Accessibility links

“ცუდი დედა”, რომელსაც შვილები უყვარდა


“ჭიამაიავ, ჭიამაიავ” (1994, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი კენ ლოუჩი)

შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ მედიას სულ დაავიწყდა მარიამ გეთიაშვილის ამბავი. არადა, ახლახან მოხდა: თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში თავისი დღენაკლული შვილის წამოსაყვანად მისულ მარიამს სოცმუშაკმა გამოუცხადა, რომ მას ბავშვი ჩამოართვეს. იმ დღეებში ჩემმა კოლეგამ, ნინო თარხნიშვილმა, ამაღელვებელი რეპორტაჟი დაწერა.

როგორც აღმოჩნდა, პირველი ქორწინებიდან მარიამს 2 შვილი ჰყავს, რომლებიც მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ამბობს, რომ პირველი ქმარი განუწყვეტლივ სცემდა. ჰყვება შემზარავ ისტორიებს პირველ ქორწინებაზე და იმაზეც, როგორ უჭირს დღეს ოჯახს.

მერე მარიამი ტელევიზორშიც ვნახე. რომელიღაც არხზე თქვა, მაბრალებენ, რომ ბავშვებთან ერთად ვმათხოვრობო.

რა ვიცი, აბა? შეიძლება არ აბრალებენ. შეიძლება მართალიცაა. შეიძლება შვილებს ცუდად ეპყრობა. მაგრამ როგორი არგუმენტებიც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, დედისთვის ბავშვის წართმევა არანაკლები ძალადობაა. ეს უკიდურესი ქმედება, პირველ რიგში, სახელმწიფოს უსუსურობას გამოხატავს, უსუსურობას და სისასტიკეს.

არადა, ნახეთ, როგორ ადვილად ეწყობა ყველაფერი: მარიამი ძალადობის მსხვერპლია. თუკი ძალადობის მსხვერპლია, თავადაც ხომ შეიძლება ძალადობდეს ბავშვებზე? რამდენი ასეთი ისტორია ვიცით, რამდენი რამ გაგვიგია მშობლებზე, რომლებიც ბავშვებს აიძულებენ იმათხოვრონ. ბავშვები ეხვეწებიან დედას, ეუბნებიან, რომ რცხვენიათ ქუჩაში დგომა, მაგრამ მათ მაინც აძალებენ, ხოლო თუკი სახლში ვერაფერი შემოიტანეს, აშინებენ, სცემენ.

ეს ისტორიები რომ იცით, იფიქრებთ, ალბათ: რატომ უნდა დავუჯეროთ ვითომ მარიამს და არა სოცმუშაკებს? რატომ არ უნდა დავდგეთ სახელმწიფოს მხარეზე? მაშინ ხომ ადვილად მოგვარდება ყველაფერი. თანაც, ბოლოს და ბოლოს, ვინაა ეს მარიამ გეთიაშვილი? რატომ უნდა გახდეს ის მედიისთვის საინტერესო პანდემიის ეპოქაში, მღვდლები ანტონებისა და შალვების ეპოქაში, “გოიმი ოპოზიციის” ეპოქაში, “ქართულ-ჯიგრული” კორუფციის ეპოქაში... ვისთვისაა საინტერესო ღარიბი ქალი, რომელიც ისე ყვირის, ისე მოთქვამს, რომ შეიძლება მისი სიტყვები ვერც გაარჩიოთ. ამ ქალებს ტელევიზორში მხოლოდ მაშინ უჩვენებენ, როცა ისტერიკა ეწყებათ.

ბრიტანელი რეჟისორის, თანამედროვე კინოს ცოცხალი კლასიკოსის, კენ ლოუჩის ფილმი “ჭიამაიავ, ჭიამაიავ” პირველად 1994 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში უჩვენეს. სურათის პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციამდე მედიასთან შეხვედრა გამართა სოფი ლორენმა, რომელსაც კინოში გაწეული ღვაწლისათვის “ბერლინალეზე” საპატიო “დათვი” გადასცეს. ყველაფერი მზად იყო კენ ლოუჩის

პრესკონფერენციის დასაწყებად, მაგრამ როგორც კი მოდერატორმა ფილმის რეჟისორი და მსახიობები წარადგინა, მთავარი როლის შემსრულებელს, კრისი როკს, ჯერ თვალზე ცრემლი მოადგა, შემდეგ კი, როცა ლაპარაკი დაიწყო, თავი ვერ შეიკავა და ატირდა: “ამ სკამზე ჩემამდე სოფი ლორენი იჯდა. ამას როგორ წარმოვიდგენდი. კინოში პირველად გადამიღეს. აზრზე არ ვიყავი როგორ უნდა მოვქცეულიყავი კამერის წინ. ერთი მოუვლელი კაბარეს მსახიობი ვარ. ეს ოვაციები, პირველ რიგში, კენ ლოუჩს ეკუთვნის. ჩვენ იმას ვაკეთებდით, რასაც რეჟისორი გვეუბნებოდა”. აბა, იმას როგორ წარმოიდგენდა კრისი როკი, რომ 10 დღის შემდეგ ბერლინის ფესტივალი მას “ვერცხლის დათვს” გადასცემდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

“ჭიამაიავ, ჭიამაიავ” ჩემი ფავორიტია კენ ლოუჩის შემოქმედებაში. იმ პრემიებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებითაც ლოუჩის სხვა ფილმები აღნიშნეს, ეს სურათი ცოტათი დაუფასებელიცაა. ხომ ხედავთ, “ბერლინალემ” მხოლოდ დებიუტანტი მსახიობის ნამუშევარი მოიწონა. ლოუჩი თითქმის ყველა ნამუშევარში ცხადად ამბობს თავის სათქმელს, ყოველთვის უკომპრომისოდ, ზოგჯერ სწორხაზოვნად ამხელს სისტემას, სახელმწიფოს, საზოგადოებას უბრალო ადამიანის, “პატარა ადამიანის” მიმართ გულგრილობაში. ეს უყვართ ლოუჩის შემოქმედებაში მის თაყვანისმცემლებს, ეს უკომპრომისობა, პრინციპულობა, სამართლიანობა. კენ ლოუჩი, მგონი, უკანასკნელი კლასიკოსია, რომელიც სიციალურ კინოს იღებს და არანაირი აგრესია არა აქვს იმ კრიტიკოსების მიმართ, ვინც მისი ფილმების მეთოდს ნათლავს როგორც “სოციალისტურ რეალიზმს”. სტილისტურად “ჭიამაიავ, ჭიამაიავ” ძალიან ჰგავს კენ ლოუჩის სხვა ფილმებს: რეპორტაჟის სტილი, ატმოსფეროს გამოხატვის პროცესში აქცენტი ადამიანის სახეზე, ნერვიული კამერა, რომელიც ზოგჯერ მსახიობზე

მეტად ქმნის განწყობილებას. ავტორის პოზიციაც არ იცვლება თითქოს - კენ ლოუჩი, მართლაც რომ, “თანამედროვე ჩაპლინია”, მისი კამერა შეაღწევს უსახურ სივრცეში, ნაცრისფერ გარემოში, როგორც კრისი როკი იტყოდა, “მოუვლელ კაბარეში” და აარჩევს ყველაზე დაუცველ ადამიანს. თავადაც წერს სადღაც, “მხოლოდ მაღალი და საშუალო კლასის წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს უფლება გახდეს დრამატული ნაწარმოების გმირიო”. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: თუკი გვიანდელ ფილმებში კენ ლოუჩი უმოქმედობაში ადანაშაულებს სახელმწიფოს, გულგრილობაში სდებს ბრალს სისტემას, მედიას; შეიძლება ითქვას, ანადგურებს ნეოლიბერალურ პოლიტიკას, “ჭიამაიავ, ჭიამაიავ”, სწორედაც რომ, პირიქით, სახელმწიფოს და სოციალური დაცვის ორგანიზაციებს წარმოგვიდგენს მონსტრებად, რომლებიც ქალს ყველაზე ძვირფასს ართმევენ - შვილებს. ამ თვალსაზრისით, “ჭიამაიაში” ლოუჩი უფრო ანარქისტია, ვიდრე სოციალისტი. პატერნალიზმი და სახელმწიფოს მზრუნველობა ამ ფილმში ლამის დანაშაულის ტოლფასია. ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქვამს ფილმის მთავარი გმირის, მაგის ტრაგედიას მაყურებელი. ფილმის ბოლომდე ჩვენ “ცუდ დედად” მონათლული ქალის მხარეს ვართ და არა კეთილი და მზრუნველი სოცმუშაკების.

ამ კვირაში, როცა ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ქალისა და მამაკაცის კონფლიქტში ისევ მამაკაცს დაუჭირა მხარი, ისევ დაიწყო მსჯელობა “ცუდ დედაზე”, “ცუდ ცოლზე”, რომელიც “ყველაფრის მკადრებელია”, სწორედ კენ ლოუჩის ფილმის ხელახლა ნახვის სურვილი გამიჩნდა. მარიამ გეთიაშვილის ამბავიც თავიდან გავიხსენე და აღმოვაჩინე, რომ მარიამის უფლებებს იცავს ორგანიზაცია “

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომლის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის, ადვოკატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG