Accessibility links

რას გვიყვებიან ლიზა და სოფიო


ხანდახან, ერთი შეხვედით, უმნიშვნელო, სტუდიაში გადაღებული ფოტოც კი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" დაცულ ამ სურათზე, ილია ჭავჭავაძის და, ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილის და, სოფიო სუმბათაშვილი არიან გამოსახული. ლიზა იყო სოფიოს მამიდაშვილის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მეუღლე. ლიზა ჭავჭავაძემ და ალექსანდრე საგინაშვილმა 1872 წლის 20 თებერვალს იქორწინეს. სავარაუდოდ, ფოტოც ამ პერიოდში უნდა იყოს გადაღებული.

ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილი და სოფიო სუმბათაშვილი
ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილი და სოფიო სუმბათაშვილი

სოფიო ბარათაშვილი-სუმბათაშვილისა, თურმე, ძალიან ჰგავდა თავის ძმას, ნიკოლოზ ბარათაშვილს, იმდენად, რომ კოტე ყიფიანს (დიმიტრი ყიფიანის ვაჟს) რომ დავესესხოთ: „სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა თავის ტუჩებზედ, ვერ გაარჩევდით, ეს მართლა სოფიო არის თუ ნიკო ბარათაშვილი“. კოტე ყიფიანი ასევე იხსენებს დედის, ნინო ჭილაშვილის ნათქვამსაც: „აი, დაიყოლიეთ ფოტოს გადაღებაზე თავადის ქალი სოფიო, მიადგით ულვაში, შემოსეთ სერთუკითა და გექნებათ კიდეც პორტრეტი პოეტისა.“

მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ბარათაშვილის უტყუარად დადასტურებული პორტრეტი ჩვენამდე არ შემონახულა. პოეტის გარეგნობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების აღწერის მიხედვით.

„ნიკო ძალიან მალხაზი, მარდი იყო და მიმზიდველი სახისა, შუათანა ტანის, არც გამხდარი, არც მსუქანი; წაბლისფერი თმა, ბუდეშურად მოყვანილი თვალები: წარბები შეერთებული, წვერ-ულვაშს იპარსავდა, იცვამდა ევროპულს სამოქალაქო ტანისამოსს“. (ბარბარე ბარათაშვილი-ვეზირიშვილისა).

„დაბალ-დაბალი, ჩამკვრივებული, ნოღაცხვირიანი, მეტისმეტად ცოცხალი, მხიარული, მოსწრებული“. (დიმიტრი ყიფიანი)

სოფიო ქმართან და შვილებთან
სოფიო ქმართან და შვილებთან

სოფიო ნიკოლოზ ბარათაშვილის უმცროსი დაა. პოეტის დედამ, ეფემია ორბელიანმა, რომელიც 15 წლისა გათხვოდა, სულ 16 შვილი გააჩინა, თუმცა სრულწლოვანებას მხოლოდ ხუთმა მიაღწია: ნიკოლოზმა, ეკატერინემ, ბარბარემ, ნინომ და სოფიომ. პოეტის გარდაცვალებისას სოფიო, სულ რაღაც, ოთხი წლის იყო. უმცროსი დისადმი სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას ინახავს პოეტის ერთი წერილი, რომლის ადრესატი გრიგოლ ორბელიანია. ნიკოლოზ ბარათაშვილი ბიძამისს წერს, მამამ, კატომ, ბაბალემ, ნინუცამ და აპლიპუტილამ მოგიკითხესო. „აპლიპუტილა“ ოფიოსთვის შერქმეული, მოსაფერებელი სახელია.

სოფიოს ქალობას ბარათაშვილი ვერ მოესწრება, გიორგი ტატიშვილი (1870-1955) კი თავის უსათაურო მოგონებებში ასე აღწერს უკვე გათხოვილი ქალის გარეგნობას: „სოფიო საშუალო ტანის ქალი იყო – პატარა თვალებით და მოზრდილი სახით“.

სოფიო მოესწრება თავისი ძმის ნეშტის დიდი ზარ-ზეიმით განჯიდან თბილისში გადმოსვენებას, მაგრამ ვერ მოესწრება საქართველოს დამოუკიდებლობას. გარდაიცვლება 1916 წელს, 75 წლის ასაკში, თუმცა მანამდე გარდაიცვლება მისი მეუღლე, ვასილ სუმბათაშვილი, რომლის ნეკროლოგსაც, 1905 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“, გამოაქვეყნებს მგლოვიარე ქვრივი.

ნეკროლოგი გაზეთ "ივერიაში"
ნეკროლოგი გაზეთ "ივერიაში"

ელისაბედ (ლიზა) ჭავჭავაძე-საგინაშვილისა კი 85 წელი იცოცხლებს და ბოლომდე ეზიარება საქართველოს გათავისუფლებისა და კვლავ დაპყრობის ტკბილ-მწარე ამბებს. ეგ კი არა, როგორც დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი სამხრეთ კავკასიაში, ოლივერ უორდროპი წერს 1919 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, ლიზა საგინაშვილი, საქართველოს გათავისუფლების ამბავს, 12 წლის წინ მოკლულ თავის ძმასაც ახარებს.

„გუშინ შუადღისას ილია ჭავჭავაძის და, ლიზა საგინაშვილი მოვინახულე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი შეხვედრა მათ შორის, რაც აქ მქონია“ - სწერს ოლივერ უორდროპი მეუღლეს, მარგრეტ კოლეტს, - „ის 80 წელსაა გადაცილებული, თუმცა გარეგნობისა და საუბრის მიხედვით გაცილებით ნაკლებს მისცემ. ლიზა მარტო ცხოვრობს საკმაოდ დიდ სახლში, სადაც მის ძმას ხშირად შევხვედრივარ. ის მშვიდად და მკაფიოდ ლაპარაკობს და მისი ქართულის მოსმენა ერთი სიამოვნებაა. ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა, რომელიც მთაზე, წმინდა დავითის ეკლესიასთანაა და ჩასძახა, რომ ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალია. დარწმუნებულია, რომ ძმამ მისი ხმა გაიგონა და ახლა ბედნიერია. ჩემს დანახვაზე ცრემლები ჩამოუგორდა, გადამეხვია და მითხრა, რომ რაც ძვირფასი ძმა გარდაეცვალა, მისი ძმა ახლა მე ვარ. მაგიდის ცენტრში, ილიას პორტრეტის სიახლოვეს, მარჯორის სურათიც შევნიშნე. ლიზა თავისი თაობის შესანიშნავი წარმომადგენელია, თაობის რომელიც უკვე წავიდა“.

სახლი, სადაც უორდროპმა ლიზა ინახულა, ნიკოლოზის ქუჩაზე (დღევანდელ ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე) მდებარეობდა. ეს სამსართულიანი შენობა ელისაბედ საგინაშვილს საკუთრებაში გარდაცვლ ქმრისგან, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე საგინაშვილისგან ერგო.

გენერალი ალექსანდრე საგინაშვილი
გენერალი ალექსანდრე საგინაშვილი

პირველ სართულზე მაქსიმე შარაძის სტამბა მუშაობდა, აქვე, მეორე სართულზე იყო მოწყობილი „ივერიის“ რედაქცია, მესამეზე კი ილია, ოლღა და ლიზა ცხოვრობდნენ.

ძმა და რძალი საგურამოდანაც მოიკითხავდნენ ხოლმე ტფილისში დარჩენილ ლიზას.„ხილს გიგზავნი. ოლგამ თავისი ბეწვი, რომელსაც ისე უფრთხილდებოდა, მცხეთასა და საგურამოს შუა დაჰკარგა“, - წერდა ილია თავის საყვარელ დას.

თუმცა ლიზა და ოლღა, - ილიასთვის ძვირფასი ეს ორი ქალი, დიდად არ სწყალობდნენ ერთმანეთს, უფრო სწორად, ლიზა ერჩოდა ოლღას უშვილობის გამო, ილია გადააჯიშე და უშვილოდ დატოვეო! არადა, თვითონ ელისაბედიც უშვილო იყო. ერთხელაც, როცა ელისაბედი რამდენიმე დღით იყო წასული სამკურნალოდ, ილია და ოლღა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, ანდრიას ქუჩაზე (დღევანდელი გ. ჩუბინაშვილის ქუჩა) მდებარე სახლში, სადაც ახლა ილიას მერე მუზეუმია გახსნილი.

თურმე, ძალიან შეწუხდა ლიზა, ბევრი ეხვეწა ძმას და რძალს უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ამაოდ...

ოლღა და ილია
ოლღა და ილია

ლიზა საგინაშვილმა 1925 წლამდე იცოცხლა, ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ილიას ქვრივი, ოლღა გურამიშვილიც. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ოლღა გურამიშვილს, ხელოვანთა კულტურული კომიტეტის თავმჯდომარის, კოტე მაყაშვილის (მარო მაყაშვილის მამა) დავალებით, ბესიკის ქუჩაზე მდებარე სახლში ინახულებს მწერალი პლატონ კეშელავა, რომლის ნაამბობს დღიურში ჩაიწერს ლევან ასათიანი:

„მე წავედი ბესიკის ქუჩაზე და ვინახულე მოხუცი ქალი. მას მოსამსახურე დედაკაცი ჰყავდა. ოლღაზე მეუბნებოდნენ, რომ ის სრულ გონებაზე არ არისო, მაგრამ ჩემთან საუბარში მას არაფერი გამოუჩენია ისეთი, რომ არანორმალურად ჩამეთვალა. ჩემს შეკითხვაზე, ხომ არაფერი გჭირდებათ, ხომ არაფერი გაკლიათ-თქო, მან მიპასუხა: ერთადერთი რაც მაკლია, ეს არის ჩემი დაუვიწყარი ილია, რომელიც 19 წელიწადია აღარა მყავსო, სხვაფრივ კი მე არაფერი მიჭირს, ყველაფერი მაქვსო“.

თუმცა სხვა ცნობებით, ჯანმრთელობის მხრივაც დიდად უჭირდა და - მატერიალურადაც. თითქმის სრულად დაყრუებული ყოველ დილით ემზადებოდა წასასვლელად, „სადღაც მიდიოდა... მოაგროვებდა თავის ნივთებს, ხელსახოცში გახვევდა, ფუთასავით გაკრავდა და სულ ასე...“

ერთხელ გალაკტიონი ქუჩაში შეხვედრია ოლღა გურამიშვილის მომვლელ ქალს და მისი ბედით დაინტერესებულა, შეხვედრის შემდეგ კი დღიურში ჩაუწერია:

„მარია ლავ. ლუკიანოვა 20 წელი უვლიდა დაავადებულ ოლღას, იყო მისი მზარეული, ფერშალი, შინამოსამსახურე, ერთი სიტყვით - ყველაფერი. ამავე დროს დიდ გაჭირვებას იტანდა პერიოდულად უსახსრობის გამო. პენსიას იღებს 30 მანეთს. შეტანილი აქვს განცხადება მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან.“

გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე

ასე იყო თუ ისე, ილიას მკვლელობიდან 20 წლის თავზე ოლღაც გარდაიცვალა. დაკრძალეს ქმრის გვერდით, მთაწმინდაზე. ცოლ-ქმარს არ უყვარდა უერთმანეთოდ დიდხანს ყოფნა. აკი, იმ საბედისწერო დღესაც ერთად იყვნენ წიწამურში. იშვიათი, რამდენიმედღიანი განშორების დროსაც კი წერილების წერას იწყებდნენ. ილიას ერთი წერილი ასე მთავრდება:

„სრულს ჩემს მშვიდობიანობას და სიკეთეს შენღა აკლიხარ. ერთი, მოდი ჩქარა...”

ჰოდა მივიდა კიდეც, 1927 წლის 29 აპრილს...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG