Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი რელიგიის შესახებ და ქმედითი სახელმწიფო - რას ითხოვენ ადიგენში სასულიერო პირები


მეჩეთი სოფელ ჭელაში, ადიგენის მუნიციპალიტეტი
მეჩეთი სოფელ ჭელაში, ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას სახელმწიფო არ ჩქარობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამტკიცებს, რომ საქართველოში რწმენის თავისუფლება დაცულია.

უწყება მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, პოლიტიკოსებს კი აფრთხილებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისგან. 8 მარტს მომხდარმა დაპირისპირებამ მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის განაახლა მსჯელობა რელიგიის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. ამ კანონის მიღებას, როგორც წესი, საქართველოში დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები ითხოვენ.

მერაბ მიქელაძის სახლი, სადაც 8 მარტს ინცინდენტი მოხდა
მერაბ მიქელაძის სახლი, სადაც 8 მარტს ინცინდენტი მოხდა

ადიგენში, წერეთლის #18-ში მდებარე მეჩეთადქცეული სახლი, სადაც 8 მარტის საღამოს დაპირისპირება მოხდა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებსა და მუსლიმებს შორის, დაკეტილია. დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს - თუმცა ხედვა იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მსგავსი ინციდენტების შესამცირებლად, განსხვავებულია. სახელმწიფოსგან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს ყველა სახის დარღვევაზე ადიგენის მუსლიმი მოსახლეობა, მართლმადიდებლები კი, ვისაც რადიო თავისუფლება საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ესაუბრა, ამბობენ რომ "ქრისტიანებით დასახლებულ დაბაში მეჩეთის ფუნქციონირებას" შეეწინააღმდეგებიან.

,,ყველა სოფელში მეჩეთები აქვთ, რაღა მეჩეთს ითხოვენ, თვითონაც ხომ უნდა შეიგნონ, რაზე მოდიან პროვოკაციაზე? მაგათ უნდა დაბაში მეჩეთის გახსნა, ეგ მიზანი აქვთ - ღორძეში მეჩეთი აქვთ, ჭელაში მეჩეთი აქვთ, ყველა სოფელში მეჩეთი აქვთ“, - ამბობს სოფელ ფლატეს მკვიდრი თამაზ ლობჟანიძე.

,,სახლებთან ხომ აქვთ მეჩეთები, ყველა სახლთან აქვთ თითქმის, 70% ასეა. თუ უნდათ, რომ ზევიდან მოგვექცნენ ჩვენ, ასე არ გამოვა. სხვანაირი საქმე წავა ამის შემდეგ. არ შეიძლება ასე“, - ამბობს სოფელ მლაშეს მცხოვრები თენგიზ გობეჯიშვილი.

ქრისტიანული ეკლესიის მრევლის წევრების პოზიცია ფაქტობრივად იდენტურია იმ სასულიერო პირების პოზიციისა, რომლებიც 8 მარტის დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ სახლში, სადაც მეჩეთი ფუნქციონირებს და სადაც ის ჭულეს მონასტრის წინამძღვარ მამა ანთომოზთან და დაბის მოძღვარ მამა რევაზთან ერთად მივიდა უკმაყოფილების გამოსახატად, ადგილობრივები არ დადიან სალოცავად. მეტიც, მისი თქმით, თავად ეს მეჩეთი არ ემორჩილება არც სამცხე-ჯავახეთის მუფთს და არც ბათუმის მუსლიმთა სამმართველოს.

„მაშ ვის ემორჩილებიან, ვინ არის ეს ხალხი, საიდან მოდის და ვის ინტერესებს ატარებენ? უნდა იცოდეს, რომ ადგილის მონიშვნა არ გამოვა, ამას არავინ შეეგუება.

ვფიქრობ, რომ კანონი აუცილებლად მისაღებია, რომ დარეგულირდეს სადავო საკითხები და მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს. თუკი ვინმე დადის მაგ მეჩეთში, დადიან ჭელიდან, ზანავიდან, დერცელიდან, მოხიდან და ა.შ. ყველა ამ დასახელებულ სოფელში არის მეჩეთი და ამ მხრივ ლოცვის პრობლემა არ გააჩნიათ.

მაგალითად, ყარათუბანში ვაშენებდით ეკლესიას, მაგრამ შეგვიჩერეს, რადგან ნებართვაში იყო ლაფსუსი გაპარული. ახლა ვკითხულობ, მე თუ მჭირდება ნებართვა, მათ როგორ შეუძლიათ ნებართვის გარეშე ფუნქციონირება? მათ არ ჭირდებათ რეგულაცია? აუცილებელია, რომ კანონი იქნას მიღებული და მჯერა, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ამ კანონს აუცილებლად მიიღებს. ყველამ უნდა იცოდეს, რისთვის გამოიყენება ესა თუ ის შენობა, რომ შემდგომში არ მოხდეს დაპირისპირება, ეს სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა იყოს“, - ამბობს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი. რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში 90-იანი წლებიდან დგას და სხვადასხვა პერიოდულობით არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. თუმცა, იმის გამო, რომ რელიგიის თავისუფლების სფეროში სპეციალური კანონის მიღება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზებისა და მცირე რელიგიური ჯგუფების დისკრიმინირების მაღალ რისკებს ქმნის, კანონზე მსჯელობას ყოველთვის მოჰყვებოდა მძაფრი კრიტიკა სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან.

სამუფთო სამმართველოს რომ არ ემორჩილება ადიგენის სადავო მეჩეთი, ამას ადასტურებს სოფელ ჭელის მეჩეთის ხელმძღვანელი, ჯამბულ აბულაძეც.

„ეს არის კერძო, იურიდიული პირის საკუთრება და ასეთი ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. ჩემთვის გაუგებარია ისიც, რატომ არ საუბრობენ თავად პანსიონის ხელმძღვანელები [მერაბ მიქელაძე და ჯამბულ კახაძე - რ.თ.] მომხდარის შესახებ. უნდა გამოვიდნენ და ისაუბრონ, აუხსნან საზოგადოებას რას საქმიანობენ, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს.

მაგალითად, აღნიშნული სკოლა-პანსიონი, თუ კანონის ნორმებს ექვემდებარება და შეუძლია იფუნქციონირონ, ვინ უნდა შეუწყვიტოს მათ ფუნქციონირების უფლება. თუ არ შეესაბამება, მაშინ ვინ უნდა დართოს ნება? თქვეს, რომ ორშაბათს მოხდება შეხვედრა. არ მესმის, რისთვის უნდა შედგეს შეხვედრა. თუ ამ ხალხს ეკუთვნის, მაშინ რისთვის იმართება ეს შეხვედრა, თუ არა და, მით უმეტეს, რისთვის არის საჭირო ეს შეხვედრა?“ - კითხულობს ჯამბულ აბულაძე. შეხვედრა, რომელსაც ის ახსენებს, 11 მარტს არის დაგეგმილი შექმნილი დაძაბულობის განსამუხტად. არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე ორივე კონფესიის წარმომადგენლები.

„დღეს დემოკრატიაა და დაშვებულია, სადაც გვინდა იქ ვილოცებთ. მუფთი ადამ შანთაძე ჩამობრძანდება, დაილაპარაკებენ და მოგვარდება ალბათ. მე ასე ვიცი, რომ პანსიონატია და ლოცვაც დაშვებულია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფელ ჭელის მკვიდრი იური შანთაძე.

ის, რომ სახლი, სადაც მეჩეთი ფუნქციონირებს, სადავო ტერიტორია გახდა, უკვირთ ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმებს. მათი ნაწილისთვის ესაა ადგილი, სადაც პარასკევის ლოცვისთვის ის ადამიანები იკრიბებიან, ვინც სხვადასხვა სოფლიდან ადიგენში სამუშაოდ დადის და ლოცვამდე უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. 8 მარტსაც, როცა ადიგენში მეჩეთად ქცეულ სახლს 200-მდე ადამიანი დაესხა თავს ქრისტიანი სასულიერო პირების მეთაურობით, იქ მხოლოდ 4 ადამიანი იმყოფებოდა და პარასკევის ლოცვას (ჯუმას) აღავლენდა.

„უნდა გამოინახოს საერთო ენა და რაღაცაზე უნდა შეჯერდეს სახელმწიფო, რაიონი. როგორ არ არიან მუსლიმები დაბაში? ადიგენში არის გამგეობა და სამუშაოდ დადის ხალხი, პარასკევის ლოცვა რომ შეასრულონ იქ, მგონი, რომ არ არის მაგაში პრობლემა. სხვა ლოცვები კი მანდ არ სრულდება. შენობა, როგორც ვიცი, კერძო საკუთრებაა და კერძო საკუთრებაში ლოცვა თუ არ არის დასაშვები, მაშინ სახლშიც არ უნდა ვილოცოთ. თავიდან სასწავლებელი იყო, ეგ აიკრძალა და მერე სამლოცველო გახდა. 3-4 კაცი მიდიოდა ისედაც“, - ამბობს სოფელ მოხის მკვიდრი მერაბ წულუკიძე. მუსლიმები ორშაბათს, 11 მარტს დაგეგმილ შეხვედრას ელოდებიან ამ დაძაბულობის განსამუხტად, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას და ორივე კონფესიის წარმომადგენლებს შორის უნდა გაიმართოს.

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის განმარტებით, სადავო სახლი, სადაც მეჩეთი ფუნქციონირებს, თავიდან სკოლა-პანსიონი იყო, რომელიც მას შემდეგ გაუქმდა, რაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაწერა დასკვნა, რომ ობიექტი ვერ აკმაყოფილებდა კვებისთვის საჭირო სტანდარტებს.

„მეჩეთის გახსნას სხვა დანიშნულება აქვს და სხვა სახის ნებართვები ჭირდება. როდესაც პრობლემა დადგა, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბიუჯეტიდან მივცემდით 50 ათასამდე ლარს და ისინი სამართლიანი გზით შეიძენდნენ სახლს ან ააშენებდნენ მეჩეთს იქ, სადაც ამის საჭიროება იყო.

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი

მზაობა იყო ორივე მხრიდან, მაგრამ როდესაც მოვითხოვე დოკუმენტაცია საჭირო ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად, გაირკვა, რომ რელიგიის სააგენტოში აღნიშნული შპს არ იყო დაფიქსირებული. სააგენტოს კი თანხის ჩარიცხვა, შესაბამისი ნებართვების საფუძველზე, მხოლოდ მუსლიმთა სამმართველოსთვის შეეძლო“, - ამბობს მერი და ამატებს, რომ მამუკა ვაშაყმაძე სახელმწიფოსგან პირად ანგარიშზე ითხოვდა მეჩეთისთვის საჭირო თანხების ჩარიცხვას. გოჩა ქიმაძის თქმით, ამის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ სახლში მხოლოდ თავად ილოცებდა და შენობას მეპატრონე მეჩეთის დანიშნულებით არ გამოიყენებდა. თავდაპირველად, პირობას ორივე მხარე იცავდა, მაგრამ შეთანხმება დაირღვა.

,,ბოლო შეთანხმება ასეთია: ორშაბათს მოვლენ, სადაც მათ ექნებათ მზაობა იმისა, თუ როგორ დავიწყოთ პრობლემის მოგვარება. მართლმადიდებელი მრევლის პოზიცია ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იცხოვროს მერაბ მიქელაძემ, მაგრამ შენობა იყოს საცხოვრებელი სახლი და მკაცრად გაიწეროს, რომ მეჩეთის სტატუსი მას არ მიეცემა. მეორე ნაწილი კი უნდობლობას გამოხატავს მომხდარის გამო და ითხოვს, რომ სახლი შეიძინოს მერიამ. თანხა მისცეს მეპატრონეს, იმ თანხით კი მეჩეთის აშენება იქ მოხდეს, რომელ სოფელშიც ამის საჭიროებაა“, - აცხადებს ადიგენის მერი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუსლიმი მრევლის უმრავლესობა ძირითადად ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს - დაახლოებით 1500 კომლი. ადიგენის მუნიციპალიტეტში 7 მოქმედი მეჩეთია. რელიგიის საკითხების მკვლევრები ამბობენ, რომ ამ რეგიონში ქართველი მუსლიმების დევნა განგრძობადი ხასიათისაა და შემაშფოთებელ ფორმებს იღებს.

XS
SM
MD
LG