Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითხოვდა “პარტიოტთა ალიანსი” ამერიკის საელჩოსთან?


ირმა ინაშვილმა 15 სექტემბერს მხარდამჭერებს ამერიკის საელჩოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. აქციის მიზანი იყო დაეგმოთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის, მეთიუ ბრაიზას საქციელი. ასევე მოეწოდებინათ საქართველოს პარტნიორებისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, “მწამებელთა პარტიების” მხარდაჭერის შეწყვეტისკენ.

აქცია იყო ხალხმრავალი, ეკრანზე გადიოდა დევიდ კრამერის და ირმა ინაშვილის შელაპარაკების კადრები, პატრიოტთა ალიანსის დროშებთან ერთად ფრიალებდა საქართველოს ძველი, სამფეროვანი დროშა, დემონსტრაციას იღებდნენ როგორც ჩვეულებრივი კამერები, ისე დრონები - ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეკრებილებს მიმართა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა. აქციის მთავარი ნაწილი იყო ირმა ინაშვილის მონათხრობი, სადაც ის ყვებოდა, როგორ შეუზღუდეს რამდენიმე დღის წინ "გამოხატვის თავისუფლება". აქციის მონაწილეები ამბობდნენ რომ ისინი “ქართველი ქალის ღირსების” და საკუთარი ქვეყნის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ გარეთ. მათი დიდი ნაწილი რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ - ორგანიზებულად, სამარშუტო ტაქსებით, რომლებმაც აქციის დამთავრებისთანავე ორგანიზებულად დატოვეს ტერიტორია.

“ყველა ტურასავით თავს დამესხა, აბსოლუტურად მარტო ვიყავი მე იქ. არა ვარ მისული იქ არავის საცემრად, მისული ვარ რომ ვთქვა სიტყვა. ბოლოს და ბოლოს მივაღწიე ბრძოლით, რომ სიტყვით გამოვსულიყავი მე იქ. ამისთვის ბრძოლა უნდა გვიწევდეს ჩვენ?” - ასე ყვებოდა ირმა ინაშვილი ამბავს იმის შესახებ, როგორ მივიდა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსასვლელად, სადაც როგორც ამტკიცებდა, წინა დღეს გიგა ბოკერიამ მის შესახებ ტყუილები ილაპარაკა.

“შეწყდეს ყოველგვარი ილეთები და სპექტაკლები ნატოსთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან, მშვიდობა გვინდა, მშვიდობა და ნორმალიზაცია. შეწყდეს საქართველოს ჩათრევა ომში და რაღა უბედურებაში. არ გვინდა ნატო, არც არავითარი სხვა ბლოკები. არ გვინდა არავითარი ბაზები და არავითარი წვრთნები საქართველოში. საქართველოს გარეთ კი ბატონო.” - თქვა პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა.

ამერიკის საელჩოსთან აქციამდე იყო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც “ახალგაზრდა პატრიოტები” დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვდნენ. უფრო ადრე კი, 11 სექტემბერს ირმა ინაშვილს კონფერენციაზე “Now What” თხოვეს, დაეტოვებინა ტერიტორია. ამ ინციდენტის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ მის ქვეყანაში ირმა ინაშვილი ციხეში აღმოჩნდებოდა, ვინაიდან ის აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას კონფერენციის ორგანიზატორს, ნინო ევგენიძეს.

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში წელს მეხუთედ გაიმართა და რომელიც მაღალი რანგის სპეციალისტების, დიპლომატების და პოლიტიკოსების შეკრების ადგილია, მოწვეული იყო საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი არათუ მოწვეული, სტუმრად რეგისტრირებულიც კი არ ყოფილა.

რას ითხოვდა “პარტიოტთა ალიანსი” ამერიკის საელჩოსთან?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

ამერიკის საელჩო - ვინ იყენებს ამ ადგილს პოლიტიკური განცხადებებისთვის?

2019 წლის 15 სექტემბერს ირმა ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსის” აქცია ერთადერთი არ არის, რომელიც ამ ტერიტორიაზე გაიმართა.

2011 წელს ოპოზიციური ქართული პარტიის ლიდერები და აქტივისტები ამერიკის საელჩოს წინ ითხოვდნენ “აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერის” წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვათ.

მაშინდელი ქართული პარტიის თავმჯდომარე და მომავალში სახალხო დამცველი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი მაშინ ამბობდა: “ამერიკისგან ვითხოვ ერთადერთ რამეს, შეწყვიტოს ავტოკრატიის დახმარება და დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებას. ამერიკა არის სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც აქვს რეალური ბერკეტები ხელისუფლებაზე ზეწოლის.”

უფრო ადრე, 2003 წელს ამერიკის საელჩოსთან პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” წევრები ამერიკის საელჩოსთან ერაყში საომარი მოქმედებების შწყვეტას და საქართველოს ანტიერაყული კოალიციიდან გამოსვლას ითხოვნენ. მაშინ ამ მოთხოვნას იზიარებდნენ ქუთაისელი კომუნისტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG