის თავზე, ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ უთხრეს უარი, სახლზე, ჭერზე, თავშესაფარზე. ამ ადამიანმა მსხვერპლად შესწირა თავისი სხეული ამ მახინჯ სისტემას და თურმე, ამის მერე იმსახურებდა ის სახლს. ეს არის ტრაგედია, როგორც ყველა სხვა ტრაგედია, როდესაც დევნილები იკლავენ თავს, უკიდურეს პროტესტს მიმართავენ, რომ მათი ხმა ვინმემ 15 წუთით მაინც გაიგოს, ან მედიაში გაჟღერდეს, ან ვინმემ მონიშნოს ამ საზოგადოების ღირსეულ წევრად.
რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩვენ გვიწევს, რომ ასეთი მსხვერპლი გავიღოთ.
ამ მსხვერპლზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, რომელსაც ცალ წიხლზე ჰკიდია დევნილები და მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც უნდა რომ მათი ხმები მიიღოს“, - უთხრა ვენერო მელუამ რადიო თავისუფლებას.
ზამირ კვეკვესკირი არ არის პირველი დევნილი, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და სიდუხჭირის გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათ შესახებ ინფორმაციას ინახავს რადიო თავისუფლების არქივიც:
- 2010 წელს, დევნილთა სამინისტროს წინ თავი დაიწვა და გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია.
- 2012 წელს თავის დაწვა სცადა ვახტანგ ჭანტურიამ, დევნილთა სამინისტროს შენობასთან.
- 2014 წელს ფოთში, დევნილმა ქალმა, დალი აბურჯანიამ, თავის დაწვა სცადა.
- 2022 წელს, დევნილი კაცი, ზურაბ ქირია, პროტესტის ნიშნად იმ ავარიული შენობიდან გადმოხტა, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემებით, 51 845 დევნილი ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინშია. ხოლო მათგან 500 ოჯახი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ობიექტებში აგრძელებს ცხოვრებას.
საქსტატის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, დევნილთა შორის უმუშევრობის დონე ორჯერ უფრო მაღალია არადევნილ მოსახლეობასთან შედარებით.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 96 130 დევნილი ოჯახი, ჯამში 299 172 იძულებით გადაადგილებული პირი.
2023 წელს, დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყო საქართველოს 5 ქალაქში, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბორჯომში. ამ განსახლების პროგრამის თანახმად, 2023-2025 წლებში 13 ათასი დევნილი ოჯახი უნდა დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია
ხელისუფლება აქვს „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტიც. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.
ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფორუმი