Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერგილები, სასაზღვრო კონტროლი, Z მანქანებზე - რას განიხილავენ რუსები ჩატში „ზემო ლარსი“?


რუსეთიდან მომავალი ავტომობილების რიგი, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან
რუსეთიდან მომავალი ავტომობილების რიგი, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან

რამდენი ხანი უნდა იდგე ხერგილში, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთო? თუ უშვებენ იმათ, ვისაც გაწვევა ეხება? ზაზუნას და მანქანაზე გამოსახულ Z-ს რა ვუყოთ? რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას ცდილობენ, გამოცდილებას ერთმანეთს ჩატებში უზიარებენ. ამ ჯგუფების მონაწილეების რაოდენობა ორიოდე დღეში საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, ტელეგრამჩატში „ზემო ლარსი“ 90 ათასი კაცია გაწევრიანებული.

„ზემო ლარსი - ჩატი“ - აქ საათის განმავლობაში ორი ათასამდე გზავნილი იწერება. ზოგი პირდაპირ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე წარმოქმნილი მრავალკილომეტრიანი ხერგილიდან წერს:

„ვინმეს საწვავის მოტანა შეუძლია? 15-20 ლიტრი. გადავიხდით“.

„კოსტიკ!! სად ხარ? მიპასუხე!! გადახვედი საზღვარზე?“

„ბიჭებო, ურიგოდ გამატარეთ. დღეს ფეხბურთია, საქართველო თამაშობს, მატჩზე უნდა წავიდე“.

ნაწილი ჯერ მხოლოდ ცდილობს მგზავრობა დაგეგმოს:

„მგზავრი ვარ, მივდივარ რუსეთიდან საქართველოში. გამგზავრების თარიღი: 25:09:2022. ინფო: ორი ბიჭი ვლადიკავკაზიდან, 19 და 26 წლისები, ორი ჩანთით“.

იქვე ბიზნესწინადადებაც არის. რამდენიმე ათეულ დოლარად ტრანსპორტირებასთან ერთად საზღვრის ურიგოდ გადაკვეთაც მოგივა. სატრანსპორტო საშუალებებია: მსუბუქი ავტომობილი, „მინივენი“, ტრაილერი და სკუტერიც კი.

„გადამყვანი ვარ. რუსეთიდან საქართველოში მივდივარ. გამგზავრების თარიღი: 23.09.2022. ადგილი 5+, ინფო: 20 ათასი მანეთი კაცი, მალე გავივლით“.

„დღეს ტრაილერით მივდივარ თბილისში. ტრაილერში სკამები აწყვია. 30 კაცამდე ავიყვან. კაცში 8 ათასი. გადახდა ბიტკოინებით. დეტალებზე PM-ში“.

„საზღვრამდე ტაქსით მოხვედით და არ იცით, ახლა რა ქნათ? იყიდეთ ჩვენგან ველოსიპედი, მოპედი, სკეიტბორდი და მშვიდად გადადით საზღვარზე. დეტალებზე შეგიძლიათ PM-ში მომმართოთ. ურიგოდ, უპრობლემოდ, Bugatti-ზე სწრაფად ჩავალთ“.

ისინი, ვინც უკვე საზღვარზე გადავიდნენ, სხვებს არიგებენ:

„უმანქანოდ შედარებით სწრაფად გასვლის მეთოდი: ხერგილის ბოლომდე ტაქსით მიდით, მერე ფეხით საგუშაგომდე და საზღვრამდე კილომეტრის რადიუსში მოძებნეთ სამარშრუტო ტაქსი ან „მინივენი“. იქ დგანან ცარიელები, ორ საზღვარს ურტყამენ წრეს. გუშინ ერთი ადგილი 15-20 ათასი ღირდა“.

რჩევებს იძლევიან მთავარ კითხვასთან დაკავშირებითაც - უშვებენ თუ არა კაცებს საზღვარზე.

„დღეს გადმოვედით. სამნი ვართ ოჯახში, მათ შორის ქმარი (34 წლის). არაფერი უკითხავთ არც ჩვენს, არც ქართულ მხარეს. ხერგილი ძალიან დიდია! საღამოს 17:00 საათზე რომ ჩავდექით რიგში, საქართველოში 11:00 საათზე შევედით. წყალი და საჭმელი მოიმარაგეთ“.

„14:00 საათზე გადმოვედით საზღვარზე. მანქანაში ხუთი კაცი ვისხედით: 55, 19, 23, 35 და 45 წლისები. ყველას ეხება სამხედრო სამსახური. კაცს სადღაც 20 წუთი სჭირდება გასასვლელად. კითხვები: სახელი, გვარი, მამის სახელი. 2. დაბადების ადგილი და დრო 3. მსახურობდი თუ არა და დაწვრილებით სამხედრო ბილეთის შესახებ. 6. სამსახური 7. მობილიზაციის შესახებ თუ ხარ ინფორმირებული. კიდევ შეიძლება დამატებითი კითხვებიც იყოს. ჩვენ წინ და ჩვენთან ერთად ყველამ გავიარეთ, ხალხი კი ბევრი იყო სხვადასხვა ფანჯარაში“.

„დღეს დილის 10 საათზე გადმოვედი. მანქანაში სამი ბიჭი ვიყავით: მე რეზერვის ოფიცერი, კათედრა დავამთავრე, მეორემაც ასევე კათედრა დაამთავრა, მესამემ - მოიხადა. ყველას ეღადავნენ: „რაო, მიდიხართ? რეზერვის ოფიცრები არ ხართ? ქვეყანას უჭირს. როდის დაბრუნდებით? რატომ?..“ მაგრამ პრობლემები არ შეუქმნიათ, გაგვიშვეს. ყველანი მალე გავედით, გადამყვანების მომსახურებით ვისარგებლეთ. უბრალოდ წარმოუდგენელი რიგია“.

„საზღვართან დაკავშირებით: იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც საპასპორტო კონტროლზე შეგხვდება. მე არაფერი მკითხეს. გვერდით ფანჯარაში კი კაცი შეკითხვებს იგონებდა და შეურაცხყოფას აყენებდა [მგზავრებს], სამშობლოს გაჭირვებაში ტოვებთო. საქართველოს საზღვარზე რამდენიმე კაცი არ გაუშვეს (ჩემი დაკვირვებით, ყოველ მეოცეს აბრუნებდნენ უკან)“.

ჩატში ათობით ათასი შეკითხვაა: ხალხს აინტერესებს, საჭიროა თუ არა მეორე მშობლის თანხმობა ბავშვის გადაყვანის შემთხვევაში, რა რაოდენობის ნაღდი ფულის გადატანა შეიძლება საზღვარზე ან ცხოველებს რა უნდა მოუხერხონ:

„ხალხნო, რა ვქნა? ზაზუნა მომყავს. იკბინება. საგუშაგოზე გავალ ზაზუნით, ოღონდ სკუტერზე და დიდი ზურგჩანთით. და ალკოჰოლი? ხელში მეჭირება, ოღონდ პარკში“.

სანამ ზოგს იმის გარკვევა უჭირს, თუ სად მოდის...

„წავიდე თუ არა აფხაზეთიდან საქართველოში? მკაფიოდ უნდა ვიცოდე, ორი ბავშვით ვარ“...

... სხვამ პირიქით, კარგად აუღო ალღო:

„საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები მასობრივად წუწუნებენ სივიწროვესა და თავისუფალი საცხოვრებელი ფართის არარსებობაზე: „ვიწროდ ვართ. კარგი იქნება, საქართველო გავაფართოოთ, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შევუერთოთ“.

კიდევ სხვა კითხულობს, საჭიროა თუ არა მანქანაზე დაკრული Z ააძროს. ჩატის ზოგიერთმა წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხუმრობა იყო.

„კარგად გვტროლავთ. და თუ სერიოზულად ამბობთ, შეგიძლიათ არ მოხსნათ Z, შებრუნდეთ და სამხედრო კომისარიატისკენ გაემართოთ“.

„სტალინის დატოვებაც არ შემიძლია უკანა შუშაზე? ეგ მაინც ქართველია“.

„ყურადღება!!! ვისაც Z სიმბოლო აქვს, არავითარ შემთხვევაში არ მოაძროთ, ჩამოდით ბათუმში, ჩვენ გელით“.

ჩატში ქართველი მომხმარებელი ცოტაა, ისინი ან მომსახურებას სთავაზობენ - მძღოლობას ან ბინის გაქირავებას - ან რუსებს განიკითხავენ.

„არ არის საჭირო საქართველოში ჩამოსვლა! წადით თქვენს ბელარუსში! არ არის საჭირო ჩვენთან ჩამოსვლა, არა! ლაჩრებო“.

„- გამორბოდნენ მშიშარა რუსები.

- აბა, უკრაინელების დასახოცად უნდა წასულიყვნენ, საკუთარი ნების წინააღმდეგ? რა გამოდის, ვინც ომს ემხრობა და ხალხის დასახოცადაც მზად არის, მამაცია?

- თქვენ უკრაინელები არ გადარდებთ. მარტო იმაზე ღელავთ, თქვენ არ დაგხოცონ უკრაინაში. 7 თვე გქონდათ, ომის წინააღმდეგ რომ გამოსულიყავით, მაგრამ სანამ თქვენს კარზეც არ მოაკაკუნეს, პუტინს ემხრობოდით“.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG