Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის „რუხი კარდინალი“, მკითხავ-ასტროლოგი და მილიონების გათეთრება - რას ედავება პროკურატურა ანდრიი ერმაკს?

ანდრიი ერმაკი და ასტროლოგი ვერონიკა, რომლის რჩევებსაც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებდა.
ანდრიი ერმაკი და ასტროლოგი ვერონიკა, რომლის რჩევებსაც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებდა.

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მარჯვენა ხელი, ანდრიი ერმაკი, ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს. გამოძიებაში ფიგურირებს ელიტური უძრავი ქონება, 460 მილიონი გრივნა და „ვერონიკა ფენშუი“ - ასტროლოგი, რომელსაც, პროკურატურის თქმით, ერმაკი საკადრო დანიშვნებზე ეთათბირებოდა.

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკს, კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებლის მშენებლობის გზით ფულის გათეთრების საქმეზე ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ერმაკს შეეძლება გათავისუფლება ზედამხედველობისა და სასამართლოში გამოცხადების ვალდებულების პირობით, თუ 140 მილიონი გრივნის (დაახლოებით 3,2 მილიონი დოლარის) ოდენობის გირაოს გადაიხდის. თავდაპირველად პროკურატურა 180 მილიონი გრივნის გირაოს ითხოვდა.

გირაოს გადახდის შემთხვევაში ერმაკს დაეკისრა ვალდებულება, არ დატოვოს კიევი, ატაროს სპეციალური სამაჯური, ჩააბაროს უცხოური პასპორტები და თავი შეიკავოს სისხლის სამართლის საქმეში ნახსენებ რამდენიმე პირთან (მათ შორის ტიმურ მინდიჩთან, ყოფილ ვიცე-პრემიერ ალექსეი ჩერნიშოვთან და ასტროლოგ ვერონიკა ანიკიევიჩთან) ურთიერთობისგან.

„მე ასეთი ფული არ მაქვს, მხოლოდ ის მაქვს, რაც დეკლარაციაშია მითითებული — 2019 წლის „მერსედესი“ და სამოთახიანი ბინა კიევის ცენტრში“, — განაცხადა ერმაკმა სასამართლოში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჰყავს „საკმარისად ბევრი მეგობარი და ნაცნობი“ და იმედოვნებს, რომ „ისინი მის დახმარებას შეძლებენ“.

ანდრიი ერმაკი (მარჯვნივ) სასამართლო პროცესზე. 12 მაისი, 2026 წ.
ანდრიი ერმაკი (მარჯვნივ) სასამართლო პროცესზე. 12 მაისი, 2026 წ.

„როგორც ადამიანი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც ბევრი ამბობდა, რომ კიევი რამდენიმე საათში ან დღეში დაეცემოდა, კიევსა და პრეზიდენტის ოფისში დარჩა... მე საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ“, — განაცხადა ერმაკმა, როდესაც ციხის საკანში მოხვედრის შესაძლებლობაზე ჰკითხეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. „მე დავრჩები უკრაინაში... არაფერი მაქვს დასამალი, - განაცხადა მან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, - გავასაჩივრებ და გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ საშუალებას სამართლიანობისა და სიმართლის მისაღწევად“.

ერმაკი უარყოფს ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი „ზეწოლის ქვეშ“ მიმდინარეობს, საქმე კი „სრულიად ცარიელია“. უკრაინული გამოცემა Лівий берег-ის შეკითხვის პასუხად, ერმაკმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „სამართალდამცავ ორგანოებზე საჯარო ზეწოლის“ შედეგია.

11 მაისს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (САП-ი) ოფიციალურად აცნობეს ერმაკს, ბოლო დრომდე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს, რომ ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში. ერმაკს ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციის მუხლით. НАБУ-სა და САП-ის ვერსიით, ერმაკი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების ჯგუფთან (რომელთა შორისაც ტიმურ მინდიჩი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი ფიგურირებენ) ერთად შესაძლოა მონაწილეობდა დაახლოებით 460 მილიონი გრივნის (10,5 მლნ დოლარის) გათეთრების სქემაში, რომელიც კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებლის („დინასტია“) მშენებლობას უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, 2021-2025 წლებში უკანონო წარმოშობის ფული „დინასტიის“ კოტეჯური დასახლების ოთხი რეზიდენციის მშენებლობაში იდებოდა, ერმაკი კი ერთ-ერთი მათგანის მფლობელი უნდა გამხდარიყო.

ანდრიი ერმაკს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა და ის ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნეოდა. ერმაკი 2025 წლის 28 ნოემბერს გაათავისუფლეს თანამდებობიდან ე.წ. მინდიჩგეიტის — სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" ირგვლივ აგორებული იმ მასშტაბური კორუფციული სკანდალის პიკზე, რომლის ცენტრში ზელენსკის მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი იდგა. 28 ნოემბრის დილით НАБУ-მ ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა მაშინ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თავად ერმაკი აცხადებდა, რომ საკუთარ თავს „პატიოსან და წესიერ ადამიანად“ მიიჩნევს.

ერმაკის მკითხავი

ვინ არის „ასტროლოგი ვერონიკა ანიკიევიჩი“, ვისთან ურთიერთობაც სასამართლომ ერმაკს აუკრძალა?

სასამართლო სხდომის მსვლელობისას სახელმწიფო ბრალმდებელმა არაერთხელ ახსენა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის სატელეფონო საუბრები "კონტაქტთან", რომელიც ერმაკის ტელეფონში „ვერონიკა ფენშუი ოფისის“ სახელით იყო ჩაწერილი.

როგორც САП-ის პროკურორები ამტკიცებენ, „ვერონიკასთან“ ანდრეი ერმაკი უმაღლეს თანამდებობებზე (მათ შორის მინისტრების და პრემიერ-მინისტრის) დანიშვნას ათანხმებდა. 2020 წელს, ერმაკის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა დენის შმიჰალი, 2025 წლის ივლისში კი - იულია სვირიდენკო.

ანტიკორუფციული პროკურატურის მონაცემებით, „ვერონიკა ფენშუი ოფისი“ აღმოჩნდა ვერონიკა ანიკიევიჩი. რადიო თავისუფლების საგამოძიებო ჯგუფმა „სქემებმა“ გაარკვია, ვინ იმალება ამ სახელის უკან.

ვერონიკა ანიკიევიჩი
ვერონიკა ანიკიევიჩი

ანიკიევიჩი 51 წლის კიეველი ქალია, რომელიც საკუთარ თავს „ასტროლოგიის კონსულტანტს“ უწოდებს. სოციალურ ქსელებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს ერმაკს, ხოლო მომხმარებელთა კონტაქტებში, „ვერონიკა ფენშუი ოფისის“ გარდა, ჩაწერილი იყო, როგორც „ვერონიკა კონსულტ. ა.ბ.“ და „Veronika Anikievich/ერმაკის მკითხავი“.

ვერონიკა ანიკიევიჩი, ქალიშვილობის გვარით დანილენკო, საკუთარ თავს ტელეგრამ-არხ „მთვარის საათების“ ავტორად ასახელებს. არხის აღწერაში წერს, რომ ასტროლოგიურ კონსულტაციებს ატარებს: „ასტროლოგია. ვაერთიანებ პარადოქსულს. ვმუშაობ ჩინური ასტროლოგიური სისტემის ცი მენ დუნ ძიას ინსტრუმენტებითა და დასავლური კლასიკური ასტროლოგიით“.

ანიკიევიჩი უკრაინაში 2024 წლიდან რეგისტრირებულია, როგორც ფიზიკური პირი-მეწარმე (ინდმეწარმის ანალოგი), ხოლო საქმიანობის სფეროდ მითითებული აქვს „სხვადასხვა ინდივიდუალური მომსახურების გაწევა“.

დასაქმების საიტებიდან გაჟონილ მონაცემებში „სქემებმა“ იპოვა მისი რეზიუმეც, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ერმაკის მკითხავს“ დამთავრებული აქვს ხერსონის ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით „ფინანსური ანალიზი, კონტროლი და მენეჯმენტი“.

„სქემების“ ჟურნალისტებმა ანიკიევიჩ-დანილენკოს ფეისბუკ-ანგარიშიც აღმოაჩინეს. იგი ერმაკისთვის ბრალის წარდგენას ასე გამოხმაურებია:

„ყველაფერი НАБУ-ს, САП-ის ნაძირალებითა და ტომაშ ფიალას იმ ტურებით დაიწყო, რომლებიც მთელ ამ ბოდვებს მედიაში ატრიალებენ. ეს არის ტრამპ-პუტინის სპეცოპერაცია უკრაინის კაპიტულაციისთვის“.

ვერონიკა ანიკიევიჩი
ვერონიკა ანიკიევიჩი

„სქემებმა“ ასევე გააანალიზეს კომენტარები, რომლებსაც ანიკიევიჩი სხვადასხვა ტელეგრამ-ჩატში ტოვებდა. კერძოდ, 2025 წლის 30 ნოემბერს, ანდრეი ერმაკის გადადგომიდან ორი დღის შემდეგ, მან დაწერა:

„საკითხავი ის კი არ არის, სად წავიდა ერმაკი, საკითხავია, საით მივდივართ ჩვენ, მთელი ქვეყანა“.

სხვა მომხმარებლებთან დიალოგში წერდა: „რა შუაშია აქ ერმაკი?? ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ და არა ერმაკს, ტვინი ჩართეთ“.

იმავე დღეს ანიკიევიჩ-დანილენკომ ერთ-ერთ შეტყობინებაში ახსენა უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები, რომლებიც ახლა მისი ყველაზე გავლენიანი კლიენტის საქმეს იძიებენ.

„მე ვწერ იმაზე, რომ НАБУ და САП-ი რუსებს მიეყიდნენ და უკრაინის კაპიტულაციის მიღწევაში ეხმარებიან მას, თქვენ კი ერმაკზე მელაპარაკებით. ერმაკი წავიდა, მაგრამ ქვეყანას პრობლემები დარჩა“.

სხვა მომხმარებლებთან მიმოწერაში ანიკიევიჩმა უკრაინის პრეზიდენტიც ახსენა:

„თქვენ უბრალოდ არ იცით, რას აკეთებენ НАБУ და САП-ი — მათ ფონზე „ზელია“ ფრთიანი ანგელოზია“.

2015 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ანიკიევიჩი ნახევარკუნძულზე იმყოფებოდა, რის შესახებაც თავად წერდა სოციალურ ქსელებში.

„სქემებმა“ ასევე დაადგინა, რომ მისი მამა, ფიოდორ ანიკიევიჩი, რუსეთის მოქალაქეა. 2015 წელს იგი ხერსონის ოლქის ქალაქ გენიჩესკში „ოპოზიციური ბლოკის“ რაიონულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

იმავე წელს „ვერონიკა ფენშუის“ მამა რადიო თავისუფლების პროექტის, Krym.Realii-ს ჟურნალისტებს უხსნიდა, თუ რატომ დაუჭერდა გენიჩესკის მოსახლეობა რაიონული საბჭოს არჩევნებში მხარს „ოპოზიციურ ბლოკს“: „პირველი და მთავარი ფაქტორი — უკეთესის სურვილს ტოვებს პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. ასევე, განა ვინმესთვის საიდუმლოა, რომ გაწვევის ასაკის კაცები სამხედრო კომისარიატს გაურბიან? ეს ომი საჭირო არ არის“.

ფიოდორ ანიკიევიჩი ასევე აღნიშნავდა, რომ მისი თანაპარტიელები უკრაინის მტრები არ არიან, თუმცა „რუსეთს პატივისცემით ეპყრობიან“.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, სადაც იგი 2025 წლის მაისში გეორგიევსკის ლენტებითა და რუსეთის დროშებით პოზირებს, ანიკიევიჩი კვლავ ცხოვრობს აწ უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ გენიჩესკში.

„სქემებმა“ კომენტარისთვის ვერონიკა ანიკიევიჩს მიმართა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა საკუთარი ვინაობა დაასახელა, ქალმა ტელეფონი გათიშა.

ფიოდორ ანიკიევიჩი
ფიოდორ ანიკიევიჩი

12 მაისს САП-ის პროკურორმა ვალენტინა გრებენიუკმა სასამართლოში განაცხადა, რომ იმ პირებს შორის, რომელთა დანიშვნებიც ერმაკს მკითხავთან განუხილავს, იყვნენ უკრაინის მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ტატაროვი (ტატაროვმა ეს თანამდებობა 2020 წლის აგვისტოში დაიკავა).

გრებენიუკის თქმით, ერმაკი ასევე ანიკიევიჩთან განიხილავდა სახელმწიფო საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე იგორ ლისოის დანიშვნის საკითხსაც.

რატომ დუმს ზელენსკი

უნდა გამოეხმაუროს თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი ერმაკის საქმეს? - რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ დასმული ამ კითხვის პასუხად პოლიტოლოგმა იგორ რეიტეროვიჩმა განაცხადა:

„ვფიქრობ, წმინდა პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, პრეზიდენტს ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთების აზრი არც აქვს. ვგულისხმობ წმინდა ტექნოლოგიური კუთხით. შეხედეთ, ერმაკი ფიგურირებს საქმეში, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი კავშირი არ აქვს იმ ქმედებებთან, რასაც იგი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის რანგში აკეთებდა — მოლაპარაკებებთან და სხვა მსგავს საკითხებთან. თანაც, ერმაკი უკვე დიდი ხანია თანამდებობაზე აღარ არის. ანუ პრეზიდენტს შეუძლია იფიქროს და თქვას: რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი, ეს ადამიანი სისტემაში აღარ მუშაობს და მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს...“

პოლიტოლოგის თქმით, ერმაკის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყების შემდეგ პრეზიდენტის რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა.

„ზელენსკი ამ საქმეში განსაკუთრებით ჩართული არ ჩანს და სამართალდამცავი ორგანოები მისით არც ინტერესდებიან. შესაძლოა ბოლომდე ასე გაგრძელდეს. სხვათა შორის, ამის შესახებ პირდაპირ თქვეს НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებმაც“, - ამბობს იგორ რეიტეროვიჩი, რომლის თქმითაც, ორიოდე დღეში უნდა გამოქვეყნდეს პოლიტიკოსების ნდობის რეიტინგები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, აჩვენებენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პრობლემები არ აქვს.

ანდრიი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი
ანდრიი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელი პოლიტოლოგის თქმით, შესაძლოა ფულის გათეთრების ბრალდებაზე მეტად მძიმე საქმე აღმოჩნდეს „მკითხავი ქალის“ სკანდალი: ადამიანი, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა, ცდილობდა გავლენის მოხდენას და რეალურად ახდენდა კიდეც გავლენას სხვადასხვა თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნაზე — თან ისეთ პოზიციებზე, რომლებთანაც მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

„აქ სახეზეა ჩრდილოვანი გავლენების, პოლიტიკური კორუფციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. ახლა ჰიპოთეზურად ვსაუბრობ, როგორ დაკვალიფიცირდება ეს და საერთოდ დაკვალიფიცირდება თუ არა, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს შესაძლებელია. აი, მაშინ კი პრეზიდენტს მოუწევს კომენტარის გაკეთება. მაგრამ სანამ ასეთი რამ არ მომხდარა, წმინდა პოლიტტექნოლოგიური კუთხით, ამის გაკეთებას რა აზრი აქვს? ეს თემა სამ-ოთხ დღეს იცოცხლებს, გირაოს შეიტანენ, ერმაკი თავისუფლებაზე გამოვა და შემდეგ ყველაფერი უბრალოდ სასამართლო პროცესების რეჟიმში გადავა”, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს პოლიტოლოგმა იგორ რეიტეროვიჩმა.

15 მაისის მდგომარეობით, როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროები აცხადებენ, თანხას, რომელიც ერმაკის გირაოს დასაფარად გროვდება, ფეხბურთელმა სერგეი რებროვმა 30 მილიონი გრივნა დაამატა. რებროვმა 2026 წლის აპრილში უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის უკვე 44,5 მილიონი გრივნაა შეტანილი. სრულ თანხას დაახლოებით 95,4 მილიონი აკლია.

ერმაკის ფენომენი

როგორ შეძლო ანდრიი ერმაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობის სულ რაღაც ცხრა თვეში თითქმის ვიცე-პრეზიდენტად ქცევა? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მრავალია წელია ცდილობენ ადგილობრივი და საერთაშორისო მიმომხილველები.

ანდრიი ერმაკი ზელენსკის გუნდს შეუერთდა 2019 წელს, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტი გახდა. თავდაპირველად იგი საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე იყო. როგორც პოლიტიკური მიმომხილველები შენიშნავენ, 2020 წლის განმავლობაში მისი გავლენა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. მოკლე დროში ერმაკმა პრეზიდენტისთვის ფაქტობრივად ერთდროულად ჩაანაცვლა საგარეო საქმეთა მინისტრი, პროტოკოლის ხელმძღვანელი, სპეციალური წარმომადგენელი, HR-სამსახური და პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ბოგდანი. საბოლოო ჯამში, ერმაკმა ერთდროულად ორი საკვანძო პოზიცია დაიკავა: ის იყო როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ისე მოსკოვსა და ვაშინგტონთან მთავარი მომლაპარაკებელი. და რაც მთავარია — ერმაკი პრეზიდენტთან რეალურად ყველაზე დაახლოებულ ადამიანად იქცა (2025 წლის შემოდგომის ბოლომდე).

ანდრიი ერმაკი, 2020 წ.
ანდრიი ერმაკი, 2020 წ.

ანდრიი ერმაკი — უკრაინელი იურისტი, პროდიუსერი და სახელმწიფო მოხელე, დაიბადა 1971 წელს კიევში. 1990-იან წლებში იურიდიულ და ბიზნეს სფეროში მუშაობდა. მოგვიანებით კინო- და ტელეპროდიუსერობითაც იყო დაკავებული. ერმაკი განსაკუთრებით აქტიური იყო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში; სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში; დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში; ომის პერიოდში საერთაშორისო დიპლომატიურ კოორდინაციაში.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან, ერმაკი ხშირად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიასა და დიპლომატიურ შეხვედრებზე. ამ დროიდან მოყოლებული ანდრიი ერმაკის გავლენა ბევრად გასცდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ჩვეულებრივ ფუნქციებს. ერმაკი მიიჩნეოდა ზელენსკის ერთ-ერთ ყველაზე ნდობით აღჭურვილ პირად. უკრაინულ პოლიტიკაში ხშირად ამბობდნენ, რომ პრეზიდენტთან პირდაპირი წვდომა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფორმალური თანამდებობა, ერმაკს კი ეს წვდომა ჰქონდა. ანალიტიკოსების ნაწილი მას „პრეზიდენტის ფილტრსაც“ უწოდებდა: ბევრი გადაწყვეტილება, შეხვედრა და თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ მისი გავლით ხდებოდა.

უკრაინულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ერმაკი აქტიურად მონაწილეობდა:

  • მინისტრების შერჩევაში;
  • ძალოვანი სტრუქტურების კადრების დანიშვნაში;
  • გუბერნატორებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების არჩევაში.


ოპონენტები მას „არაფორმალურ პრემიერ-მინისტრსაც“ კი უწოდებდნენ. 2022 წლის შემდეგ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ერმაკის როლი კიდევ უფრო გაიზარდა. ერმაკი ხშირად მონაწილეობდა მაღალი დონის შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო. მისი კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ერმაკი ცდილობდა ძალაუფლების მაქსიმალურად ცენტრალიზებას პრეზიდენტის ოფისში. სწორედ ამიტომ მას ხშირად ადარებდნენ „რუხ კარდინალს“, საუბრობდნენ მის არაფორმალურ გავლენებზე და ამტკიცებდნენ, რომ ბევრი გადაწყვეტილება კულისებში მიიღებოდა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG